“ზოგიერთი ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმა” – თბილისი პრაიდის განცხადება

სახელმწიფო, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე წინ მიიწევს, ადამიანის უფლებების დაცვას სრული სერიოზულობით უნდა ეკიდებოდეს. სამწუხაროდ, 31 ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ წამოწყებული მორიგი ფსევდო-დემოკრატიული პროცესი ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული დოკუმენტების გარშემო, წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებების პრინციპებთან და ევროკომისიის რეკომენდაციებთან. 

8 ნოემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში, ევროკომისია წერს, რომ საქართველომ უნდა მიიღოს ადამიანის უფლებათა ინკლუზიური სამოქმედო გეგმა, რომელიც დაიცავს თითოეული მოქალაქის, მათ შორის ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარი ადამიანების უფლებებს. საქართველომ ასევე უნდა უზრუნველყოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება თითოეული მოქალაქისთვის. 

გაზაფხულზე დამტკიცებული დისკრიმინაციული ეროვნული სტრატეგიის (2022-2030) შემდეგ, განსაკუთრებით კი იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლების მხრიდან სიძულვილზე დაფუძნებული რიტორიკა და ქმედებები დღითი-დღე ძლიერდება, არ გაგვკვირვებია სამწლიანი სამოქმედო გეგმიდანაც ლგბტქ ადამიანების მიზანმიმართული ამოშლა. მაშინ, როდესაც კვლავ ელემენტარული უფლებებისთვის გვიწვევს ბრძოლა, “ქართული ოცნება” ჰომოფობიისა და ტრანსფობიის ინსტიტუციონალიზაციას უწყობს ხელს, რითაც ცდილობს გადაფაროს რეალური პრობლემები, რომლის წინაშეც ჩვენი სახელმწიფო და საზოგადოება დგას. ხელისუფლება აწარმოებს რეგრესულ, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვაზე დაფუძნებულ პოლიტიკას და პირდაპირ უარს ამბობს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვაზე. 

გვჯერა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე ვიმსახურებთ თანასწორ, დისკრიმინაციისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრებას. ქვიარ ადამიანების უფლებები უნდა იყოს ისევე დაცული, როგორც ყველა სხვა ადამიანის უფლებები. ველით უფლებადამცველების, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის, მედიის წარმომადგენლების, ხელოვანების, საზოგადოების ფართო ჯგუფების მხრიდან პრინციპულ, თანმიმდევრულ და მკაცრ პოზიციას ჩვენი გარიყვის მორიგ, უკიდურესად მავნე მცდელობაზე. ჯერ კიდევ არის შანსი, რომ ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის საბოლოო რედაქციაში დავაბრუნოთ ლგბტქ ადამიანები და ვაქციოთ ის ინკლუზიურ, ადამიანის უფლებებისა და ევროინტეგრაციის პრინციპების შესაბამის დოკუმენტად.

Comments are closed.