ტრანსგენდერთა ხსოვნის ეროვნული დღე: ის, რაც არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს

banner2014 წლის 10 ნოემბერს ტრანსგენდერი ქალი – საბი ბერიანი სასტიკად მოკლეს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სასამართლომ კი არასათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილებით ბრალდებული გაამართლა. 

2016 წელს ბიანკა შიგუროვა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

2017 წელს ზიზი შეყილაძე სასტიკად მოკლეს.

2014-2017 წლები განსაკუთრებით მძიმე და ტრაგიკული იყო ტრანსგენდერი ადამიანებისთვის და ლგბტქ+ თემისთვის. ვგლოვობდით მოკლულ ქალებს, ვბრაზობდით უმოქმედო და უსამართლო სისტემაზე, ვეძებდით გამოსავალს, ვცდილობდით ამ ტრაგედიასთან გამკლავებას.

საბი ბერიანის მკვლელობა იყო ის, რამაც ლგბტქ+ აქტივისტს ბარტ ნიკოლო ღვინიაშვილს საქართველოში 10 ნოემბრის ტრანსგენდერთა ხსოვნის ეროვნულ დღედ გამოცხადების იდეა გაუჩინა. ეს არის დღე, როცა ლგბტქ+ თემი და მისი მხარდამჭერები საბი ბერიანის ხსოვნას პატივს მიაგებენ და აგრეთვე იხსენებენ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის სხვა მსხვერპლებს საქართველოში. 

ახლა 2023 წელია და ტრანსგენდერი თემი ისევ არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. ძალადობა, სიძულვილი, დისკრიმინაცია, სიღარიბე, დაუცველობა და ამით გამოწვეული მასობრივი მიგრაცია თემის ყოველდღიურობაა.

გასული 9 წლის არსებული რეალობის გასაანალიზებლად, ბარტს ვესაუბრეთ და რამდენიმე კითხვა დავუსვით:

9 წელი გავიდა საბი ბერიანის მკვლელობის შემდეგ. რა შეიცვალა და შეიცვალა თუ არა რამე ამ 9 წელში ტრანსგენდერი ადამიანების უსაფრთხოების და სიკვდილიანობის მაჩვენებლებში?

საბი იყო ჩემთვის პირველი ჩემი გოგოებიდან, რომელიც ძალადობრივად მოკლეს. ჩანახატიც მაქვს ამის შესახებ. ყოველწლიურად, როცა 10 ნოემბერი ახლოვდება, მიცოცხლდება ეს ტკივილი და ყოველთვის იმავენაირად განვიცდი.

თუმცა ამ 9 წელში ბევრი რამ შეიცვალა. თუნდაც იმიტომ, რომ 80% იმ ტრანსგენდერებისა, ვისაც ვიცნობ, ქვეყნიდან წასულია. გარდა ამისა, ბევრი ტრანსგენდერი ქალი გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი, მაგალითად გაბრიელა, მადონა, მირანდა. მათმა საჯაროობამ და იმის ჩვენებამ, რომ მხოლოდ კესარია არ არის ტრანსგენდერი ქალი, საქართველოში გარკვეულწილად შეცვალა ხილვადობის ხარისხი. ამას ისიც ემატება, რომ ადრე თუ მაგალითად ტრანსგენდერი სექსმუშაკი ქალები ძირითადად ქუჩაში იდგნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ მათზე ძალადობა და მათი შეურაცხყოფა ბევრად უფრო ხშირი იყო, დღეს ისინი ძირითადად სახლებში მუშაობენ, რაც ასევე ამცირებს მათ მიმართ ძალადობის ალბათობას. და შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ ისევ ისეთივე სიტუაციაა, როგორიც, მაგალითად, 5-7 წლის წინ იყო, მაგრამ უსაფრთხო გარემო მაინც არ არის.

განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დგანან ტრანსგენდერი სექსმუშაკები – როგორ ფიქრობთ, უწყობს თუ არა ამას ხელს ის, რომ სექსსამუშაო არ არის დარეგულირებული საქართველოში და კანონი ვერ ხედავს სექს მუშაკების საჭიროებებს?

სიმართლე რომ გითხრათ, მე ვერ წარმომიდგენია ეს როგორ უნდა დარეგულირდეს საქართველოს რეალობაში. არ ვიცი სხვა ქვეყნებში როგორ არის, მაგრამ საქართველოში ამის დარეგულირება ისე რომ უსაფრთხო იყოს სექსსამუშაო გოგოებისთვის, ვერ წარმომიდგენია. რეგულირება, დიდი ალბათობით, გამოიწვევს კლიენტების სიმცირეს, რაც როგორც ვიცით, ამ ქალების ფინანსურ კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახება, რადგან მათი შემოსავლის ძირითადი წყარო სწორედ სექსსამუშაოა. ამ საკითხის კანონის ჩარჩოებში მოქცევა რაღაც კუთხით კარგია, მაგრამ რაღაც კუთხით ასევე შესაძლოა დააზიანოს თემი. თუმცა, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს ძალიან კარგი იქნება, ცხადია. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ქალები, მე ვისაც ვიცნობ, რომლებიც ქუჩაში დგანან სექსსამუშაოს დროს, უპრობლემოდ რეკავენ პოლიციაში ძალადობის შემთხვევების დროს. პოლიციელები, ყველა არა, მაგრამ ზოგიერთი მათგანი, საკმაოდ გულისხმიერად ეკიდებიან თავიანთ საქმეს ტრანსგენდერ ქალებზე ძალადობის საკითხებთან მიმართებით. მაგალითად, ერთ-ერთ პოლიციელს თანასწორობის ჯილდოც აქვს მიღებული.

თქვენი აზრით, რა არის ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც: 1. ტრანსგენდერი ადამიანები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ძალადობისა და მკვლელობის მიმართ და 2. სახელმწიფო წლების განმავლობაში ახერხებს ამ პრობლემის უგულებელყოფას?

მე ვერ ვიტყოდი, რომ ტრანსგენდერი ადამიანები არიან განსაკუთრებით მოწყვლადები, ამას ტრანსგენდერ ქალებზე დავაკონკრეტებდი. გამომდინარე იქიდან, რომ ტრანსგენდერ კაცებს მეტ-ნაკლებად უფრო მარტივად შეუძლიათ საზოგადოებაში თავიანთი გენდერული იდენტობის დამალვა. ხოლო ტრანსგენდერი ქალები იმიტომ არიან უფრო მოწყვლადები, რომ საზოგადოება ზოგადად ქალების მიმართ არის ძალადობრივად განწყობილი და შესაბამისად ის, რომ ვიღაც კაცად დაიბადა და ამაზე უარს ამბობს და ქალობას ამჯობინებს, ორმაგად უფრო მიუღებელია საზოგადოებისთვის. საზოგადოება ასე ხედავს კაცებს, რომ ის რაღაც უფრო მაღალ საფეხურზე დგას, ვიდრე სხვა ყველა, შესაბამისად, ამაზე უარის თქმა და ქალობის ,,არჩევა”, უპატიებელია. მაგალითად, რომ დააკვირდეთ, ტრანსგენდერი კაცების მიმართ როგორ სახელებს იყენებენ: ,,მათე ბიჭი” და ა.შ. ტრანსგენდერ ქალებს კიდევ ათას საშინელებას ეძახიან. რეალურად, მოცემულობა ხომ ერთი და იგივეა? რა მნიშვნელობა აქვს ადამიანი ტრანსგენდერი ქალია თუ ტრანსგენდერი კაცი? მაგრამ საზოგადოებისთვის ეს ასე სულაც არ არის.

რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს მე ვერც იმას ვიტყოდი, რომ სახელმწიფო უგულებელყოფას ახერხებს ამ პრობლემების. არა, სახელმწიფოს უბრალოდ არ სჭირდება თემის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება, თუნდაც იმიტომ, რომ ყველა არჩევნების წინ, ჩვენ ვართ მათი მთავარი სამიზნე და მანიპულაციის ობიექტები. და ამას თუ მოაგვარებს, მერე ვისით იმანიპულირებს?

ვის შეუძლიათ მიმართონ დასახმარებლად იმ ტრანსგენდერმა ადამიანებმა, ვინც ძალადობის მსხვერპლია?

ტრანსგენდერი ადამიანების ძალადობისგან დაცვაზე ძირითადად მუშაობენ ლგბტქ+ ორგანიზაციები. ასეთი ხუთი ორგანიზაციაა: ,,თანასწორობის მოძრაობა”, ,,თბილისი პრაიდი”, ,,WISG”, ,,თემიდა” და ,,იდენტობა”. 

რა შეიძლება გაკეთდეს ტრანსგენდერი ადამიანების მკვლელობების პრევენციისთვის?

არ ვიცი, სიმართლე გითხრათ. 2014 წელს მოკლეს საბი, საშინლად. 2015 წელს ბიანკა დაიღუპა გაურკვეველ გარემოებებში – გაზით იყო გაგუდული და სამი დღის შემდეგ იპოვეს. თუთიყუში, რომელიც მასთან ცხოვრობდა, სახლში არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი დაკეტილი იყო, ეს ცოტა საეჭვოა. შემდეგ ყელი გამოჭრეს ზიზის. აი ეს სამი წელი იყო ძალიან მძიმე: ყოველ წელს მიყოლებით ერთ ტრანსგენდერ ქალს კლავდნენ. მერე არ ვიცი, საზოგადოების ცნობიერება გაიზარდა, ხალხმა დაიწყო ამაზე ლაპარაკი, ფემიციდიც ძალიან აქტუალური გახდა და ამიტომ აღარ ხდება ასეთი რაღაცები თუ რა შეიცვალა კონკრეტულად ამ კუთხით, მაგრამ ასეთი ტრაგიკული მდგომარეობა ახლა არ არის. პრევენციის სახით, აუცილებელია, რომ თანასწორად ისჯებოდეს ყველა, ვინც ადამიანს კლავს. საქართველოში ეს ასე არ ხდება. ფემიციდის შემთხვევაშიც, საზოგადოება იწყებს მსხვერპლის დადანაშაულებას. მე ვფიქრობ, რომ იმის განცდა, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, დაისჯები, შეამცირებს ძალადობის მაჩვენებელსაც და მკვლელობის პრევენციაც იქნება. რადგან საზოგადოების აღქმაზეც იმოქმედებს ეს. 

მაგალითად, თქვენ როგორ ფიქრობთ, 2013 წლის 17 მაისს რაც გააკეთა ამ ბრბომ, 100 ლარად უნდა გამოეშვათ მოსამართლეებს? ეს არის ის, რაც იწვევს დაუსჯელობის სინდრომს. საბის და ზიზის შემთხვევაშიც იგივე მოხდა ზუსტად.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, რომელიც ჩადენილია სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის ნიშნით, დამამძიმებელი გარემოებაა – რამდენად ხშირად ვხვდებით ამ კანონის აღსრულებას პრაქტიკაში?

რეალურად, ამას თითქმის არსად არ ვხვდებით. საბის და ზიზის შემთხვევაში ეს არ აღსრულებულა. სისგენდერი ქალების მკვლელობის დროსაც არ სრულდება-ხოლმე. ესაა სწორედ უთანასწორობა, რომ არ ვაღიარებთ, რომ ვიღაც იმიტომ მოკლეს, რომ ქალი იყო.

როგორც ვიცით, ტრანსგენდერ ადამიანებში თვითმკვლელობის ან თვითმკვლელობის მცდელობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. რა არის ამის გამომწვევი ძირითადი მიზეზები და რა გზები არსებობს მათი პრევენციისთვის?

რეალურად, ის, რის გამოც, ზოგადად თემის წევრი ადამიანები თავს იკლავენ, არის საზოგადოების დამოკიდებულება მათ მიმართ. ამას ემატება ის, რომ მშობელს შეიძლება უყვარდეს თავისი შვილი, მაგრამ საზოგადოების შიშით, ვერ იღებდეს მას ისეთს, როგორიც არის და ცდილობდეს მის შეცვლას, გამოსწორებას და ა.შ. 

წარმოიდგინეთ, თქვენ რომ დაგამწყვდიონ ერთ ოთახში მთელი ცხოვრება და ეს ოთახი იყოს თქვენთვის საძაგელ ფერად შეღებილი, ხომ ყველანაირად ეცდებოდით, ამ ოთახიდან თავის დაღწევას?

დამატებით, გარემო ზემოქმედებს თქვენს ფსიქიკაზე მძიმედ, ფიზიკურ ზემოქმედებას რომ თავი დავანებოთ. ეს ყველაფერი რა ფიქრებს და განცდებს გამოიწვევდა თქვენში? გექნებოდათ თუ არა სურვილი იმისა, რომ რაც შეიძლება მალე დაგეღწიათ თავი ამ ამ მდგომარეობიდან? –  რა თქმა უნდა, გექნებოდათ. 

ტრანსგენდერი ადამიანების თვითმკვლელობის მიზეზი ის კი არ არის, რომ ისინი სხვის სხეულში დაიბადნენ, დღესდღეობით უამრავი საშუალება არსებობს იმის, რომ ტრანსგენდერმა ადამიანებმა თავიანთი სხეული ჰარმონიაში მოიყვანონ თავიანთ შინაგან მესთან. მაგრამ იმ ყველაფერთან გამკლავებას, რასთან გამკლავებაც უწევთ მათ ამ გზაზე, ზემოდან ემატება და გხუთავს ის, რომ ოჯახი არ გიდგას გვერდით, მარტო ხარ. მეტიც, პირიქით, შენ წინააღმდეგაა და საზოგადოების მხარეს იჭერს ის, ვისაც უნდა უყვარდე. მოკლედ, ძალიან დიდი როლი და მნიშვნელობა აქვს ოჯახის მხარდაჭერას. თუ ოჯახი გვერდით გიდგას, ყველაფრის გადალახვა შესაძლებელია, ეს ბრძოლა ისეთი მტკივნეული აღარ არის. თვითმკვლელობის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს, მაგრამ მე რაც ვიცი და როგორც ვიცი, ეს არის ძირითადი მიზეზი.

ამ რეალობის ფონზე, აუცილებელია, ზუსტად გვესმოდეს, რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სახელმწიფო უზრუნველყოფდეს ყველა მოქალაქის უსაფრთხოებას და თანასწორ უფლებრივ გარემოს, ავითარებდეს ინტერსექციურ მიდგომებს და გრძნობდეს პასუხისმგებლობას თითოეული ჩვენგანის მიმართ.

გადაწყვეტილებები, როგორიც, მაგალითად, ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმიდან სოგის (სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა) ნიშნის გაქრობაა, ქმნის გარემოს, სადაც დაუსჯელობის სინდრომი, ძალადობის ნორმალიზება და ტრანს და ქვიარ ადამიანების სპეციფიკური გამოწვევების უგულებელყოფა ჩვეულებრივი მოვლენა ხდება.

რეალურად კი, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფოს არც ერთი უკან გადადგმული ნაბიჯის ფუფუნება არ აქვს, რადგან თითოეული ასეთი ნაბიჯი მოწყვლადი ჯგუფების სხეულებსა და სიცოცხლეზე გადის.

Comments are closed.