1
#blogpost

16.11.2019

ფილმი და რეალობა ტრანს დებთან ერთად

რა შეიძლება იყოს იმ ფილმზე უფრო საინტერესო, რომელმაც ნოემბრის დასაწყისში მთელი საზოგადოება აალაპარაკა და რადიკალური ჯგუფების აქციები გამოიწვია? მაგრამ ჩემზე შთაბეჭდილება არა მხოლოდ ფილმმა, არამედ უფრო მეტად იმ ადამიანებმა მოახდინეს, ვისთან ერთადაც ფილმის საყურებლად წავედი. ამ ბლოგპოსტში ჩემს ემოციებზე მოგითხრობთ.


ბილეთი პრემიერისთვის, 8 ნოემბრისთვის მქონდა ნაყიდი, მაგრამ აქციის გამო შემეშინდა და არ მივსულვარ. ამის შემდეგ „თბილისი პრაიდის“ აქტივისტებმა შემომთავაზეს, რომ 9 ნოემბრის ჩვენებაზე მათთან ერთად წავსულიყავი. ფილმზე მოკლედ გეტყვით: კარგი იყო, ემოციურიც, მსახიობებიც ძალიან კარგად თამაშობდნენ, ყველა მათგანი! ამ ფილმში ბევრი საგულისხმო თუ მრავლისმეტყველი დეტალია წარმოჩენილი: ქართული ტრადიციები, ქვევრისდა სადღეგრძელოს ფონზე სიყვარულობა, 21-ე საუკუნის თბილისი, უფრო სწორად, „ბნელითბილისი, და ცირკის მიმდებარე ტერიტორია ღამით!


მე ფილმზე სწორედ ამ ტერიტორიის „ბინადრებთან“, ტრანსგენდერ ქალებთან ერთად ვიყავი. მათთან ერთად გავიარე კინოთეატრში აღმართული ბარიერები, რომელმაც „ფორტ ბოიარდის“ შოუ მოგვაგონა - ველოდი, რომ ბოლოს საიდანღაც დუტა ამოვდოდა და ჩემს გუნდთან ერთად ოქროს მონეტებს დავითვლიდი.


მთელი ამ პროცესის დროს თან თვალებს ვაცეცებდი, ხალხს ვაკვირდებოდი, რა რეაქცია ქონდათ. ტრანსი გოგოების დანახვაზე პოლიციიდან დაწყებული და გამვლელებით დამთავრებული ყველა ვითომ შეუმჩნევლად იცინოდა, ხელს იშვერდნენ, ზოგიც იგინებოდა, თითქოს ჩუმად, მაგრამ ჩვენ ეს შეურაცხყოფა მაინც გვესმოდა. ყელში ბურთი გამეჩხირა, ამ გოგოებზე მეფიქრებოდა, რომლებიც იქვე გავიცანი და დაახლოებით ნახევარი საათი გავატარეთ ერთად. ეს დრო საკმარისი იყო, რომ დამენახა, როგორი კარგები, საყვარლები, გულიანები, მხიარულები, ლაღები და ძლიერები არიან. მაგრამ ტრანსფობიის გამო მათ მხოლოდ ღამით შეუძლიათ სახლიდან გამოსვლა, ლუკმაპურისა და თავზე ჭერის მოსაპოვებლად კი უწევთ, რომ მხოლოდ იმ საქმიანობით დაკავდნენ, რითაც კავდებიან. მათი ყოველი გარეთ გასვლა შეურაცხყოფასთან არის დაკავშირებული და ყოველდღიურად, ყოველ ნაბიჯზე იბრძვიან სიცოცხლისთვის. ემოციის გარეშე ვერ ვიხსენებ, როგორ ინაწილებდნენ ეს გოგოები ლიმონათს ფილმის დაწყებამდე, როგორ ეხუმრებოდნენ და სიყვარულით ექცეოდნენ ერთმანეთს. ბევრი მათგანი კინოთეატრში პირველად იყო (იმედია, არ მიწყენენ, რომ ამაზე ვსაუბრობ) და პოპკორნთან ერთად ფილმის ყურება საოცნებოდ ჰქონდათ! ეს 21-ე საუკუნის „პროგრესულ“ სამყაროში ხდება!


მთელი ფილმის განმავლობაში ვტიროდი, რომ წამოვედი ისევ ცრემლები მდიოდა, გული ტკიოდა, რომ ამ ადამიანებს ყოველ წამს არსებობისთვის უწევთ ბრძოლა. ადამიანებს, რომლებიც არაფერს აშავებენ და ისედაც უსამართლოდ გაჩნდნენ „არასწორ“ სხეულში.  მათ არა მხოლოდ კომბლებით, არამედ დანებით დასდევენ, სასტიკად აწამებენ და კლავენ!


ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, რომ ჩვენი სამყარო არ ვითარდება, არც ვიცი როდის შეწყდა განვითარება. ან იქნებ ყველაფერი თავიდანვე უკუღმართად და არასწორად დაიწყო. ვფიქრობ, რომ ეს სამყარო უნდა გაქრეს, ჩვენი ახლანდელი ცნობიერება დაემხოს და ისეთ სამყაროში გადავინაცვლოთ, სადაც ადამიანი და მისი კეთილდღეობა იქნება უმთავრესი, თავისუფლება იქნება უმთავრესი. ისეთი თავისუფლება, რომელიც სხვისი შეზღუდვის ხარჯზე არ არსებობს და არც სხვის სექსუალურ თუ რაიმე სხვა იდენტობას აკნინებს!


თუ კიდევ გვაქვს შანსი, რომ ამ პლანეტაზე რამე შევცვალოთ, ვფიქრობ, ასე კარგი იქნებოდა!          


ბლოგ პოსტის ავტორია თათია ჯიშკარიანი.