5 რჩევა ლგბტქ+ თემის მხარდამჭერებს

ლგბტქ+ თემის მხარდამჭერობა შეუძლია ყველას, განურჩევლად მათი სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობისა. მხარდამჭერები, მათი გავლენა და ხმა, ძალიან მნიშვნელოვანია ქვიარ მოძრაობისთვის, რადგან ისინი ისეთი აქტივისტური სივრცეების შექმნას უწყობენ ხელს, რომლებიც ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლაში თემის წევრებს დიდ დახმარებას უწევს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება საქართველოში დღითიდღე გაძლიერებული პოლიტიკური ჰომოფობიისა და ლგბტქ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის გაუარესების ფონზე.

ზუსტად რას ნიშნავს „მხარდამჭერი“?

  • ადამიანი, რომელსაც გულწრფელად აღელვებს ლგბტქ+ ადამიანების კეთილდღეობა;
  • ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს ქვიარ თემს, აქვს მიმღებლობის მაღალი ხარისხი ლგბტქ+ ადამიანების მიმართ და ჩართულია მათი უფლებებისა და თანასწორი მოპყრობის ადვოკატირებაში;
  • ადამიანი, რომელიც ღიად საუბრობს იმ გამოწვევებზე, რომლებსაც ლგბტქ+ ადამიანები აწყდებიან და სჯერა, რომ საზოგადოებაში არსებობს ისეთი პრობლემები, როგორიცაა: 
    • ჰეტეროსექსიზმი — წინასწარგანწყობა, რომ ყველა ჰეტეროსექსუალია ან უნდა იყოს;
    • საზიანო და უარყოფითი წინასწარგანწყობები ბისექსუალობის მიმართ;
    • საზიანო და უარყოფითი წინასწარგანწყობები ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ;
    • ჰეტეროსექსუალური პრივილეგია — ყოველდღიური პრივილეგიები, რომლებიც ჰეტეროსექსუალ ადამიანებს აქვთ საზოგადოებაში. მაგალითად, შესაძლებლობა, რომ გამოხატონ სიყვარული საჯაროდ (ქმედებები, როგორიცაა, რომანტიკული პარტნიორისთვის ხელის ჩაკიდება) განსჯის ან ძალადობის შიშის გარეშე.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი გულისხმობს გააზრებულ, დაფიქრებულ და თემთან კოორდინირებულ მოქმედებას ქვიარ ადამიანების მხარდასაჭერად. იმისათვის, რომ ჩვენი ქმედებები არ იყოს კონტრპროდუქტიული და ემსახურებოდეს თემის საუკეთესო ინტერესს, მნიშვნელოვანია, რამდენიმე აუცილებელი კონპონენტი გავითვალისწინოთ.

ამ სტატიაში გვინდა 5 რჩევა გაგიზიაროთ უფრო ეფექტური და ძლიერი მხარდამჭერობისთვის:

1. გადაისწავლეთ — დაუპირისპირდით თქვენსავე წინასწარგანწყობებს და გამოხატეთ მზაობა პერსპექტივის შეცვლისთვის, ან სიახლეების მიღებისთვის. მნიშვნელოვანია, ხშირად იფიქროთ თქვენს როლზე ჰეტერო და გენდერულად ნორმატიული სისტემის შენარჩუნებასა და გაძლიერებაში — ხომ არ უწყობს თქვენი რომელიმე მოქმედება, ან პირიქით, უმოქმედობა, ხელს ჰომოფობიური და/ან სექსისტური რწმენა-წარმოდგენების გამყარებას? ამის გაკეთება მარტივი არ არის და ჩვენგან ღრმა რეფლექსიისთვის და თვითგაცნობიერებისთვის მუდმივ მზაობას მოითხოვს.

დაუსვით კითხვები არა მხოლოდ თქვენს მოტივაციებს (რატომ აკეთებთ ან არ აკეთებთ რაიმეს), არამედ თქვენი ქმედებების ან უმოქმედობის სავარაუდო შედეგებსაც. ჰკითხეთ თემის წევრებს, როგორ შეგიძლიათ სხვებთან კოორდინირებული მუშაობა? ჩაუღრმავდით თქვენი ჩართულობის და აქტიურობის რეალურ მიზეზს და დააკვირდით, რატომ არის ლგბტქ+ უფლებები მნიშვნელოვანი პირადად თქვენთვის? ვისთვის ან რისთვის იბრძვით? თქვენი მიზნის ზუსტად და ცხადად ცოდნა თქვენსავე მოტივაციასა და ბრძოლისუნარიანობას გაზრდის.

2. ხელახლა დაისწავლეთ — ლგბტქ+ იდენტობებსა და თემზე მეტის შესწავლა თქვენი პირადი პასუხისმგებლობაა. დიახ, მართალია, რომ ტერმინები ზოგჯერ შესაძლოა დამაბნეველი იყოს და ხშირად იცვლებოდეს. ამის მიზეზი ისაა, რომ დღესდღეობით უფრო და უფრო მეტი ცოდნა იქმნება ადამიანის სექსუალობასა და გენდერულ იდენტობაზე და ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაცია ამ განახლებულ ცოდნას უნდა ეფუძნებოდეს. წაიკითხეთ რელევანტური ლიტერატურა, უყურეთ ფილმებს, იკვლიეთ ინტერნეტში, ან დაესწარით სხვადასხვა სათემო შეხვედრას. არაერთი გზა არსებობს იმისთვის, რომ გაეცნოთ და მეტი გაიგოთ ქვიარ ადამიანების გამოცდილებებზე, კონკრეტული ტერმინების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე და ნებისმიერ იმ საკითხზე, რაც თქვენს დაბნეულობას შეიძლება იწვევდეს.

მხარდამჭერობის გადაწყვეტილება დგას ჩვენს ნებაზე, რომ გამოვიდეთ პირადი გამოცდილებებიდან და კომფორტის ზონიდან. ამიტომ, მაგალითად, ნუ ეტყვით თემის წევრებს, რომ დაგღალათ ახალ-ახალმა ტერმინოლოგიამ, ან ნუ დააყვედრით გენდერის ან სექსუალური ორიენტაციის აღიარებას.

3. მეტად მოუსმინეთ თემს — სიტყვა „მხარდამჭერმა“ დროთა განმავლობაში უარყოფითი ასოციაციებიც შეიძინა, რადგან კარგი განზრახვის მქონე ბევრმა მხარდამჭერმაც თავისი პლატფორმა და პრივილეგია ლგბტქ+ ადამიანების ხმის გადაფარვაში უფრო გამოიყენა, ვიდრე მათ გვერდით დგომასა და მათთან ერთად საუბარში. ამას „პერფორმატიული (მოჩვენებითი) მხარდამჭერობაც“ ეწოდება. ნამდვილი მხარდამჭერი გამოხატავს თავმდაბლობას და გულწრფელად უსმენს თემს. გახსოვდეთ, რომ ეს არ არის თქვენი მომენტი და თქვენი ამბავი, რადგან ეს არ არის თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილება. 

ეფექტური მხარდამჭერობა პრივილეგიების დეცენტრალიზებაზე და ისეთი სივრცეებისა და შესაძლებლობების შექმნაზე დგას, სადაც ყველას შეუძლია საკუთარი სათქმელის გაჟღერება. დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: როგორ შემიძლია ხელი შევუწყო ძალაუფლების ზემოდან ქვემოთ განაწილებას?

4. დადექით თემის გვერდით — მხარდამჭერობა არ არის მხოლოდ ალტრუიზმი ან უბრალოდ ინტელექტუალური პრაქტიკა. ის ასევე მეტია, ვიდრე სოციალურ მედიაში პოსტის მოწონება, დაკომენტარება ან პროფილის ფოტოს შეცვლა. ეფექტური მხარდამჭერობა უნდა ეფუძნებოდეს ეფექტურ მოქმედებასა და ხელშესახებ მხარდაჭერას. როდესაც დისკრიმინაციისა და ძალადობის შემსწრე ხართ, ნუ იქნებით უბრალოდ მოწმეები. ისაუბრეთ ხმამაღლა, თუ ამისთვის საკმარისი უსაფრთხოების განცდა გაქვთ. გახსოვდეთ, რომ უმოქმედობაც მოქმედებაა. 

მხარდამჭერები არ ნებდებიან შეცდომების დაშვების გამო; განაგრძეთ თემის გვერდით დგომა. იყავით ღია კრიტიკისა და რეფლექსიისთვის. მაგალითად, თუ დაუფიქრებლად და არაცნობიერად ჰომოფობიურ, ბიფობიურ ან ტრანსფობიურ კომენტარს გააკეთებთ (ეს კი ყველას შეიძლება მოუვიდეს, ჩვენში ღრმად ჩაბეჭდილი ჰეტერონორმატიული ცოდნების გამო) მოიხადეთ ბოდიში, ისწავლეთ საკუთარ შეცდომაზე და იმუშავეთ საკუთარ თავზე, რომ იგივე აღარ განმეორდეს.

5. იმოქმედეთ — როდესაც ქვიარ თემს თავს ესხმიან, იმოქმედეთ, თუკი ამის შესაძლებლობა გაქვთ. მოქმედება აუცილებლად „ბრძოლის ველზე“ გასვლას არ გულისხმობს: დაურეკეთ თქვენს ქვიარ მეგობრებს, ოჯახის წევრებს და/ან კოლეგებს და დარწმუნდით, რომ კარგად არიან. ჰკითხეთ, როგორ შეგიძლიათ მათი დახმარება.

წყარო: Theconversation.com

Comments are closed.