1
#dailynews

15.08.2019

იურისტ თედ ჯონასს ლევან ვასაძის წინააღმდეგ მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეაქვს

თედ ჯონასი თვლის, რომ „ლევან ვასაძის სიტყვები და ქმედებები არღვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მინიმუმ 14 სხვადასხვა მუხლს და მოიცავს დანაშაულის ფართო სპექტრს: უკანონო დისკრიმინაცია, ფიზიკური ზიანის მიყენების მუქარა, ადამიანთა დევნა და მათ მიერ აზრის თავისუფალი გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების კანონიერი უფლებით სარგებლობისათვის ხელის შეშლა  ძალადობისა და იარაღის გამოყენების მუქარით; უკანონო ფორმირების შექმნა და მართვა და ამასთან დაკავშირებული მრავალი აქტი; ძალადობისაკენ საჯარო მოწოდებები; და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა”.

„ნუთუ საქართველოს პროკურატურას უბრალოდ არ ძალუძს აწარმოოს გამოძიება დროულად და კომპეტენტურად? სიჩქარე, რომლითაც პროკურატურამ დააკავა დემონსტრანტები სავარაუდო დანაშაულისათვის, 20-21 ივნისის ღამეს, პარლამენტის წინ, ცხადყოფს, რომ როდესაც არსებობს ნება, პროკურატურა მყისიერად აკავებს ადამიანებს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისათვის. მაშინ, რატომ დასჭირდა პროკურატურას თითქმის 2 თვის ვადა იმისათვის, რომ გამოეძიებინა ვასაძის უკანონო (შეიარაღებული რაზმი) ფორმირების შესახებ ფაქტები და რა მიზეზით ვერ შეძლო პროკურატურამ დაეწყო გამოძიება იმ მრავალი დანაშაულის წინააღმდეგ, რომლებიც ვასაძემ ჩაიდინა იმავე პერიოდში და რომლებიც ღია, აშკარა და მტკიცებულებებით სრულად დადასტურებულია?” - აცხადებს თავის წერილში თედ ჯონასი.  

მისი წერილის ადრესატები, შალვა თადუმაძესთან ერთად, შსს მინისტრი გიორგი გახარია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი და აშშ-ს საელჩოს კონსული ჟენეტ რებერი არიან. 

“ლიბერალი” ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ თედ ჯონასის წერილს.

14 აგვისტო, 2019 წელი

შალვა თადუმაძე
საქართველოს მთავარი პროკურორი
აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი
თბილისი, საქართველო

RE: მოქალაქე ლევან ვასაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა

პატივცემულო მთავარო პროკურორო:

მოგმართავთ პირად საფუძველზე და როგორც საქართველოს მოქალაქე. ყოველივე ქვევით მოყვანილი ემყარება ჩემს საფუძვლიან მოსაზრებებსა და შეხედულებებს და ასევე იმ ფაქტებს, რომლებიც ჩემთვის ცნობილი გახდა ადგილობრივი პრესის მეშვეობით (იხ. დანართი 1).

გამოვთქვამ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პროკურატურამ გაუმართლებლად ვერ ან არ შეძლო აღეძრა საქმე მოქალაქე ლევან ვასაძის მიერ ჩადენილი სერიოზული კრიმინალური აქტების საპასუხოდ. წინამდებარე წერილი გამოხატავს ჩემს მოქალაქეობრივ პროტესტს ბატონი ვასაძისა და მის მიერ საჯაროდ და ღიად ჩადენილი კრიმინალური აქტების წინააღმდეგ, რაც დასტურდება  მედიით გამოქვეყნებული მასალებით.  

როგორც თავადაც კარგად მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუცია „ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს. კონსტიტუცია არ უარყოფს სხვა, უნივერსალურად აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებას. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.“(მუხლი 4.2.). კონსტიტუცია აცხადებს, რომ „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია“ - პრინციპი, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული ბატონი ვასაძის მიმართ მის პასუხისგებაში მისაცემად ჩადენილი დანაშაულის გამო, ისევე როგორც მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლთა დასაცავად, რასაც განსაზღვრავს კონსტიტუციის 11.1 მუხლი. 

საქართველოს კონსტიტუციით აზრისა და მისი გამოხატვის უფლება დაცულია, ისევე როგორც წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება (მუხლი 17.1 და მუხლი 21.1).

ამ უფლებების თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ერთმა ჯგუფმა, „თბილისი პრაიდის“ სახელწოდების ქვეშ, სცადა შეკრება და მარშის ჩატარება 16-22 ივნისის დღეებში, ლგბტ თემის წარმომადგენლების უფლებების აღიარებისა და დაცვის მხარდასაჭერად. ეს პერიოდი ემთხვევა ე.წ. „პრაიდის თვეს“, რომელიც აღინიშნება მთელს მსოფლიოში, როგორც ლგბტ თემის აღიარებისა და მხარდაჭერის კვირეული. 

დაწყებული, დაახლოებით, 2019 წლის 15 ივნისიდან რამოდენიმე დღის განმავლობაში, მოქალაქე ლევან ვასაძემ ჩაიდინა შემდეგი:

  • მობილიზება გაუკეთა მოქალაქეთა ჯგუფს,  რომელშიც გააწევრიანა მხოლოდ მამაკაცები და განსაკუთრებით ფიზიკურად ძლიერი მამაკაცები და მოუწოდა შეიარაღებულიყვნენ „მწყემსის კომბლებითა“ და „ქამრებით“ რათა: (1) შეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს სხვა მოქალაქეების მიერ საკუთარი აზრის გამოხატვასა და (2) ხელი შეეშალათ საქართველოს სხვა მოქალაქეებისათვის მშვიდობიანად შეკრებილიყვნენ ზემოთ აღნიშნული მიზნით. ვასაძე ღიად მიმართავდა საკუთარ ქმედებებს ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ (მათ მოიხსენიებდა „სოდომისტებად“), რომლებიც წარმოადგენენ კონკრეტულ ჯგუფს დაცულს დისკრიმინაციისაგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით (მუხლი 142) და საქართველოს კანონით „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ (მუხლი 1). 
     
  • დაემუქრა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს, მონაწილეებსა (ლგბტ თემის წარმომადგენლები) და მათ მხარდამჭერებს ძალადობით და მის მიერ მობილიზებული და შეიარაღებული ფორმირების მიერ დაკავებით. 
     
  • დაემუქრა საქართველოს პოლიციას ძალადობით თუ ისინი იმოქმედებდნენ „თბილისი პრაიდის“ მონაწილეთა დასაცავად ან თუ ისინი ჩაერეოდნენ ვასაძის მიერ ორგანიზებული და შეიარაღებული ფორმირების მოქმედებაში. 

ვასაძის გამონათქვამების სრული სიარომელიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ უკანონო ქმედებებს და გამოქვეყნებული იქნა პრესაშითან ერთვის წინამდებარე წერილს დანართი 1-ის სახით

ვასაძის მუქარის შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2019 წლის 17 ივნისს გამართულ შეხვედრაზე, გააფრთხილა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები, რომ ვერ შეძლებდნენ მათ დაცვას შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლებით სარგებლობისას და ამგვარად, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებსა და მონაწილეებს უარი ეთქვათ თანასწორ დაცვაზე კანონის ძალით. იხილეთ, მაგალითად, სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებები, რომლითაც დასტურდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ „უარი უთხრა აქტივისტებს მოთხოვნაზე გაემართათ „ღირსების მარში“ და რომ მოქმედი კანონის საწინააღმდეგოდ, ლგბტ თემს თავისუფალი შეკრების შესაძლებლობა ქვეყანაში არ აქვს.“

(1) https://www.interpressnews.ge/en/article/102583-ombudsman-says-interior-ministry-rejects-lgbt-activists-request-to-hold-pride; 2) https://www.interpressnews.ge/en/article/102585-ombudsman-lgbt-community-does-not-have-the-freedom-of-assembly-in-this-country; 3) https://www.interpressnews.ge/en/article/551884-nino-lomjarias-gancxadebit-shinagan-sakmeta-saministrom-lgbt-aktivistebs-praidis-chatarebaze-uari-utxra).

შესაბამისად, ვასაძის გაჟღერებულ მუქარებს, როგორც მოქალაქეების ასევე პოლიციის წინააღმდეგ, მოყვა კონკრეტული შედეგი და ხელი შეეშალა „თბილისი პრაიდის“ მარშს და დისკრიმინაციისაგან კანონის ძალით დაცული ჯგუფის მიერ აზრის გამოხატვასა და უიარაღო შეკრებას, როგორც ეს იყო დაგეგმილი. ამ ფაქტით დგება არა მხოლოდ ვასაძის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ თავად სახელმწიფოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსი, რომელმაც ვერ შეძლო მოქალაქეთა თანასწორი დაცვის უზრუნველყოფა კანონის ძალით და იმ მოქალაქეთა კანონიერი უფლებების დაცვა, რომლებიც ცდილობდნენ მშვიდობიანი შეკრებისა და აზრის გამოხატვის უფლებით სარგებლობას.

ვასაძის კრიმინალური ქმედებები, როგორც ეს თავმოყრილია ამ წერილში და უფრო დაწვრილებით მოყვანილია 1 და 2 დანართებში, მოიცავს შემდეგ კანონდარღვევებს: 

  1. ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 142) ვასაძის ძალადობრივი მუქარა, შეიარაღებული რაზმის ფორმირება და „თბილისი პრაიდის“ მარშის ხელშეშლა მიმართული იყო „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებისა და მონაწილეთა წინააღმდეგ მათი სექსუალური ორიენტაციის გამო. (იხილეთ დანართი 1). ასევე, იხილეთ საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, მუხლი 2.2 (რომელიც განსაზღვრავს პირდაპირ დისკრიმინაციას როგორც პირის ჩაყენებას არახელსაყრელ მდგომარეობაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას) და მუხლი 2.5 (წაქეზებას, ხელშეწყობას ანდა დავალების მიცემას მესამე პირის მიმართ დისკრიმინაციის განსახორციელებლად - ანუ  ვასაძემ წააქეზა, წაახალისა და დაავალა  თავის მიმდევრებს დისკრიმინაცია განეხორციელებინათ ლგბტ ადამიანების მიმართ მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას). სახელმწიფოს ქმედუუნარობა უზრუნველყოს „თბილისი პრაიდის“ მონაწილეთა თანასწორი დაცვა ასევე აყენებს სახელმწიფო მოხელეების სამართლებრივ პასუხისმგებლობას - სისხლის სამართლის კოდექსის 142(2() მუხლის თანახმად
     
  2. ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება ... განხეთქილების ჩამოსაგდებად  „რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნის“ მქონე პირთა ჯგუფებს შორის რაც ქმნის „ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს“ (სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 239¹(1). ვასაძის მოწოდებები მიზნად ისახავდა წარმოეშვა უთანხმოება რელიგიურ შეხედულებებზე დაყრდნობით მის მიმდევრებსა და „თბილისი პრაიდის“ მონაწილეთა შორის მათი სოციალური, პოლიტიკური და სხვა ნიშნის გამო.“ ის გარემოება რომ ამ მოწოდებამ გამოიწვია „ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირი და არსებითი საფრთხე“ მკაფიოდ დადასტურდა იმ ფაქტით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსთხოვა „პრაიდის“ ორგანიზატორებს გაეუქმებინათ მარშის ჩატარება და განაცხადა, რომ სამინისტრო ვერ უზრუნველყოფდა მის დაცვას 2019 წლის 17 ივნისს, ვასაძის მიერ გაჟღერებული ძალადობრივი მუქარისა და მის მიერ ფორმირებული რაზმის გამო, რომლის მეშვეობითაც გეგმავდა ვასაძე ამ მუქარების ასრულებას.
     
  3. სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 151). იგივე ქმედება ჩადენილი ჯგუფურად ექვემდებარება კიდევ უფრო მკაცრ სასჯელს, როგორც ეს მოხდა აღნიშნულ შემთხვევაში, რადგანაც ვასაძემ შექმნა შეიარაღებული რაზმი. (მუხლი 151 (2.3.ა). ფიზიკური ძალადობის კონკრეტული მუქარები, რომლებიც ვასაძემ გააჟღერა, დეტალურადაა მოცემული დანართში (როგორიცაა პოლიციის კორდონის გარღვევა, აქტივისტების ფიზიკური დაკავება, მათი ხელების ქამრებით შეკვრა, მათი სხვაგან გადაყვანა, დამუქრება, რომ მისი რაზმი სათავეს დაუდებდა მასობრივ ძალადობას, თუ მარში ნებადართული იქნებოდა და სხვა). ის ფაქტი, რომ ორივეს, როგორც პოლიციელებს ისევე მარშის მონაწილეებს, გაუჩნდათ საფუძვლიანი შიში იმისა, რომ ეს მუქარები შესრულდებოდა ნათლად დადასტურდა სამინისტროს მიერ პრაიდის ორგანიზატორებისადმი წაყენებული მოთხოვნით გაეუქმებინათ მარში, რადგანაც პოლიცია ვერ უზრუნველყოფდა მის დაცვას 2019 წლის 17 ივნისს, ვასაძის მიერ გაჟღერებული ძალადობრივი მუქარებისა და მის მიერ ფორმირებული რაზმის გამო, რომლის მეშვეობითაც გეგმავდა ვასაძე ამ მუქარების ასრულებას.
     
  4. ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით (სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 156(1) და მუხლი 2(ა). ვასაძის მიერ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორთა და მონაწილეთა დევნა მათი „სიტყვის, აზრის, პოლიტიკურ ან საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით“ და ძალადობის მუქარის გამოყენებით სრულად დასტურდება არსებული ფაქტებით. იხილეთ დანართი 1. 
     
  5. შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობის მუქარით (სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 161). ვასაძის მიერ, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებისა და მონაწილეებისათვის შეკრებისა და მარშის მოწყობის უკანონო ხელშეშლა, ძალადობის მუქარის გამოყენებით, ნათლად დასტურდება ფაქტებით. იხილეთ დანართი 1. 
     
  6. უკანონო ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა, გაწევრება ან/და მონაწილეობა, (ლაშქრის, გაერთიანების, რაზმის ან სხვა ჯგუფის). (სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 223(1) და (2). ასევე არალეგალურია მსგავსი უკანონო ფორმირების შესახებ საინფორმაციო მასალის გავრცელება, მისი დაფინანსება და სხვების წახალისება მასში გაერთიანებისათვის (სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 223(3), (4) და (6). ვასაძის მოწოდება, რომ მისი ფორმირების წევრები შეიარაღებულიყვნენ „მწყემსის კომბლებითა“ და „ქამრებით“ იმისათვის, რომ გაერღვიათ პოლიციის კორდონი და ფიზიკურად გასწორებოდნენ და დაეკავებინათ დემონსტრანტები, ასევე ის ფაქტი რომ ამ რაზმის წევრები მართლაც შეიარაღდნენ, ნიშნავს იმას, რომ ეს უკანონო ფორმირება იყო „შეიარაღებული“, როგორც ეს მითითებულია კოდექსში („ცივი იარაღით ანდა ისეთი მოწყობილობით ან საგნით, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად“).  და ასევე, ის ფაქტი რომ ეს რაზმი შეიქმნა იმისათვის რომ არ მიეცა „თბილისი პრაიდის“ მონაწილეთათვის კანონით მინიჭებული თანასწორი დაცვის უფლება, ისევე როგორც არ მიეცა კანონით მინიჭებული უფლებებით სარგებლობის საშუალება აზრის გამოხატვისა და შეკრების შესახებ, ნიშნავს იმას, რომ ამ ფორმირებას ჰქონდა დანაშაულებრივი მიზანი, რომელიც ისჯება სისხლის სამართლით. იხილეთ სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 223, შენიშვნა 1. 
     
  7. ისეთი რელიგიური, პოლიტიკური ან საზოგადოებრივი გაერთიანების შექმნა, რომლის საქმიანობას თან ერთვის ძალადობა (სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 252). ვასაძის მიერ ფორმირებული უკანონო რაზმი, რომელიც აღნიშნულია წინა პარაგრაფში, შექმნილი იყო პოლიციის, „თბილისი პრაიდის“ ორანიზატორებისა და მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობის განსახორციელებლად, როგორც ამას ადასტურებს მტკიცებულებები. იხილეთ დანართი 1. 
     
  8. პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით (სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 353). ვასაძის მუქარები, კერძოდ კი მისი დამუქრება პოლიციის კორდონის გარღვევისა და პოლიციის შეკავების შესახებ, „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებზე წვდომისა და მათზე ძალადობის განხორციელების მიზნით, შეიცავდა პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას, მის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის დროს. სხვა სიტყვებით, ეს მუქარა შეიცავდა პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის აქტს, რადგანაც ამ მუქარამ დაარწმუნა პოლიცია, რომ ვერ შეძლებდა მარშის მონაწილეების დაცვას და შედეგად უბიძგა მოეთხოვა მარშის გაუქმება. ეს იყო პირდაპირი ჩარევა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში. საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნების შემთხვევაში შესაძლებელი გახდებოდა მარშის გამართვა. 

შესაბამისად, ლევან ვასაძის სიტყვები და ქმედებები არღვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მინიმუმ 14 სხვადასხვა მუხლს და მოიცავს დანაშაულის ფართო სპექტრს: უკანონო დისკრიმინაცია, ფიზიკური ზიანის მიყენების მუქარა, ადამიანთა დევნა და მათ მიერ აზრის თავისუფალი გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების კანონიერი უფლებით სარგებლობისათვის ხელის შეშლა  ძალადობისა და იარაღის გამოყენების მუქარით; უკანონო ფორმირების შექმნა და მართვა და ამასთან დაკავშირებული მრავალი აქტი; ძალადობისაკენ საჯარო მოწოდებები; და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა.

მიუხედავად ამისა, საქართველოს პროკურატურამ ვასაძის ქმედებების გამოძიება მხოლოდ და მხოლოდ  დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 223 მუხლით, რომელიც ეხება უკანონო ფორმირების შექმნას. მას არ გადაუდგამს არც ერთი ნაბიჯი იმისათვისრომ გამოეძიებინა ან საქმე აღეძრა ლევან ვასაძის წინააღმდეგიმ მრავალი კანონდარღვევის გამორომელიც მან აშკარად ჩაიდინა სისხლის სამართლის 142, 239¹, 151, 156, 161, 252 და 353 მუხლებისა და სხვადასხვა პარაგრაფის მიხედვით.  უფრო მეტიც, არანაირი სიახლე არ გამოქვეყნებულა ვასაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლით დაწყებული გამოძიების პროგრესის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ეს აქტები ჩადენილ იქნა თითქმის 2 თვის წინ, ფაქტები ღია და აშკარაა, არსებობს ათობით და ასობით თვითმხილველი და პრესაში გამოქვეყნებულია დამადასტურებელი მასალაც. 

ნუთუ საქართველოს პროკურატურას უბრალოდ არ ძალუძს აწარმოოს გამოძიება დროულად და კომპეტენტურად? 

სიჩქარე, რომლითაც პროკურატურამ დააკავა დემონსტრანტები სავარაუდო დანაშაულისათვის, 20-21 ივნისის ღამეს, პარლამენტის წინ, ცხადყოფს, რომ როდესაც არსებობს ნება, პროკურატურა მყისიერად აკავებს ადამიანებს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისათვის. მაშინ, რატომ დასჭირდა პროკურატურას თითქმის 2 თვის ვადა იმისათვის, რომ გამოეძიებინა ვასაძის უკანონო (შეიარაღებული რაზმი) ფორმირების შესახებ ფაქტები და რა მიზეზით ვერ შეძლო პროკურატურამ დაეწყო გამოძიება იმ მრავალი დანაშაულის წინააღმდეგ, რომლებიც ვასაძემ ჩაიდინა იმავე პერიოდში და რომლებიც ღია, აშკარა და მტკიცებულებებით სრულად დადასტურებულია? 

პროკურატურის ქმედუუნარობა დროულად დაასრულოს გამოძიება 223 მუხლით და მისი სრული კრახი გამოიძიოს და ბრალი წაუყენოს ვასაძეს იმ მრავალი დანაშაულის გამო, რომლებიც მან აშკარად ჩაიდინა და დაარღვია სისხლის სამართლის კოდექსის არაერთი მუხლი, ბადებს ძლიერ ეჭვებს ქვეყანაში შერჩევითი და პოლიტიზებული სამართლის არსებობის შესახებ. ამას არ უნდა ქონდეს ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც ეფუძნება კანონის უზენაესობას. 

ზემოაღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, მოვითხოვ, რომ თქვენს დაქვემდებარებაში მყოფმა სტრუქტურამ გამოიძიოს და საქმე აღძრას ლევან ვასაძის წინააღმდეგ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის აშკარა დარღვევების გამო, რომლებიც მოყვანილია წინამდებარე წერილში და ასევე, სხვა შესაბამისი მიზეზებისა თუ გარემოებების გამო, რომლებიც შესაძლოა თქვენთვისაც არის ცნობილი. 

პატივისცემით,

თედ ჯონასი