1
#blogpost

17.12.2019

სოდომის ცოდვაზე, ჰომოსექსუალობასა და ბიბლიაზე

თავიდან ვაპირებდი დამეწერა "ორიოდ სიტყვა სოდომის ცოდვაზე, ჰომოსექსუალობასა და ბიბლიაზე", თუმცა ორიოდ სიტყვაზე მეტი გამოვიდა, მაგრამ, მგონი, ღირს წაკითხვად.

სოდომისა და გომორას ტრაგიკული ისტორია ებრაელთა წმინდა წერილში, მოსეს ხუთწიგნეულის პირველ წიგნში - „დაბადებაში“ არის აღწერილი. მიიჩნევა, რომ ღმერთმა სოდომი და გომორა მათში გამეფებული ბოროტების, უწესობისა და გარყვნილების გამო დასაჯა, რომელთა შორისაც ერთ-ერთ საკვანძოდ ჰომოსექსუალობა და ჰომოსექსუალური კავშირები მიიჩნევა. არ დამეზარა და გულდასმით წავიკითხე ზემოხსენებული წიგნი და მიზეზები, რის გამოც ღმერთმა „გოგირდი აწვიმა“ ამ ქალაქებს.
არც „დაბადებაში“ და არც ბიბლიის სხვა წიგნებში პირდაპირ არსად არაა ნახსენები, რომ ღმერთმა ჰომოსექსუალობის გამო დასაჯა სოდომი და გომორა.

„ბოროტნი იყვნენ სოდომელნი და დიდად სცოდავდნენ უფალს“ (დაბ. 13:13).
„თქვა უფალმა: გახშირდა სამდურავი სოდომსა და გომორზე, მეტისმეტად დაუმძიმდათ ცოდვები“ (დაბ. 18:20).
„იერუსალიმის წინასწარმეტყველთა შორისაც ვხედავ სიბილწეს: გარყვნილებას მისდევენ და ცრუობენ, უკეთურთა მხარი უჭირავთ, რომ არცერთი მათგანი არ მოიქცეს თავის უკეთურობისგან. სოდომივით გახდნენ ჩემთვის ყველანი და გომორასავით - მისი მცხოვრებნი“ (იერემია 23:14).
ეზეკიელ წინასწარმეტყველი პირდაპირ ასახელებს იმ მიზეზებს, რის გამოც დაინგრა ეს ორი ქალაქი და მათ შორის ჰომოსექსუალობა საერთოდ არაა ნახსენები: „აჰა, ეს იყო შენი დის, სოდომის, დანაშაული: ამპარტავნობა, ღორმუცელობა და უდარდელობა მისი და მისი ასულებისა; ღარიბ-ღატაკს ხელს არ უმართავდნენ. გამედიდურდნენ და სისაძაგლის კეთება დაიწყეს ჩემს წინაშე და მეც მოვიცილე ისინი, როცა დავინახე“ (ეზეკ. 16:49-50).

მოკლედ რომ გავიხსენოთ, ისტორია ასეთია: საღამო იყო, როცა ორი ანგელოზი შევიდა სოდომში. ლოტი, რომელიც ერთადერთი მართალი კაცი იყო მთელ იმ ქალაქში, წინ მიეგება მათ და გულით სთხოვა, რომ ისინი მას სწვეოდნენ და ღამე მასთან გაეთიათ. ანგელოზები დათანხმდნენ და მივიდნენ ლოტის სახლში, რომელიც მათ მშვენივრად გაუმასპინძლდა. ამ დროს მათ კარს მიადგნენ სოდომელები და მოითხოვეს ლოტისგან, რომ მას მიეცა მათთვის სტუმრები „რათა ისინი შეეცნოთ“. ლოტმა ხვეწნა დაუწყო: ძმებო, ნუ უზამთ მათ ბოროტსა და სანაცვლოდ თავისი ქალიშვილები შესთავაზა, რომელთაც მანამდე მამაკაცი „არ შეეცნოთ“, თუმცა სოდომელები არ დაოკდნენ და გაექანნენ ლოტისაკენ, მაგრამ ანგელოზები მიეშველნენ, ლოტი გამოაცალეს ხალხს, შეიყვანეს შინ და მოკეტეს კარები. სოდომელებს უნდოდათ, კარები შეემტვრიათ, მაგრამ ანგელოზებმა მათ სიბრმავე დამართეს. დაბრმავებულმა ხალხმა ვეღარაფერი გაიგო, კარებს ვერ მიაგნო და წავიდ-წამოვიდა. ამის შემდეგ ანგელოზებმა განუცხადეს ლოტსა: ჩვენ გამოგზავნილნი ვართ ღვთისაგან ამ უსჯულო და გარყვნილ ქალაქის აღმოსაფხვრელად. თუ შენ ნათესავები გყვანან, ჩქარა გაიყვანე ქალაქიდან. (დაბ. 19:1-13)

საქმე ისაა, რომ სტუმართმოყვარეობა და სტუმრის პატივისცემა ებრაელთათვის უწმინდესი იყო. თუ გავიხსენებთ და ვნახავთ, დაბადების წინა, მე-18 თავში სწორედ ეს ეპიზოდია აღწერილი, როცა უფალი ორ ანგელოზთან ერთად სტუმრობს აბრაამს და სარას. მათი განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობსთვის უფალი უშვილო ცოლ-ქმარს უცხადებს, რომ ერთი წლის შემდეგ მათ უკვე შვილი ეყოლებათ. ასე დააჯილდოვა ღმერთმა აბრაამი და უკვე „დედათა წეს-შესწყვეტილი“ სარა სტუმრის პატივისცემისთვის. ამის შემდეგ უფლის თანმხლები ორი ანგელოზი გაემგზავრა სოდომს და მერე ხდება ის, რაც ზემოთაა აღწერილი.

მიუხედავად იმისა, რომ ღმერთს სოდომის დასჯა წინასწარვე ჰქონდა გადაწყვეტილი, ის ამბავი, რაც ორ ანგელოზს შეემთხვა, ბოლო წვეთი აღმოჩნდა და, მე ვფიქრობ, ბოლო წვეთი აღმოჩნდა არა სოდომელთა ჰომოსექსუალური კავშირის წადილის გამო, არამედ ამ კავშირის ჯგუფური და ძალადობრივი ხასიათის მიზეზით. ღმერთი სწორედ არასტუმართმოყვარეობას, სტუმრების შეურაცხყოფის მცდელობას არ ჰპატიობს სოდომელებს.

ის ფაქტიც აღსანიშნავია, რომ ძველებრაულ და ადრექრისტიანულ სამყაროში ჰომოსექსუალობის, როგორც ორიენტაციის შესახებ საერთოდ არაფერი იცოდნენ. ცნობილი იყო მხოლოდ ჰომოსექსუალური აქტის შესახებ, რომელიც, თავისთავად, არასასურველ ქცევად მიიჩნეოდა, მაგრამ არც იმდენად, როგორც ახლა გვიხატავენ და ლამის ყველაზე მძიმე ცოდვად გვასაღებენ. არადა, 7 მომაკვდინებელ ცოდვაში საერთოდ არაა ჰომოსექსუალობა ნახსენები.

საბოლოოდ და ძალიან მოკლედ რომ ვთქვა, ყბადაღებული "სოდომური ცოდვა", ჩემი აზრით, უფრო ჯგუფური გაუპატიურებაა, ვიდრე მამაკაცის მამაკაცთან წოლა.