ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანებისთვის ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა სასიცოცხლოდ აუცილებელია როგორც პიროვნული კეთილდღეობისთვის, ისე მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისა და აღიარებისთვის. ოჯახის მხარდაჭერა ლგბტქ+ ადამიანებს აძლევს მნიშნველოვან ძალას, გაუმკლავდნენ ჰომოფობიურ გარემოს და ცხოვრების გზაზე არსებულ მრავალგვარ დაბრკოლებებს.
სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ლგბტქ+ წევრებისთვის ოჯახში უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემოს შექმნას ყოველდღიურად ვცდილობდეთ. ამას შეიძლება რამდენიმე გზით მივაღწიოთ: მივიღოთ ცოდნა და ინფორმაცია ადამიანის გენდერისა და სექსუალობის შესახებ, ვისწავლოთ სწორი ტერმინები, ვიმოქმედოთ ლგბტქ+ უფლებების დასაცავად, დავუპირისპირდეთ დისკრიმინაციასა და არაჯანსაღ დამოკიდებულებებს და სხვ. გახსოვდეთ, რომ ოჯახის ყველა წევრი იმსახურებს სიყვარულს, პატივისცემასა და მხარდაჭერას, გენდერული იდენტობისა თუ სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად.
ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ლგბტქ+ ადამიანებისთვის მხარდამჭერი და უსაფრთხო გარემოს შექმნას ერთ დღეში ვერ მოვახერხებთ და ეს სავსებით ნორმალურია, რადგან ამ პროცესში გვიწევს გავუძლოთ საზოგადოებრივ წნეხს, ჰომოფობიასა და მტრულ გარემოს. თუმცა, გჯეროდეთ, რომ თქვენი ოჯახის წევრის სიყვარული და მის მიმართ პატივისცემა ამ ყველაფერთან გამკლავების ძალას მოგცემთ. ამ გზის წარმატებით გავლისთვის უმთავრესია, რომ ცოდნის მიღება და საკითხის ირგვლივ კომუნიკაცია განგრძობითი პროცესი იყოს და ყოველთვის იყოთ მზად მეტის გასაგებად. იმაში, რომ ცხოვრების ამ, საკმაოდ რთულ, ეტაპზე მარტო არ იყოთ, ამაყი ოჯახების პროექტიც დაგეხმარებათ, სადაც შეხვდებით სხვა ქვიარ ადამიანების ოჯახის წევრებს და მათთან გამოცდილებისა გაზიარებით, სხვადასხვა პროფესიონალის ჩართულობითა და მხარდაჭერით უფრო მეტად გაძლიერდებით.
ასევე ძალიან გამოგადგებათ გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ირგვლივ საბაზისო ინფორმაციის ფლობაც:
გენდერული იდენტობის საბაზისო საკითხები
გენდერული იდენტობა აღნიშნავს ადამიანის მიერ საკუთარი გენდერის შინაგან შეგრძნებას და იმას, ემთხვევა თუ არა ეს შეგრძნება დაბადებისას მინიჭებულ სქესს. ადამიანის გენდერული იდენტობა შესაძლოა ჯდებოდეს ბინარულობაში (ორი გენდერიდან ერთ-ერთი: ქალი ან კაცი), მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ არაბინარული (ტრადიციული ორი გენდერის მიღმა) ან ფლუიდური (ცვალებადი) იყოს. მიუხედავად იმისა, რომ გენდერული იდენტობა ბიოლოგიური სქესისგან განსხვავდება, მასზე გავლენას ახდენს ბიოლოგიური, გარემო და საზოგადოებრივი ფაქტორები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატივი ვცეთ და მივიღოთ ადამიანის გენდერული იდენტობა განურჩევლად იმისა, ჯდება თუ არა ის საზოგადოებრივ ნორმებსა და მოლოდინებში.
არასწორი წარმოდგენები
სამწუხაროდ, გენდერული იდენტობის ირგვლივ ბევრი არასწორი და დამაზიანებელი წარმოდგენა არსებობს. მაგალითად ის, რომ გენდერული იდენტობა არჩევანი ან ფაზაა, რომელიც გადაივლის. კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანებს აქვთ ღრმად გამჯდარი გენდერული იდენტობის შეგრძნება, რომლის შეცვლაც ან ,,გამოსწორებაც” შეუძლებელია. კიდევ ერთი არასწორი წარმოდგენაა ისიც, რომ თითქოს გენდერული იდენტობა სრულად დამოკიდებულია მის ფიზიკურ გამოვლინებაზე ან სექსუალურ ორიენტაციაზე, როცა, რეალურად, ეს თითოეული ჩვენგანის პიროვნების კომპლექსური და მრავალწახნაგოვანი ასპექტია.
კიდევ ერთი არასწორი წარმოდგენა გენდერის ბინარულობაა (Სიტყვა “ბინარული” ლათინური სიტყვიდან binarius მოდის და ორმაგს, ორი ნაწილისაგან შემდგარს ნიშნავს). ანუ ის, რომ მხოლოდ ორი გენდერი არსებობს – ქალი და კაცი. თუმცა რეალურად, გენდერული იდენტობა სპექტრია და ზოგიერთი ადამიანი თავს არც ქალად მიიჩნევს და არც კაცად, ზოგიერთი კი მასში ორივე გენდერს გრძნობს.
იმისათვის, რომ უკეთ გვესმოდეს გენდერული იდენტობის მრავალფეროვნება, რამდენიმე მათგანს შეგვიძლია გავეცნოთ:
- სისგენდერი: ადამიანი, რომლის გენდერული იდენტობაც დაბადებისას მინიჭებულ ბიოლოგიურ სქესთან თანხვედრაშია;
- ტრანსგენდერი: ადამიანი, რომლის გენდერული იდენტობაც დაბადებისას მინიჭებული სქესისგან განსხვავებულია;
- არაბინარული: ადამიანები, რომლებიც არაბინარული გენდერული იდენტობის მქონედ იდენტიფიცირდებიან, უარყოფენ ტრადიციულ ქალი/კაცი ბინარულობას და საკუთარ თავს შესაძლოა აღიქვამდნენ, როგორც ამ ორი გენდერის ნარევს, ან არც ერთს, ან კიდევ, სრულიად სხვა გენდერს.
სექსუალური ორიენტაციის საბაზისო საკითხები
უპირველესად, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ სექსუალური ორიენტაცია გენდერული იდენტობა ერთი და იგივე არ არის. სექსუალური ორიენტაცია მიემართება ადამიანის რომანტიკულ ან/და სექსუალურ მიზიდულობას სხვა ადამიანების მიმართ, მაშინ, როცა გენდერული იდენტობა ადამიანის მიერ საკუთარი გენდერის შეგრძნებაა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ: გენდერი არის ის, თუ ვინ ვართ ჩვენ, ხოლო სექსუალური ორიენტაცია არის ის, თუ ვინ მოგვწონს/გვიზიდავს/გვიყვარს.
შესაძლებელია, რომ, ადამიანი იდენტიფიცირდებოდეს, მაგალითად, როგორც ტრანსგენდერი და ასევე იყოს ჰეტეროსექსუალი, ბისექსუალი ან ნებისმიერი სხვა სექსუალური ორიენტაციის მქონე.
სექსუალური ორიენტაცია მიზიდულობებისა და იდენტობების მრავალფეროვანი სპექტრია. მათგან ყველაზე ხშირად ვხვდებით:
- ჰეტეროსექსუალი: ადამიანი, რომელსაც რომანტიკულად და/ან სექსუალურად იზიდავს საკუთარისგან განსხვავებული გენდერული იდენტობის მქონე ადამიანები;
- გეი: კაცი, რომელსაც რომანტიკული ან/და სექსუალური მიზიდულობა აქვს კაცების მიმართ;
- ლესბოსელი: ქალი, რომელსაც რომანტიკული ან/და სექსუალური მიზიდულობა აქვს ქალების მიმართ;
- ბისექსუალი: ადამიანი, ვისაც ერთზე მეტი გენდერი იზიდავს. ეს მიზიდულობა შესაძლოა იყოს ფლუიდური (ცვალებადი) და გენდერებს შორის თანაბრად არ იყოს განაწილებული;
- პანსექსუალი: პანსექსუალობა მოიცავს მიზიდულობას ადამიანების მიმართ, განურჩევლად მათი გენდერისა. პანსექსუალებს იზიდავთ ადამიანები მათი ემოციური, ინტელექტუალური ან სხვა ფაქტორების მიხედვით და გენდერს მნიშვნელობა არ აქვს;
- ასექსუალი: ასექსუალობა ხასიათდება სხვების მიმართ სექსუალური მიზიდულობის ნაკლებობით. ასექსუალი ადამიანები შესაძლოა გრძნობდნენ რომანტიკულ მიზიდულობას და ჩამოაყალიბონ ღირებული ურთიერთობები;
- ქვიარი: ქვიარი ქოლგა ტერმინია და თავის თავში აერთიანებს სექსუალურ ორიენტაციათა იმ ჯგუფებს, რომლებიც ტრადიციულ კატეგორიებში არ ჯდება.
გაგებისა და მიღების მნიშვნელობა
განსხვავებული გენდერული იდენტობებისა და სექსუალური ორიენტაციების გაგება და მიღება არის ფუნდამენტი ოჯახის წევრების ჭეშმარიტი სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. ლგბტქ+ საკითხების მრავალფეროვნების გააზრება გვეხმარება ხელი შევუწყოთ ჩვენი ოჯახის ქვიარ წევრების კეთილდღეობას და მეტად ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესს.
გარდა ამ მიზეზებისა, ამ საკითხების ირგვლივ მეტი ინფორმაციის ფლობა და ღიაობა მნიშვნელოვანია:
- უსაფრთხო სივრცის შესაქმნელად. – ოჯახის წევრების განსხვავებული გამოცდილებების აღიარება და პატივისცემა ქმნის გულწრფელი კომუნიკაციისთვის საჭირო უსაფრთხო სივრცეს. ეს სივრცე ოჯახის წევრებს უფლებას აძლევს, გამოხატონ საკუთარი თავი განსჯისა და უარყოფის შიშის გარეშე;
- მენტალური ჯანმრთელობის ხელშესაწყობად. – ოჯახის წევრებისგან დანახული მიმღებლობა, მხარდაჭერა და სიყვარული გადამწყვეტ როლს თამაშობს მენტალური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის თვალსაზრისით ლგბტქ+ ადამიანებში.
- ოჯახური კავშირების გასაძლიერებლად. – მრავალფეროვნების მიღება აძლიერებს ოჯახის წევრებს შორის კავშირს, ემპათიას, თანაგრძნობას და ერთმანეთის ბედნიერებისთვის თავდადების მოტივაციას. როდესაც ოჯახები აქტიურად არიან ჩართულები თავიანთი ლგბტქ+ წევრის ცხოვრებაში, უფრო ძლიერიდა მედეგი ურთიერთობების საფუძველი იქმნება;
- საზოგადოებრივი ცვლილების ხელშესაწყობად. – ოჯახი სოციუმის მიკრო ვერსიაა და მრავალფეროვნების მიღებით, თითოეული ოჯახი ხელს უწყობს უფრო ინკლუზიური და თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბებას.