1
#Statement #pride2019

07.09.2019

ღირსების მარშის ჩატარება შეუძლებელი გახდა

თბილისი პრაიდის დასკვნითი ღონისძიების - “ღირსების მარშის” გეგმის მიხედვით ჩატარება ვერ მოხერხდა, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჰომოფობიური ჯგუფებისაგან ჩვენს დაცვაზე უარი განაცხადა. მიუხედავად ამისა, ჩვენმა გუნდმა და უახლოესმა მხარდამჭერებმა სრულად არ დავთმეთ საჯარო სივრცე და პარტიზანული აქცია გუშინ, 8 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მაინც გავმართეთ.
აღსანიშნავია, რომ 22 ივნისისთვის დაგეგმილ ღირსების მარშში მონაწილეობის მისაღებად ათასამდე ადამიანი იყო დარეგისტრირებული, თუმცა 20 ივნისს, თბილისში განვითარებული შემზარავი მოვლენების შემდეგ, თბილისი პრაიდის გუნდმა მიიღო მტკივნეული, მაგრამ იმ მომენტისთვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მსვლელობის გადადების შესახებ.
პოლიტიკური პროცესების შედარებით დასტაბილურების შემდეგ, 6 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილობით ვაცნობეთ, რომ “ღირსების მარშის” ახალი თარიღი 8 ივლისი იქნებოდა. არ მივიღეთ რა მათგან არანაირი პასუხი, 7 ივლისს, თბილისი პრაიდის გუნდმა უკვე საჯაროდ დააანონსა შემდეგი დღისათვის დაგეგმილი გადადებული მარში, იმ იმედით, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ითანამშრომლებდა ჩვენთან მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
სამინისტროს თანამშრომლები პირდაპირ კონტაქტზე კვლავ არ გამოვიდნენ. 7 ივლისს მათ სახალხო დამცველის მეშვეობით შემოგვითვალეს: “რაც გინდათ ის ქენით, თანამშრომლობა არ შედგება”. სამინისტრომ ასევე უარი გვითხრა ჩვენს თხოვნაზე უზრუნველყოფა გაეკეთებინათ ასობით მონაწილის შეკრების ადგილებიდან მარშის დაწყების პუნქტამდე სატრანსპორტო საშუალებით გადაყვანაზე.
იმავე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს განუცხადა, რომ თბილისი პრაიდი “პროვოკაციას აწყობს” და რომ ისინი არ აპირებენ თანამშრომლობას. სამინისტროს წარმომადგენლებიც და მმართველი პარტიის ლიდერებიც თანმიმდევრულად ცდილობდნენ პრაიდის დელეგიტიმაციას - ისინი ჩვენ ღიად მოგვიხსენიებდნენ ოპოზიციური პარტიების მიერ მართულ ჯგუფად.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ამგვარი დამოკიდებულება პრაიდის ორგანიზების პროცესში პირველი არ ყოფილა. გასული კვირების განმავლობაში, შსს-ს მაღალჩინოსნები და “ქართული ოცნების” ლიდერები დახურულ შეხვედრებზე პირდაპირ მოგვიწოდებდნენ გაგვეუქმებინა ღირსების მარში, რადგან ისინი “ხედავდნენ რისკებს” და არ შეეძლოთ ჩვენი დაცვა.
ჩვენ გვჯერა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ყველა რესურსი ღირსების მარშის დასაცავად - მითუმეტეს, რომ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ჯერ კიდევ თებერვალში ჰქონდათ ინფორმაცია. თუმცა, მმართველ გუნდში არ აღმოჩნდა პოლიტიკური ნება დაეცვა საკუთარი მშვიდობიანი ლგბტქი მოქალაქეების შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება.
შექმნილ პირობებში, ასობით ადამიანის მონაწილეობით საჯარო ღონისძიების ჩატარება შეუძლებელი გახდა. შესაბამისად, გავაუქმეთ 8 ივლისის დილას დაგეგმილი მარში. თუმცა ლგბტქი აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა სრულად არ დავთმეთ საჯარო სივრცე და პარტიზანულად მოვაწყვეთ აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ.
საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები თბილისი პრაიდთან დაკავშირებით ადამიანის უფლებების მხრივ ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯი იყო. აშკარაა, რომ მმართველი გუნდი ლგბტ აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიერ თბილისში ხანმოკლე მშვიდობიანი აქციის გამართვის დაშვებას თავისთვის პოლიტიკურად წამგებიანად აღიქვამს, ხელისუფლებამ დაგვანახა, რომ საქართველოში ადამიანის ფუნდამენტური უფლებები დაცული არ არის და არც მისი დაცვის პოლიტიკური ნება არსებობს.
ზემოთ აღწერილი გამოწვევების მიუხედავად, ვფიქრობთ, რომ გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგებიც. უკანასკნელ თვეებში ლგბტქი თემის ხილვადობა გაიზარდა და საზოგადოებაში კიდევ უფრო გააქტიურდა ლგბტქი საკითხებზე დისკუსია. ჩვენ მიერ, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს ხელისუფლების წინაშე მწვავედ დაისვა რამდენიმე პოლიტიკის რეფორმის აუცილებლობის საკითხი. თბილისი პრაიდი უწყვეტად აგრძელებს საქმიანობას. ჩვენ ვაპირებთ არაერთი პოლიტიკური, კულტურული თუ სოციალური ღონისძიების განხორციელებას მომავალი თვეების და წლების განმავლობაში იმისთვის, რათა ხელი შევუწყოთ ჰომო/ტრანსფობიის შემცირებას და ლგბტქი ადამიანებისთვის თანასწორი და თავისუფალი გარემოს ფორმირებას.
ბრძოლა გრძელდება!