1
#Movies #News

07.11.2019

"და ჩვენ ვიცეკვეთ" - პრემიერა საქართველოში

2019 წლის 8, 9 და 10 ნოემბერს, საქართველოს კინოთეატრებში ქართულ-შვედურ-ფრანგული ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა შედგება. ამ დროისთვის ფილმის ყველა, 6000-მდე ბილეთი გაყიდულია.

 

ლევან აკინის რეჟისორობით გადაღებული პირველი ქართული გეი დრამა, "ქართული ნაციონალური ცეკვის ანსამბლის" ორი მოცეკვავე ბიჭის სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს.

 

ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ლევან გელბახიანი (მერაბი), ბაჩი ვალიშვილი (ირაკლი) და ანა ჯავახიშვილი (მარიამი). ფილმი გადაღებულია ქართულ ენაზე.

 

ფილმის მსოფლიო პრემიერა 2019 წლის 16 მაისს, კანის კინოფესტივალზე შედგა, რის შემდეგაც ფილმმა მრავალი ქვეყნის ფესტივალი და კინოთეატრი მოიარა. ნამუშევარმა უკვე არაერთ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა თუმცა, ყველაზე მთავარი, ოსკარის დაჯილდოვება, ჯერ კიდევ წინაა. 28 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ფილმი "და ჩვენ ვიცეკვეთ" შვედეთის სახელით ოსკარზე გაიგზავნება. 

 

ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისში, საქართველოში ფილმის პრემიერამდე გააქტიურდნენ ულტა-მემარჯვენე, ჰომოფობიური ჯგუფები სანდრო ბრეგაძის, გურამ ფალავანდიშვილის, ლევან ვასაძისა და დიმიტრი ლორთქიფანიძის მეთაურობით. აღნიშნული ჯგუფები საპროტესტო აქციებს აანონსებენ 8 ნოემბერს კინოთეატრ „ამირანის“ წინ და იმუქრებიან კინო ჩვენებების ჩაშლით მათ შორის კინოთეატრების პიკეტირების გზით. ასევე ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენების შემთხვევაში ვასაძე კინოთეატრების მფლობელებს ზარალის მიყენებით ემუქრება.

 

გურამ ფალავანდიშვილი კინო ჩვენებების ჩატარების შემთხვევაში მთავრობის გადაყენებით იმუქრება: “თუ მთავრობამ ყველაფრის მიუხედავად მაინც ამ სიბინძურის გაშვებაში მიიღო მონაწილეობა და ჩაატარებინა უმცირესობას რომ ეძახიან ამ ჰომოსექსუალურ პროპაგანდას, ჩვენ შევეცდებით, რომ რუსთაველისკენ დავიძრათ და აღარ დავიშალოთ, ვიდრე მთავრობა არ გადადგება, რადგან ამათ დევნა უკვე აუტანელი გახდა”.

 

ფილმის, And Then We Danced-ის წინააღმდეგ აქციის გამართვას პარასკევს, 8 ნოემბერს ლევან ვასაძისა, სანდრო ბრეგაძის გარდა, სასულიერო პირებიც გეგმავენ. თელეთის ხარების ტაძრის მღვდელმა ბასილმა ამ თემაზე ბრიფინგი გამართა და ჰომოფობირი შინაარსის მესიჯები გააჟღერა: "ამ ფილმის მიზანი არის ერთსქესიან ადამიანებში ვნებიანი ლტოლვა ჩამოაყალიბოს. უეჭველად, აბა ახალგაზრდა იქნება ეს თუ დიდი იქნება, როდესაც უყურებს ამ ფილმს, შეიძენს ამ ფილმის თვისებებს".

 

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ფილმი "და ჩვენ ვიცეკვეთ" არის "ქრისტიანული ფასეულობების კიდევ ერთი დაკნინების მცდელობა" და ამაზე ეკლესია პროტესტს გამოთქვამს.

 

ფილმის გარშემო მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მხოლოდ რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი: "ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, ჩვენს საზოგადოებაში არ მოხდეს რაიმე ფორმის ისეთი საკითხებით მანიპულირება და დემონსტრირება, რომელიც საზოგადოების მასობრივ აღშფოთებას გამოიწვევს, რაც არის ძალიან საფრთხილო“. ხოლო, პარლამენტის თავმდჯომარემ არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ „ყველას შეუძლია ხელოვნებაში თავისი თავი გამოხატოს ისე, როგორც საჭიროდ თვლის“.

 

გამოხატვის თავისუფლებასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე 5 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით მიმართა სახალხო დამცველმა, რომლითაც უწყებას მოუწოდა გაატაროს პრევენციული ღონისძიებები ფილმ And Then We Danced-ის ჩვენებაზე დამსწრე ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა და სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონი აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს, მათ შორის დაუშვებელია შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების ბლოკირება.

 

6 ნოემბერს განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ: „დავიცავთ უსაფრთხოებას და გამოხატვის თავისუფლებას“, „მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“.

 

ფილმმა მაღალი შეფასებები მიიღო კინოკრიტიკოსებისაგან. IMDB-ზე ფილმი, ამ მომენტისთვის 1,536 მიმოხილვაზე დაყრდნობით ფლობს 8.2 შეფასებას.