შიდსი და ჰომოფობიით ნაკვები ეპიდემია: რა უნდა ვიცოდეთ?

01

1980-90-იან წლებში ჯერ ამერიკა, შემდეგ კი დანარჩენი მსოფლიოი აივ-ისა და შიდსის ეპიდემიმ მოიცვა. ვირუსის აღმოჩენიდან დღემდე 70 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა აივ-ით, ხოლო დაახლოებით 25 მილიონი შიდსით გარდაიცვალა.

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ 1980 წლამდე დაახლოებით 100 000-300 000 აივ დადებითი ადამიანი ცხვრობდა მსოფლიოს მასშტაბით. ანუ, მანამ, სანამ აივ ინფექცია მედიცინისთვის ცნობილი გახდებოდა. მიჩნეულია, რომ აივ-1, ვირუსის ყველაზე გავრცელებული ფორმა, შიმპანზეებიდან ადამიანზე არაუგვიანეს 1930 წელს გადმოვიდა, როცა შიმპანზეებზე ნადირობისას მონადირეები ცხოველის სისხლთან კონტაქტით დაინფიცირდნენ.

მკვლევრებმა აივ-ი მოგვიანებით აღმოაჩინეს სისხლის ძველ ნიმუშებში. ერთი ნიმუში ჯერ კიდევ 1959 წელს იყო აღებული კაცისგან, რომელიც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში  ცხოვრობდა. გენეტიკურმა მოკვლევამ აჩვენა, რომ აივ-ი აშშ-ში 1970-იან წლებში შევიდა, თუ უფრო ადრე არა. 

1 დეკემბერი შიდსის მსოფლიო დღეა და ეს დღე აივ ინფექციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სტიგმის შემცირებასა და აივ დადებითი ადამიანებისთვის ღირსეული, სტიგმისგან თავისუფალი საცხოვრებელი გარემოს შექმნას ემსახურება.

ამ სტატიაში ვეცდებით მოკლედ გაგაცნოთ შიდსის ეპიდემიის ისტორია, მოგიყვეთ ჰომოფობიით განპირობებულ თავიდან არიდებად ზიანზე, თანამედროვე მედიცინის მიგნებებზე და, რაც მთავარია, დაგარწმუნოთ იმაში, რომ აივ დადებითობა განაჩენი არ არის. სტატიის ბოლოს კი რამდენიმე დიდებულ სერიალსაც გირჩევთ, რომლებიც დაგეხმარებათ, მეტი გაიგოთ აივ ინფექციისა და შიდსის ეპიდემიის შესახებ.

 

რა არის აივ?

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) არის ვირუსი, რომელიც თავს ესხმის იმუნურ სისტემას, კონკრეტულად CD4 უჯრედებს.

ვირუსი გადამდებია სხეულის ისეთი სითხეებით, როგორიცაა: სისხლი, სპერმა, ვაგინალური სითხეები, ანალური სითხეები და ძუძუს რძე. ისტორიულად, აივ-ი ყველაზე ხშირად დაუცველი სექსით, ნარკოტიკების მოხმარებისას საერთო ნემსის გამოყენებითა და დაბადებისას, დედიდან ნაყოფზე, ვრცელდებოდა.

 

აივ-ის ნაწილაკები სისხლის მიმოქცევაში, კომპიუტერული სიმულაცია. წყარო: https://www.newscientist.com/
აივ-ის ნაწილაკები სისხლის მიმოქცევაში, კომპიუტერული სიმულაცია.

დროთა განმავლობაში აივ-ი იმდენ CD4 უჯრედს ანადგურებს, რომ ორგანიზმს აღარ შეუძლია ინფექციებთან და დაავადებებთან ბრძოლა, შედეგად კი აივ-ის ყველაზე მძიმე ფორმა, ადამიანის იმუნოდეფიციტის სინდრომი, იგივე შიდსი ყალიბდება. შიდსით დაავადებული ადამიანის სხეული განსაკუთრებით მოწყვლადია კიბოსა და სხვა, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი, ინფექციების, მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ აივ-ის ან შიდსის სრულად განკურნების გზა ჯერჯერობით არ არსებობს, თანამედროვე მედიკამენტების დახმარებით მისი მართვა ისეა შესაძლებელი, რომ აივ სტატუსი ადამიანის სიცოცხლის ხარისხზე შესაძლოა საერთოდ არ აისახოს.

2019 წელს სამედიცინო ჟურნალ ლანცეტში გამოქვეყნებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ ანტირეტროვირუსულმა მკურნალობამ ეფექტურად შეაჩერა აივ-ის გავრცელება.

 

სტიგმა

საპროტესტო აქცია ნიუ იორკის მერიის შენობასთან. ტექსტი მონაწილის ტრანსპარანტზე: ,,ებრძოლეთ შიდსს და არა გეებს”

1982 წელს ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლება დაავადებას GRID (Gay-related Immune Deficiency – გეობასთან დაკავშირებული იმუნოდეფიციტი) დაარქვეს იმ რწმენით, რომ ეს ინფექცია მხოლოდ კაცებთან სქესობრივ კავშირში მყოფ კაცებს გადაედებოდათ. შედეგად, საზოგადოებამ მანამდე უკვე არსებული უარყოფითი დამოკიდებულება ქვიარ ადამიანების მიმართ პირდაპირ დაუკავშირა ვირუსს. უფრო კონკრეტულად, მსჯელობა ასე წარიმართებოდა: აივ-ი არის ვირუსი, რომელიც გეი ადამიანებმა საკუთარ თავს დამართეს ,,რისკიანი” და ,,არაბუნებრივი” სექსუალური ქცევით.

ამ არასწორი წარმოდგენის გაქარწყლება 1983 წლიდანვე დაიწყო, როცა აივ დადებითი კაცების ქალ პარტნიორებშიც აღმოაჩინეს ვირუსი და მიხვდნენ, რომ აივ-ის რისკის წინაშე ყველა იდგა. მიუხედავად უამრავი მტკიცებულების არსებობისა, რომ შიდსი და სექსუალური ორიენტაცია არავითარ პირდაპირ კავშირში არ იყვნენ ერთმანეთთან, წლების განმავლობაში დაავადების გავრცელებას ,,გეი ჭირს” ეძახდნენ.

 

 

 

1982 წელს ,,დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC)” გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც ეს დაავადება პირველად მოიხსენიეს, როგორც ,,შიდსი”.

1983 წლის მარტში იგივე ორგანომ დაასახელა კონკრეტული ჯგუფები, რომლებიც აივ-ით დაინფიცირების მაღალი რისკი წინაშე იყვნენ. მედია მოგვიანებით ამ ჯგუფებს ,,4-ჰ კლუბად” მოიხსენიებდა. ესენი იყვნენ:

  • ჰემოფილიით დაავადებულები, რომლებიც სისხლის გადასხმის პროცედურით სარგებლობდნენ;
  • ჰომოსექსუალი კაცები, რომლებშიც ინფიცირების მაჩვენებელი მაღალი იყო;
  • ჰეროინის მომხმარებლები და სხვა ადამიანები, რომლებიც ინექციურ ნარკოტიკებს მოიხმარდნენ;
  • აიტიელი ან წარმოშობით ჰაიტიდან მყოფი ადამიანები, რადგან შიდსის ბევრი შეიმთხვევა სწორედ ჰაიტიში ფიქსირდებოდა.

 

მიუხედავად ყოველწლიურად პროგრესირებადი სამედიცინო კვლევისა და სამეცნიერო მიგნებებისა, საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება შიდსის მიმართ ჰომოფობიით იყო ნაკვები და ქვიარ ადამიანების ზიზღი ასაზრდოებდა. 

  • 1983 წელს, ექიმ ჯოზეფ ზონაბენდს ლიცენზიის შეჩერებით ემუქრებოდნენ, თუ არ შეწყვეტდა აივ დადებითი ადამიანების მკურნალობას. სწორედ ეს იყო პირველი შიდსის ნიშნით დისკრიმინაციის საჩივრის წინაპირობა. 
  • აშშ-ს მასშტაბით დაიხურა აბანოები, იქ შემჩნეული სექსუალური აქტივობისა და მასთან ასოცირებული რისკების გამო. 
  • ზოგიერთი სკოლა აივ დადებით ბავშვებს ტერიტორიაზე არ უშვებდა. 
  • 1985 წელს ამერიკის სისხლის ბანკმა დაიწყო აივ-ის მონიტორინგი და კაცებს, ვისაც კაცებთან ჰქონდათ სქესობრივი კავშირი, არ ჰქონდათ უფლება, სისხლი ჩაებარებინათ. ეს შეზღუდვა 2015 წლამდე არსებობდა. 
  • 1987 წელს ამერიკამ შეზღუდა აივ დადებითი ვიზიტორებისა და მიგრანტების მიღება. ეს შეზღუდვა ბარაკ ობამამ გააუქმა 2010 წელს. 
  • ამერიკის მთავრობა უარს ამბობდა ნემსის გაცვლის პროგრამის (NEPs)  დაფინანსებაზე, ნარკოტიკებთან გამოცხადებული ომის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროგრამა მნიშვნელოვანი იყო აივ-ის გადადების რისკების შემცირებისთვის
  • მკვლევრების გამოთვლებით, ამერიკის მთავრობის ეს ქმედებები ინფიცირების 4394-დან 9666-მდე თავიდან არიდებად შემთხვევაზეა პასუხისმგებელი.

 

დღესდღეობით არსებული მკურნალობისა და პრევენციის გზები

პრეპი – Preexposure prophylaxis (PrEP)

2012 წლის ივლისში FDA-მ დაადასტურა ,,ტრუვადა” – მედიკამენტი წინასწარი პროფილაქტიკისთვის, იგივე პრეპი. პრეპმა სქესობრივი კავშირით ან საერთო ნემსის გამოყენებით აივ-ით ინფიცირების რისკის 90%-ზე მეტით შემცირება აჩვენა. პრევენციის ეს მეთოდი მედიკამენტის ყოველდღიურად მიღებას მოითხოვს.

ვისთვის არის PrEP?

მათთვის:

  • ვინც სექსუალური ხასიათის ურთიერთობაშია აივ დადებით ადამიანთან;
  • ვისაც აქვს სქესობრივი კავშირი ქალებთან და კაცებთან;
  • რეგულარულად ჰყავს სექსუალური პარტნიორები, რომელთა აივ სტატუსის შესახებაც ინფორმაცია არ აქვს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ზემოთ აღნიშნული პარტნიორები ინექციურ ნარკოტიკებს მოიხმარენ;
  • ვისაც ბოლო 6 თვის განმავლობაში ჰქონია ანალური სქესობრივი კავშირი პრეზერვატივის ან სხვა ბარიერული დაცვის მეთოდის გარეშე;
  • ვისაც ბოლო 6 თვეში ჰქონია სგგი (სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები);
  • ვისაც ბოლო 6 თვის განმავლობაში მოუხმარია ინექციური ნარკოტიკები, ყოფილა ჩართული ნარკომომხმარებელთა რეაბილიტაციის პროგრამებში, ან სხვასთან გაუზიარებია ნემსი.

პეპი – Postexposure prophylaxis (PEP)

2005 წელს CDC-მ გამოაქვეყნა გზამკვლევი პეპის, იგივე, პოსტ პროფილაქტიკის მედიკამენტის მოხმარებისთვის. ადამიანებმა, რომლებიც პეპს გამოიყენებენ, ანტირეტროვირუსული მედიკამენტის მიღება შესაძლო ინფიცირების შემთხვევიდან არაუმეტეს 72 საათში უნდა დაიწყონ. მკურნალობის პროცესი 28-30 დღეს გრძელდება და აივ-ით ინფიცირების რისკს 80%-მდე ამცირებს.

 

აივ-ის მკურნალობისა და მართვის პროგრამები საქართველოში

უპირველესად, აუცილებელია აივ-ტესტირება, რათა განისაზღვროს თქვენი აივ სტატუსი. ტესტირებას ლგბტქ+ უფლებადამცველი ორგანიზაცია ,,თანასწორობის მოძრაობა” უფასოდ სთავაზობს ბენეფიციარებს. ტესტირების პროცესში თქვენი ანონიმურობა სრულად დაცულია. 

იმ შემთხვევაში თუ თქვენი აივ სტატუსი დადებითია, ,,თანასწორობის მოძრაობა” ფსიქოლოგის კონკულტაციის სერვისსაც უზრუნველყოფს, რადგან საზოგადოებაში არსებული სტიგმისა და სტერეოტიპული განწყობების გამო, შესაძლოა ამ დიაგნოზის მოსმენა ტრავმატული გამოცდილება იყოს. 

გახსოვდეთ, რომ აივ დადებითობა არ არის განაჩენი. ეს ქრონიკული დაავადებაა, რომლის მართვა ისეა შესაძლებელი, რომ ადამიანის სიცოცხლის ხარისხი აივ უარყოფითობის შემთხვევის მსგავსი იყოს. თანამედროვე მედიცინამ შეიმუშავა ისეთი ანტირეტროვირუსული მედიკამენტები, რომლებიც აივ-ს იმ დონეზე თრგუნავს, რომ მისი დანახვა აივ დადებითი ადამიანის სისხლში თითქმის შეუძლებელია. 

ანტირეტროვირუსული თერაპია, იგივე არვ, აივ-თან ბრძოლის მთავარი მეთოდია და მისი ეფექტურობა უამრავი კვლევითა და მონიტორინგით დასტურდება. საქართველოში არვ თერაპია უფასოა და ამ სერვისს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი უზრუნველყოფს.

 

დიალოგი იწყება პოპ კულტურიდან

1985 წელს მსახიობი როკ ჰადსონი პირველი ცნობილი ადამიანი იყო, რომელმაც განაცხადა რომ შიდსი ჰქონდა. მან 250 000$ შეწირა შიდსის კვლევის ფონდის დაფუძნებას.

1987 წელს პრინცესა დიანამ ხელი ჩამოართვა აივ დადებით კაცს და ამით მას მედიის ყველა საშუალების მთავარ გვერდზე მოხვდა. 

1991 წელს როკ ბენდ ქვინის ვოკალისტი და ლეგენდარული მომღერალი ფრედი მერკური შიდსთან დაკავშირებული დაავადებით გარდაიცვალა. ამის შემდეგ ბევრმა ცნობილმა ადამიანმა დაიწყო მის აივ სტატუსზე ხმამაღლა საუბარი, მათ შორის: ტენისის ვარსკვლავმა ართურ ეშმა, ყოფილმა კალათბურთის ვარსკვლავმა მეჯიქ ჯონსონმა, მსახიობმა ჩარლი შინმა, მსახიობმა და მომღერალმა ბილი პორტერმა, პიანისტმა და მუსიკოსმა ლიბერაჩიმ, არტისტმა კით ჰარინგმა, მომღერალმა ალიშა ქისმა, მწერალმა აიზეკ აზიმოვმა.

 

თითოეული ასეთი ფაქტი მნიშვნელოვნად ცვლიდა საზოგადოებრივ აზრს აივ-ისა და შიდსის ირგვლივ. სწორედ ამიტომ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ პოპ კულტურამ და მისი წარმომადგენლების სიმამაცემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სტიგმის შემცირებასა და შიდსის ირგვლივ სამეცნიერო კვლევების განვითარებაში.

გარდა ცნობილი ადამიანების აქტივიზმისა, თანამედროვე სამყაროში აივ-ზე ცნობიერების ამაღლებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს სერიალებიც. თუ გსურთ უფრო მეტი გაიგოთ მტკივნეული წარსულისა და შიდსის ეპიდემიის შესახებ, რამდენიმე კარგ სერიალს გირჩევთ:

 

Pose – სერიალი ბოლ კულტურის, გეი და ტრანს თემის, შიდსის კრიზისისა და კაპიტალიზმის შესახებ 1980-90 წლებში, ნიუ იორკში. 

Angels in America – ცნობილი ამერიკელი დრამატურგის, ტონი კუშნერის პიესის მიხედვით გადაღებული ეს მინი სერიალი, 1990-იან წლებში რამდენიმე ადამიანის ტრაგიკულ ისტორიას გვიყვება შიდსის ეპიდემიის დროს. ვარსკვლავური სამსახიობო გუნდი, არაჩვეულებრივი მუსიკა და გამორჩეული მხატვრული გადაწყვეტები გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ.

Fellow Travelers – სულ ახლახანს გამოსული მინისერიალია ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული კაცის სიყვარულის ისტორიაზე, ომების, პროტესტის, ჰომოფობიისა და შიდსის ეპიდემიის ფონზე.

Why Women Kill – სერიალის პირველი სეზონის ერთ-ერთი სიუჟეტური ხაზი 1980-იანი წლების ამერიკაში ვითარდება, სწორედ შიდსის ეპიდემიის აფეთქების დროს. სერიალი სექსუალური ორიენტაციის დამალვის სიმძიმეს და განსაკუთრებული გასაჭირის დროს ოჯახური მხარდაჭერის მნიშვნელობას ცხადად გვაჩვენებს. 

 

წყარო: History.com / Equality.ge

 

Comments are closed.