1
#News

05.03.2020

სექსუალური უფლებები რუსეთსა და საქართველოში: რა მსგავსებები არსებობს?

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წარადგინა რუსეთის კონსტიტუციის ცვლილების პროექტი, სადაც ნახსენებია "ღმერთის რწმენა" და გაცხადებულია, რომ ქორწინება მხოლოდ ქალს და კაცს შორის კავშირია. ამ სვლით ერთნაირსქესიანთა ქორწინება კონსტიტუციურად იკრძალება.


აღნიშნული ცვლილება პუტინის ანტიდასავლური (ანტილიბერალური) პოლიტიკის ნაწილია, რასაც პრეზიდენტი უკვე წლებია, რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთად ახორციელებს. პუტინი აცხადებს, რომ ჰომოსექსუალობა და გენდერული ფლუიდურობა რუსულ ღირებულებებს არ შეესაბამება და პირობას დებს, რომ სანამ ის პრეზიდენტია, რუსეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაცია არ მოხდება.


საინტერესოა, რომ მსგავსი კონსტიტუციური ცვლილება საქართველოს პარლამენტმა 2017 წელს მიიღო. ამ ცვლილების მიხედვით, ქორწინება “ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის კავშირად” განისაზღვრა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, ამ ცვლილების მიზანი ის იყო, რომ სხვადასხვა ჯგუფებს ჰომოფობიური და ანტიდასავლური განწყობების გაღვივების საშუალება არ მისცემოდათ. მიუხედავად ამისა, ცვლილება ცალსახად უარყოფითად შეფასდა არასამთავრობო სექტორის, აქტივისტური და აკადემიური წრეების წარმომადგენლების მიერ - როგორც ანტიდემოკრატიული და პოპულისტური. 


სექსუალური უფლებების კუთხით რუსეთსა და საქართველოს შორის სხვა მსგავსებებიც არსებობს: 2013 წელს პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ე.წ. ლგბტ პროპაგანდას კრძალავს. აღნიშნულ კანონს დასავლეთის ქვეყნების სამოქალაქო და პოლიტიკური წრეების პროტესტი მოჰყვა, რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირმა 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაზე დასწრებაზეც კი უარი განაცხადა. ასევე, 2014 წელს “საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” საქართველოს პარლამენტში მოახდინა “პროპაგანდის” ამკრძალავი კანონის ინიცირება. აღნიშნულ კანონს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა, თუმცა პრაქტიკაში საჯარო სივრცეში ლგბტ  გამოხატვის თავისუფლება უკვე წლებია, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.