10 მითი ლგბტქ+ საკითხებზე: ის, რაც ქვიარების ოჯახის წევრებმა უნდა იცოდნენ

ლგბტქ+ საკითხებთან მიმართებით არაერთი მითი და არასწორი წინასწარგანწყობა არსებობს. საზოგადოებაში დეზინფორმაციის განმტკიცებას ჰომოფობია, ინფორმაციის ნაკლებობა და ძლიერი ანტიდასავლური პროპაგანდაც უწყობს ხელს. ხშირად ლგბტქ+ საკითხები ინსტრუმენტალიზებულია და მითების და არასწორი ინფორმაციის გავრცელება და ამით ჰომოფობიის გაძლიერება სხვადასხვა პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. 

ამ ყველაფერთან გამკლავების ერთადერთი საშუალება დეზინფორმაციასთან ბრძოლა და მის საპირისპიროდ სწორი, გადამოწმებული და სანდო ინფორმაციის გავრცელებაა. სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში 10 ყველაზე გავრცელებულ მითს განვიხილავთ ლგბტქ+ ადამიანების შესახებ და ვეცდებით, მათი მცდარობა ავხსნათ.

მითი #1: ჰომოსექსუალობა არჩევანია.

რეალობა: სექსუალურ ორიენტაციას ისეთი ფაქტორები განსაზღვრავს, როგორიცაა გენეტიკა, ბიოლოგია და ტვინის განვითარება. აღზრდას, წნეხს, რელიგიას და სხვა მსგავს ფაქტორებს არ შეუძლიათ ჰომოსექსუალობის ან ჰეტეროსექსუალობის ,,გამოწვევა”. 

ჰომოსექსუალობა იმდენად არაა არჩევანი, რამდენადაც ჰეტეროსექსუალობა. ჰკითხოთ გეი ადამიანს, რატომ ,,გადაწყვიტა”, იყოს გეი, იგივეა, რაც, ჰკითხოთ ჰეტეროსექსუალ ადამიანს, რატომ მოსწონს საპირისპირო გენდერი.

მეცნიერული კვლევები აჩვენებენ, რომ სექსუალური ორიენტაცია ძირითადად ბიოლოგიაზეა დაფუძნებული. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრია შესასწავლი, კვლევებით ირკვევა, რომ ადამიანის სექსუალური ორიენტაციის საფუძველი ჩვენს გენეტიკაში (დნმ), ეპიგენეტიკაში (ფაქტორები, რომლებსაც ჩვენს გენებზე აქვს გავლენა) და დაბადებამდე ტვინის განვითარებაშია.

მითი #2: სხვა სექსუალური ორიენტაციებისგან განსხვავებით, ბისექსუალობა ფაზაა და ადამიანები საბოლოოდ ან გეი/ლესბოსელად ან ჰეტეროსექსუალად ყალიბდებიან.

რეალობა: ბისექსუალობა ისეთივე სექსუალური ორიენტაციაა, როგორიც ჰეტეროსექსუალობა ან ჰომოსექსუალობა. ბისექსუალები არიან ადამიანები, რომლებსაც რომანტიკულად ან სექსუალურად ერთზე მეტი გენდერი იზიდავთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი იდენტობის, მისი ყველა შემადგენელით, აღმოჩენისა და მის ირგვლივ სიახლეების შეცნობის პროცესი განგრძობითია. ამიტომ, შესაძლოა ზოგიერთმა ბისექსუალმა მოგვიანებით აღმოაჩინოს, რომ გეი ან ლესბოსელია და ამაში არაფერია დასაძრახი. თუმცა, როგორც წესი, ბისექსუალ ადამიანებს მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთზე მეტი გენდერი იზიდავთ. სწორედ ამიტომ, ბისექსუალობა არ არის ფაზა და ის, როგორც სექსუალური ორიენტაცია ნარჩუნდება მიუხედავად იმისა, ადამიანი ურთიერთობაშია ვინმესთან თუ არა. შესაბამისად, ბისექსუალი, რომელიც იგივე გენდერის ადამიანთანაა ურთიერთობაში გეი არ ,,ხდება” ან თუ საპირისპირო გენდერის ადამიანთანაა, ეს მას ჰეტეროსექსუალად არ აქცევს.

მითი #3: ჰომოსექსუალობა ,,განკურნებადია”.

რეალობა: თერაპიას სექსუალური ორიენტაციის შეცვლა არ შეუძლია. მეტიც, ე.წ. ,,გამოსასწორებელი” თერაპია ზიანის მომტანია. თერაპიები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ლესბოსელი, გეი ან ბისექსუალი ადამიანების ჰეტეროსექსუალებად ,,ქცევა” შეუძლიათ, მეცნიერულად დისკრედიტირებულია. ,,ამერიკის ფსიქოლოგიის ასოციაციამ” წლების წინ განაცხადა, რომ სექსუალური ორიენტაციის შეცვლა არავითარ თერაპიას არ შეუძლია. მეტიც, მენტალური ჯანმრთელობის წამყვანი ორგანიზაციები კონვერსიულ (სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შესაცვლელ) თერაპიას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

,,ეგზოდუს ინთერნეშენალი” – ჩრდილოეთ ამერიკაში კონვერსიული თერაპიის ყველაზე დიდი ორგანიზაცია – 2013 წელს დაიხურა, 37-წლიანი წარუმატებელი საქმიანობის შემდეგ. პრეს კონფერენციაზე ორგანიზაციის პრეზიდენტმა, ალან ჩემბერსმა ბოდიში მოიხადა და თქვა: ,,…ორგანიზაციისა და ქრისტიანული ეკლესიის მიერ წლების განმავლობაში არასწორი განსჯით ჩვენ დატყვევებულნი ვიყავით მსოფლმხედველობით, რომელიც არც ბიბლიის და არც ადამიანების მიმართ ღირსეული არ იყო…”

მითი #4: მშობლებმა რაღაც შეცდომა დაუშვეს.

რეალობა: შეუძლებელია, თქვენს რომელიმე ქმედებას თქვენი შვილის სექსუალური ორიენტაცია განესაზღვრა. თუმცა, იმას, თუ რა რეაქცია გექნებათ თქვენ, შესაძლოა დიდი გავლენა მოახდინოს თქვენი შვილის კეთილდღეობაზე. 

საკუთარი თავის დადანაშაულება ხშირია იმ მშობლებში, ვისი შვილიც განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობისაა. თუმცა ეს არასწორია. შეუძლებელია, ბავშვმა სექსუალური ორიენტაცია ,,დაისწავლოს” ვინმესგან, მათ შორის, მშობლებისგან. ზუსტად ისე, როგორც ჰეტეროსექსუალობის განსაზღვრა არ შეგიძლიათ, ასევე არ შეგიძლიათ ჰომოსექსუალობის განსაზღვრაც (იხ. მითი #1).

თუმცა, მშობლის რეაქცია, როცა ბავშვი საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ესაუბრება, მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება იყოს ადამიანის სამომავლო კეთილდღეობაზე. თქვენ გაქვთ შანსი, დაიცვათ თქვენი შვილი უსახლკარობისგან, დეპრესიისგან, სუიცისგან და სხვადასხვა თვითდამაზიანებელი ქმედებებისგან, როგორიცაა, ნარკოდამოკიდებულება ან სგგი (სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები).

მითი #5: ჩემი შვილი, ოჯახში თუ საზოგადოებაში, სხვა ბავშვებს ჰომოსექსუალობას ,,გადასდებს”.

რეალობა: ბავშვებმა შესაძლოა იმიტაცია გააკეთონ, მაგრამ სექსუალური ორიენტაციის თანატოლებისგან ,,დასწავლა” შეუძლებელია. ასევე, სხვებმა შესაძლოა ,,ქამინგ აუთი” გააკეთონ თქვენს შვილთან, მაგრამ ამის მიზეზი იქნება ის, რომ ისინი სანდო კავშირს ხედავენ მასთან და არა იმიტომ, რომ თქვენმა შვილმა მათზე გავლენა მოახდინა.

მითი #6: მსოფლიოში ლგბტქ+ ადამიანები ძალიან ცოტანი არიან

რეალობა: სინამდვილეში, ლგბტქ+ ადამიანების რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ლგბტქ+ თემი მსოფლიო მოსახლეობის 10%-ს შეადგენს, შესაბამისად, საქართველოში მცხოვრები დაახლოებით 300 000 ადამიანი ჰომოსექსუალი, ბისექსუალი და/ან ტრანსგენდერია. 

ალბათ არაერთხელ გაგიგიათ ფრაზა: ,,ლგბტქ+ პროპაგანდის გამო, ახლა ბევრად მეტი ადამიანია ჰომოსექსუალი, ვიდრე ადრე იყო.” სინამდვილეში, ლგბტქ+ ადამიანების არა რაოდენობა, არამედ ხილვადობის ხარისხი შეიცვალა. მეტი უსაფრთხოებისა და მხარდაჭერის პირობებში, მეტ ლგბტქ+ ადამიანს ეძლევა თავისუფლად ცხოვრებისა და საკუთარ სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობაზე ღიად საუბარი. გარდა ამისა, ციფრული სამყარო და ინტერნეტთან წვდომა ზრდის ჩვენს ინფორმაციულ არეალს და ამცირებს გეოგრაფიულ ბარიერებს. თუ ადრე მხოლოდ ჩვენს უახლოეს გარემოცვაში მიმდინარე ამბებზე გვქონდა წვდომა, დღეს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მიმდინარე მოვლენებსაც მარტივად ვეცნობით. შესაბამისად, ვიცით ქვიარ ადამიანების შესახებ საქართველოს ფარგლებს გარეთაც.

მითი #7: ჰომოსექსუალობა არ არის ნორმალური.

რეალობა: ლგბტქ+ ადამიანები იგივენაირად არიან მენტალურად ჯანმრთელები, როგორც სხვა ადამიანები. 1973 წელს ,,ამერიკის ფსიქიატრიის ასოციაციამ”, ,,ამერიკის ფსიქოლოგიის ასოციაციამ” და ,,ამერიკის პედიატრიის აკადემიამ” გაერთიანებული განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ვკითხულობთ: 

,,ჰომოსექსუალობა არ არის ავადმყოფობა. ის არ საჭიროებას მკურნალობას და არ ექვემდებარება შეცვლას. გენდერული განსხვავებები ადამიანური ურთიერთობებეის ნორმალური გამოხატულების ნაწილია.”

ამავე დროს, ჰომოსექსუალობა ამოღებულ იქნა ,,ამერიკის ფსიქიატრიის ასოციაციის დიაგნოსტირებისა და სტატისტიკის გზამკვლევის (DSM)” მენტალური აშლილობების სიიდან და აღარ მიიჩნევა მენტალურ დაავადებად.

ლგბტქ+ ადამიანები იგივენაირად ჯანმრთელები შეიძლება იყვნენ მენტალურად, როგორც სხვები. თუმცა სიმართლეა ის, რომ სტიგმა, უარყოფითი წინასწარგანწყობები და სიკრიმინაცია ქმნის მტრულ და სტრესულ გარემოს, რაც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების წინაპირობა შეიძლება გახდეს და გაზარდოს თვითდაზიანებისა და სუიციდის მცდელობის რისკი.

მითი #8: საქართველოში ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ და ტრანსგენდერ ადამიანებს იგივე უფლებები აქვთ, რაც ჰეტეროსექსუალ ადამიანებს.

რეალობა: სინამდვილეში, არსებობს არაერთი უფლება, რომელიც ჰეტეროსექსუალი ადამიანებისთვის გარანტირებულია, თუმცა ლგბტქ+ თემის წარმომადგენლებისთვის კი თეორიულ დონეზეც კი არ არსებობს, მაგალითად, ,,ოჯახის” კანონისმიერი კომპონენტი და მასთან დაკავშირებული უფლებრივი მდგომარეობა (ქონების განაწილება, პატიმრობის შემთხვევაში ჩვენების მიცემისგან თავის შეკავების უფლება, ციხეში მონახულების პროტოკოლი და ა.შ.)

თუმცა გარდა ამისა, ის უფლებებიც კი, რომლებიც, თეორიულად, ყველასთვის უნივერსალურია, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობისა, არაეფექტურად ან საერთოდ არ აღსრულდება ლგბტქ+ თემის მიმართ (მაგალითად, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, ძალადობისგან და ღირსებისა და პატივის შელახვისგან დაცვა და ა.შ.).

მითი #9: ჰომოფობია ,,ქრისტიანულია”. 

რეალობა: ქრისტეს მიმდევრების მთავარი მისია უფლის სიყვარულის გავრცელებაა.

ქრისტიანებს ტოლერანტობის, რწმენათა მრავალფეროვნების პატივისცემის, რწმენის გამოხატვის და ბიბლიური ინტერპრეტაციის ხანგრძლივი ტრადიცია აქვთ.. ღმერთისა და რწმენის გამოყენება შიშის, ბოროტებისა და ძალადობის დანერგვისთვის არასდროს ყოფილა ქრისტიანული. 

მითი #10: ჰომოსექსუალი ადამიანების იდენტიფიცირება („ამოცნობა“) შესაძლებელია მათი გარეგნობითა და ქცევით.

რეალობა: სინამდვილეში, ის, თუ როგორ გვაცვია, რა ფერის თმა გვაქვს, რამდენი საყურე გვიკეთია ან რამდენი ტატუ გვაქვს, ავტომატურად არაფერს ამბობს ჩვენს სექსუალურ ორიენტაციასა თუ გენდერულ იდენტობაზე.

თვითგამოხატვის სამ ფორმას გამოყოფენ: ფემინური (ქალობასთან ასოცირებული), მასკულინური (კაცობასთან ასოცირებული) და ანდროგინული (არც ქალობასთან და არც კაცობასთან ასოცირებული, გენდერისგან დაცლილი). მაგალითად, თუ კაცი ფემინურად გამოიყურება,  ეს არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად გეია, ისევე, როგორც ქალი, რომელიც მასკულინურად იცვამს ან იქცევა, აუცილებლად ლესბოსელი არ არის.

ისეთ ჰომოფობიურ საზოგადოებებში, როგორიც საქართველოშია, ბევრი ატრიბუტია მიჩნეული ,,ჰომოსექსუალურად”. მაგალითად, ჰეტეროსექსუალი ადამიანი შესაძლოა ჰომოფობიური ნიშნით ძალადობის მსხვერპლი გახდეს იმის გამო, რომ ფერადი თმა ან პირსინგი აქვს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ტიპის დაშვებები არასწორი და ხშირად რეალობას აცდენილია. 

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თითოეულ ჩვენგანში არსებობდა არასწორი ცოდნა რიგი საკითხების მიმართ, გვჯეროდა მითების ან გვქონდა არაჯანსაღი წინასწარგანწყობა და ამაში სამარცხვინო არაფერია. მთავარია, ვიყოთ მზად ჩვენში არსებული ცოდნის გადასამოწმებლად, გავეცნოთ სანდო ინფორმაციას და ვიყოთ ღია აზრების შესაცვლელად. 

ლგბტქ+ საკითხებზე მეტი ინფორმაციისთვის გაეცანით tbilisipride.ge-ზე გამოქვეყნებულ სხვა სტატიებს.

წყარო: strongfamilyalliance.org

Comments are closed.