
Blogpost: freedom
11/26/2019
მორჩილება
რა სახე აქვს მორჩილებას? როგორები არიან მორჩილი სხეულები? ალბათ ბევრნაირი, მაგრამ ჩემთვის მორჩილი სხეული ის სხეულია, რომელიც მხოლოდდამხოლოდ საკუთარ ფიზიკურ გადარჩენას ისახავს მიზნად. ჩვენს რეალობაში ეს მიზანი ჟღენთს ყოველდღიურობას და სხეულის ყოველ მოქმედებას, მათ რიგს, თანმიმდევრობას და დროითობასაც იქვემდებარებს. ასე ვიღებთ, ფუკოს სიტყვებით რომ ვთქვათ, დისციპლინირებულ და ბიოპოლიტიკით რეგულირებულ სხეულებს. რესურსების სიმწირის პირობებში ეს სხეულები დისციპლინირდებიან და ამავდროულად, ერთმანეთს უპირისპირდებიან, ებრძვიან, ერთმანეთის ჩასაწიხლად და გასანადგურებლად იწევენ - მორჩილი სხეულისთვის გადარჩენის ერთადერთი გზა სხვისი განადგურებაა. თვით მორჩილების არსი ამ მიზნის, ამ სახის რეგულირების გათავისება და სუბიექტივაციაა.
დრამა
მორჩილების სიჭარბე, აღიარების ნაკლებობა - ეს მდგომარეობაა, როცა არსებობ და თან არც არსებობ. მხოლოდ მორჩილება ვერ იქნება, ეს აუტანელია. არსებობა სიცარიელედ, ნაკლებობად, არარეალიზებულობად, დამცირებად განიცდება. ეს დანაკლისი რაღაცამ უნდა შეავსოს და ნაკლოვანება დააკომპენსიროს - ამიტომ მორჩილების თანმხლებად დრამა იქცევა. დრამა ისეთივე გათავისებული, ყოველდღიური თუ ჭარბია, როგორიც მორჩილება. დრამა გვევლინება მრავალი სახით - ეჭვი, შიში, ბრაზი, ჩხუბი, ტირილი, წუწუნი... ის ყველა მიმართულებით მოძრაობს - ერთი სხეულიდან მეორე სხეულისკენ, მაგრამ ასევე ცალკეულ სხეულს შიგნით. ხანდახან დრამა იმდენად ჭარბი ან/და კომიკურად ჰიპერბოლირებულია, რომ გგონია, რომელიმე მორიგი დრამატული ეპიზოდის დასასრულს გამხმოვანებლის ხმას გაიგონებ: “118-ე სერიის დასასრული”.
მაგრამ ჩვენი დრამა სერიალის მსგავსად არ სრულდება - ბოლო სერიაში მთავარი პერსონაჟები ერთად არ იკრიბებიან, ნაჩხუბარი მეგობრები და შეყვარებულები არ რიგდებიან. ამის ნაცვლად, დრამა მოქმედ გმირებს თანდათან კარგავს და იკუმშება, ისევე როგორც შექსპირის ტრაგედიებში, სადაც ბოლო მოქმედებაში ყველა მთავარი პერსონაჟი მკვდარია. ისღა დაგრჩენია, სცენარს არ გადაუხვიო და სცენაზე დაეცე.
ფილმი
ფილმის, “და ჩვენ ვიცეკვეთ” ღირსებებზე ბევრი რამ დაიწერა: მაგალითად, ითქვა ის, რომ ეს არ არის მხოლოდ გეი-დრამა, ესაა ფილმი თანამედროვე საქართველოზე, სიღარიბეზე, ახალი თაობის ბრძოლაზე გადარჩენისა და კულტურის ტრანსფორმაციისთვის, თავისუფლებაზე და სიყვარულზე. მაგრამ არის ერთი ასპექტი, რომელიც ამ შეფასებებში არ გამოკვეთილა: რას გვეუბნება ფილმი არა საქართველოზე ან კულტურულ ბრძოლებზე, არამედ რას გვეუბნება ფილმი მერაბზე (მთავარი პერსონაჟი), როგორც ადამიანზე და ინდივიდზე? ვინ არის მერაბი, რატომ უნდა ვაღიაროთ, დავაფასოთ, თანავუგრძნოთ და გვიყვარდეს ის? მერაბი მოცეკვავეა, მაგრამ მისი მთავარი ღირებულება ეს არ არის. სინამდვილეში ფილმი გვეუბნება სკანდალურ, წარმოუდგენელ რამეს - იმისთვის რომ არსებობის უფლება მოგეცეს, არ არის აუცილებელი იყო წარმატებული მოცეკვავე, წარმატებული ჰეტეროსექსუალი, მერაბი ღირებულია მხოლოდ იმიტომ, რომ არის, შენ ღირებული ხარ, რადგან უბრალოდ არსებობ. ეს სკანდალური განაცხადია, ამის მიღება ყველაზე რთულია საზოგადოებაში, რომელიც მუდმივად მოითხოვს, დაამტკიცო, რომ გაქვს არსებობის უფლება (“მე სახალხო არტისტი ვარ, შენ კი არავინ!”).
I know myself,
And I think it does not work
To be myself…
მერაბი აღმოაჩენს, რომ არ არის მორჩილი და “გამოდის გარეთ,” არა მხოლოდ გამოდის, არამედ ბედავს შეიყვაროს თავისი თავი, და თავისი დაუმორჩილებლობა და გამოხატვა ღირსების წყაროდ აქციოს. ეს არის თვითაღიარების აქტი, თავისუფლება ბიოძალაუფლების პირისპირ, თავისუფლება თავისუფლებისთვის.
თავისუფლება
ქვიარ თეორიტიკოსი, ლეტისია საბსეი საუბრობს იმაზე, რომ თანამედროვე სამყაროში “თავისუფლების” ცნება სხვადასხვა მნიშვნელობას იძენს იმის მიხედვით, რომელი კულტურული თუ იდეოლოგიური ჯგუფები იყენებენ მას. არსებობს “თავისუფლების” ემანსიპატორული, და მეორე მხრივ, ნეოლიბერალური, კონსერვატიული და ულტრამემარჯვენე ვერსიებიც. ეს ნიშნავს, რომ თავისუფლება ერთგვარი ცარიელი აღმნიშვნელია, რომლის ირგვლივაც სხვადასხვა ჯგუფების პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს.
ეს თავისუფლებასთან დაკავშირებული ერთ-ერთი თავსატეხია. მეორე პრობლემა იმგვარი ემანსიპატორული თავისუფლებაა, რომელიც როგორღაც “არასრულია”. ამგვარმა თავისუფლებამ შეიძლება უკმარისობის გრძნობა წარმოშვას: როგორც “და ჩვენ ვიცეკვეთ-ს” შესახებ ერთ-ერთი კრიტიკულ რეცენზიაში შენიშნავენ: “გამბედაობა გამბედაობას ადასტურებს. გათავისუფლება იმისთვისაა საჭირო, რომ ითქვას - მერაბი გათავისუფლდა.”
რა შეიძლება დაემართოს სხეულს, რომელიც აღარ მორჩილებს, რომელიც ძალაუფლებას გაურბის? ჩვეულებრივ, სხეული ძალაუფლებისგან (შესაძლო საფრთხისგან) თავს იზღუდავს და საკუთარი ავტონომიის ჩამოყალიბებას ცდილობს. თუმცა რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ძალაუფლების შიში არ ცხრება და პირიქით, შესაძლოა იზრდება კიდეც? მაშინ შეიძლება ავტონომია იზოლაციად იქცეს. იზოლირებული სხეული მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მიმოცვლას წყდება, სხეულის ნაწილები ლპობას იწყებ, ის საკუთარი თავის პარაზიტად იქცევა - საკუთარ თავს ჭამს. ცოტაც და სხეული განადგურდება, მაგრამ ძალაუფლების შიში უფრო ძლიერია (სიკვდილის შიშზე უფრო ძლიერი?).
საერთო ჯამში, ეს თავისუფლების კრებულია: მორჩილება, დრამა, თავისუფლება ერთმანეთში ირევა; კრებულში არსებული მიზეზ-შედეგობრივი კავშირებისა და წინააღმდეგობების პირობებში თავისუფლების ირგვლივ კრიტიკა და ახალი კითხვები წარმოიქმნება. რატომ არ არის საკმარისი ის, რასაც “თავისუფლებას” ვუწოდებთ? კიდევ რა შეიძლება იყოს “თავისუფლება”?
როდესაც მერაბი “გარეთ გამოდის,” როდესაც თავს გამოხატავს, როდესაც ცეკვავს, ის “თავისუფლდება”. მაგრამ ეს ნეგატიური თავისუფლებაა - ძალაუფლებისგან გაქცევა და მისი უარყოფა. ის, რაც უკმარისობის თუ უკმაყოფილების გრძნობას გვიჩენს, პოზიტიური თავისუფლების ნაკლებობაა. შესაბამისად, შეგვიძლია ვიკითხოთ: რა არის თავისუფლება - რა არის არა ის, რასაც გაურბიხარ და რასთან წინააღმდეგობაშიც განსაზღვრავ თავს, არამედ რა არის ის, რასაც ეძებ? რა უნდა მერაბს, რას ეძებს მერაბი? რა არის ეს? “რა არის შენი გენგეგმა?”
გამოყენებული მასალა
გვახარია, გიორგი. 2019. “აქცია კინოპრემიერაზე - 10 ფილმი, რომლის ჩვენებას მაყურებლის პროტესტი მოჰყვა.” https://www.radiotavisupleba.ge/z/21604/2019/11/8
პუარი, ჯასბირ. 2019. “ქვიარ დრო, ქვიარ კრებულები.” http://platforma.ge/?p=2948
ჭუმბურიძე, თორნიკე. 2019. “და ჩვენ ვუცეკვეთ.” http://liberali.ge/articles/view/46660/da-chven-vutsekvet
Akin, Levan. 2019. And Then We Danced. French Quarter Film.
de Bakker Castro, Thais and Leticia Sabsay. 2019. “Struggles Around the Empty Signifier of Freedom: An Interview with Leticia Sabsay.” Contexto Internacional 41 (2): 397-405. http://www.scielo.br/scielo.php?script=sci_arttext&pid=S0102-85292019000200397
Foucault, Michel. 1978. The History of Sexuality: Volume 1, tr. Robert Hurley. New York: Pantheon Books.
Foucault, Michel. 1995. Discipline and Punish: The Birth of the Prison, tr. Alan Sheridan. New York: Vintage Books.
KayaKata. 2019. Polo Palace. https://www.youtube.com/watch?v=C2hU7DXJ0gk
Kite. 2010. Jonny Boy. https://www.youtube.com/watch?v=O6GHBJUfbxM