1
#Statement #pride2019

25.06.2019

ღირსების მარში დროებით გადაიდო!

შეგახსენებთ, რომ თბილისი პრაიდის გუნდი გასული 8 თვის განმავლობაში ემზადებოდა კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხოდ და პროფესიონალურად ორგანიზებისთვის. თბილისი პრაიდი წარმატებით დაიწყო და კვირეულის ფარგლებში აქამდე დაგეგმილი ყველა ღონისძიება ექსცესების გარეშე დასრულდა. ჯერ კიდევ წინაა კვირეულის დასკვნითი ღონისძიება - ღირსების მარში.


თუმცა, შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში ვერ მივცემთ ჩვენ თავს უფლებას ხელი შევუწყოთ ქვეყანაში დაძაბულობის კიდევ უფრო ესკალირებას. არ მივცემთ პრო-რუსულ და ნეო-ფაშისტურ ჯგუფებს შესაძლებლობას შეასუსტონ საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ჩვენ ვიჩენთ მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას და ვმოქმედებთ მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.


ამავდროულად, ბოლო დროის განმავლობაში მთავრობასთან მიმდინარეობდა კონსულტაციები რიგ პოლიტიკის საკითხებზე, რომელსაც გავაგრძელებთ იმისათვის, რომ ლგბტქი თემის მდგომარეობა იყოს განხილული უწყებათაშორის ფორმატში და უახლოეს მომავალში თემის უფლებრივი მდგომარეობა გაუმჯობესდეს. კონკრეტულად კი შემდეგი მიმართულებით:


  1. დაინერგოს გენდერის სამართლებრივი აღიარების მექანიზმი, რომელიც გააუმჯობესებს საქართველოში ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის - ტრანსგენდერი ადამიანების მდგომარეობას;

  2. ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში აისახოს ლგბტქი ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით არსებული გამოწვევები და მათ საპასუხოდ სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი აქტივობები;

  3. პრემიერ მინისტრის კაბინეტში შეიქმნას ახალი პოზიცია, რომელიც ინტერსექციულად იმუშავებს სხვადასხვა ინსტიტუციებთან ლგბტქი ადამიანების თანასწორობის საკითხებზე;

  4. შეიქმნას სახელმწიფო თავშესაფარი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მსხვერპლი და უსახლკარო ლგბტქი ადამიანებისათვის.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ თვეების განმავლობაში ჩვენ გუნდს არაერთი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწია: ცდილობდნენ ჩვენს დაშინებას, იჭრებოდნენ ჩვენს პირად სივრცეებში, გვამყოფებდნენ ალყაში და გვემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით. საფრთხეში აღმოჩნდნენ ის ლგბტქი ადამიანებიც, ვისაც პირდაპირი შეხება თბილისი პრაიდთან არ ჰქონდა. აღნიშნულ პროცესში შესამჩნევი იყო სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკური ნებისა და ეფექტურობის ნაკლებობა, რამაც უკანასკნელ დღეებში სიტუაციის ესკალირება განაპირობა.  

 

სამწუხაროა იმის გაცნობიერება, რომ სახელმწიფო მზადაა უმოწყალოდ დაარბიოს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ სამართლიანად გამოსული მოსახლეობა, მაგრამ არ სურს რუსული ფულით დაფინანსებული რადიკალური ჯგუფებისაგან დაიცვას ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები და მათი მხარდამჭერები.


აქვე გვინდა მადლობა ვუთხრათ ასეულობით ადამიანს ვინც უკვე დარეგისტრირდა ღირსების მარშზე მონაწილეობის მისაღებად! თემის წევრებს და მხარდამჭერებს, რომლებიც ამ მძიმე დღეების განმავლობაში გვამხვნევებდნენ და გვერდში გვედგნენ! და გვინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრათ ჩვენ საერთაშორისო მხარდამჭერებს და აქტივისტებს მთელი მსოფლიოდან! მადლობა სოლიდარობისთვის!


ჩვენ ერთად შევცვლით!