1
#News

05.12.2020

ILGA-Europe-ის წლიური ანგარიში საქართველოში ლგბტი უფლებების შესახებ

Საერთაშორისო ლგბტი ასოციაცია ILGA-Europe-მა ადამიანის უფლებების წლიური ანგარიში გამოაქვეყნა. Ანგარიშში სხვა ქვეყნებს შორის მიმოხილულია საქართველოში 2019 წლის განმავლობაში ლგბტი უფლებების კუთხით არსებული სიტუაციაც. Განხილულ საკითხებს შორის არის სიძულვილით მოტივირებული ძალადობა, თანასწორობა და არადისკრიმინაცია, შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, ჯანმრთელობის უფლება, გენდერის სამართლებრივი აღიარება და საზოგადოებრივი აზრი.


ILGA-Europa-ის ანგარიშში სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს შორის მოხვდა ლევან ვასაძის ქმედებები, როდესაც იგი პრაიდის მარშს კომბლებით შეიარაღებული თვითორგანიზებული “პატრულებით” დაემუქრა. Ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები არ გატარებულა.


Ანგარიშში ასახულია ლგბტი ადამიანებისთვის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით არსებული პრობლემები. Კერძოდ, ყურადღება არის გამახვილებული: ა) 31 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ სახელმწიფო უწყება პრაიდის მარშის მონაწილეების დაცვას ვერ უზრუნველყოფდა; და ბ) საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის 14 ივნისის განცხადებაზე, სადაც ჰომოსექსუალობა ცოდვად არის მოხსენიებული და საპატრიარქო მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ პრაიდის ჩატარება არ დაუშვას. Ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ 14 ივნისს პრაიდის ორგანიზატორებისა და მხარდამჭერების აქციას ულტრამემარჯვენე სიძულვილის ჯგუფები დაუპირისპირდნენ. Პოლიციამ კონტრაქციის 28 მონაწილე დააკავა.


Ანგარიშში აღნიშნულია, რომ თბილისის პრაიდის მარში ორჯერ გადადების შემდეგ სპონტანურად ჩატარდა 8 ივლისს. Ღონისძიება დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა და ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან თავდასხმის საფრთხის გამო დაიშალა. 


Გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კუთხით დასახელებულია სხვა მოვლენებიც. Მაგალითად, 14 მაისს WISG-ის ვებსაიტზე კიბერშეტევა განხორციელდა, ხოლო ფეისბუქზე ორგანიზაციის რამდენიმე ვიდეო წაიშალა. Ანგარიშში მოხვდა ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერის დროს კინოთეატრის ბლოკირება და მუქარებიც, რომ ჩვენებას ჩაშლიდნენ. 


ILGA-Europe-ს ანგარიშში მოხვდა ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები. Კერძოდ, ახალი ცვლილების თანახმად, კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის  დისკრიმინაციის საკითხებზე სახალხო დამცველთან თანამშრომლობა სავალდებულო გახდა. Კანონს ასევე დაემატა სექსუალური შევიწროება, როგორც დისკრიმინაციის ფორმა. Მიუხედავად პროგრესული საკანონმდებლო ცვლილებებისა, გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტი, ვიქტორ მადრიგალ-ბორლოსი აღნიშნავს, რომ არსებობს პრობლემები იმპლემენტაციის კუთხით, განსაკუთრებით, დისკრიმინაციასთან, სიძულვილის ენასა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან მიმართებაში. 


Რაც შეეხება ჯანმრთელობის უფლებას და გენდერის სამართლებრივ აღიარებას - WISG-მა ტრანსგენდერი ადამიანების ჯანმრთელობის უფლების დარღვევის გამო სახალხო დამცველს მიმართა; 17 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ნორმა, რომელიც მსმ-ებს ათი წლის განმავლობაში სისხლის დონაციას უკრძალავს, დისკრიმინაციულია; ოქტომბერში ტრანსგენდერმა კაცმა, რომელსაც გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე უარი ეთქვა, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს მიმართა.


ILGA-Europe-ის ანგარიშში ასახულია NDI-ის საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები - მოსახლეობის 27% ფიქრობს, რომ ლგბტ უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია. 


Წყარო: ILGA-Europe