1
#blogpost
    

დედას ეგონა, რაღაც “მჭირდა”

13.05.2021


გამარჯობა, მკითხველო!
ალბათ, გაინტერესებს რა “მჭირს” და რატომაა ეს სიტყვა ბრჭყალებში.

მოკლედ, დედა ბავშობიდან ცდილობდა, ჩემი საჯარო იმიჯი კარგი ყოფილიყო. მე ბაღში არ მივლია. როგორც მახსოვს,, დედამ „გამოსასვლელი“ ტანსაცმელი, პირველად მის დაქალთან ვიზიტის დროს ჩამაცვა. როგორც პატარა ბავშვს,სულ არ მესმოდა რა საჭირო იყო მოუხერხებელი ტანსაცმლის ჩაცმა, სხვების მოსაწონად. ახლა მესმის, რატომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი აღიარება, მაგრამ ამის მიღწევას დაუთოვებული ტანსაცმლის მეშვეობით აღარ ვცდილობ.

ყოფილა სირცხვილის მძაფრი განცდაც. ქუჩაში ვტიროდი. დედაჩემმა ეს ფანჯრიდან შეამჩნია და საჯარო სივრცეში დამიცვა, თუმცაჩემთვის ეს ძალიან „არაბიჭური“ მოვლენა იყო. ბავშოვიდან მიჩიჩინებდნენ, რომ კაცები უნდა იყვნენ ძლიერები, კაცები არ უნდა ტიროდნენ. მამაჩემი ყოველთვის ასეთი ფიგურა იყო ოჯახში. ცოტას ლაპარაკობდა. ზოგჯერ ხუმრობდა. ზოგადად, აღიქმებოდა, როგორც ძალიან მკაცრი და სერიოზული პიროვნება. მთელი დღე მუშაობდა და ბავშვების აღზრდა დედაჩემს ევალებოდა.
მამაჩემის თვალებზე ცრემლი სულ ორჯერ ვნახე - მისი მშობლების, ჯერ ჩემი ბაბუის და შემდეგ ბებიის დაკრძალვაზე.

ჩვენს ოჯახში ყველა მუშაობს. ყოველთვის მუშაობდა. არავის არასდროს არ ჰქონია დრო ესაუბრა ერთმანეთის გრძნობებზე. ცუდად ყოფნა, მხოლოდ ფიზიკურად ცუდად ყოფნას ნიშნავდა. თუ დროის გარკვეულ მონაკვეთში უბრალოდ უუნარო ხარ და ვერ მუშაობ, მაშინ ხარ ცუდად.მაგრამ თუ გაწუხებს ცუდი ფიქრები, ან გაწყენინეს, შფოთავ,
გეშინია, ეს გაუგებარი მიზეზებია.
Ბავშვობიდან ვგრძნობდი, რომ სერიოზულად არ მიყურებდნენ. არადა ბავშვობაშიც კი, მინდოდა ჩემი აზრი გაეთვალისწინებინათ. მე არ მეკითხებოდნენ, რისი ჭამა მინდოდა ან რისი ჩაცმა. Როცა ჩემი დაბადების დღე იყო, მე არ მეკითხებოდნენ თუ ვინ უნდა ყოფილიყო ჩვენი სტუმარი, იქნებ ინოდა რომელიმე მეგობარი დამეპატიჟებინა? არავის ვადანაშაულებ ამაში. ნაწილობრივ ეს ჩემი ოჯახის და საზოგადოების სიდუხჭირის ბრალიც იყო. ადრე მასწავლიდნენ, რომ დიდი სირცხვილი იყო იმის აღიარება, რომ შენს

ოჯახს რაღაცის ყიდვის საშუალება არ აქვს. ახლა სასაცილოდ მეჩვენება ამის დამალვა. მგონია, რომ საზოგადოებაში, თუ 1 ადამიანიც კი ღარიბია, მაშინ მთელი საზოგადოება ღარიბია. როცა ვარდების რევოლუცია მოხდა, მე მეორე კლასში ვიყავი. ბევრი რეფორმა გამოვიარეთ მოსწავლეებმა. მახსოვს, როგორი სიამაყე მეუფლებოდა საქართველოს ახალი ჰიმნის წაკითხვისას, რომელიც უკვე წიგნების უკანა ყდაზე იყო ხოლმე. მახსოვს ჩვენი გერბიც და წარწერა „ძალა ერთობაშია“.
მოკლედ ეს ჩემი განხვავებულობის ამბავია, და ის, თუ როგორ ცდილობდა დედაჩემი ეს განსხვავება წაეშალა.
როგორც იცით,პატრიარქალურ საზოგადოებაში, კაცს ევალება იმუშაოს, იყოს ძლიერი და არჩინოს ოჯახი. ამ დროს ქალებმა უნდა იზრუნონ ბავშვებზე და აღზარდონ პატიოსანი შვილები. სიტყვა პატიოსანის მაგივრად მე უფრო კანონმორჩილი მომწონს, მაგრამ კანონი თუ არ ვარგა, იმ კანონის მორჩილება უხერხულიცაა. თუ მამა მთელი დღე გარეთ არის, პატარა გოგონები და ბიჭები „ქალობასაც“ და „კაცობასაც“ დედისგან სწავლობენ. დედაზეა დამოკიდებული ის „ქალური“ თუ „კაცური“ იდეები, რომლებსაც ჩაუნერგავენ შვილებს. ჩემთვის გაურკვეველი იყო „კაცობის“ კონცეფტი. მამაჩემი მთელი ცხოვრება ეწევა და მე მოწევა არასდროს მყვარებია. 17 წლამდე არც მქონდა გასინჯული სიგარეტი. ვხედავდი, რომ კაცები ბევრს სვამდნენ ქალებთან შედარებით და იყენებდნენ ჩემთვის მიუღებელ სიტყვებს. ვხედავდი, რომ ხშირად კამათობდნენ და ხმამარლა საუბრობდნენ. ეს ყველაფერი არ მომწონდა, თუმცა ამასთანავე გულში ყოველთვის მეშინოდა მათი. მე ფიზიკურადაც პატარა ვიყავი, ისინი კი უზარმაზარი არსებები იყვნენ, უხეში კანი და წვერი ჰქონდათ..
მამაჩემი 30 წელზე მეტია მშენებლობაზე მუშაობს. მას ხელზე კანი ხშირად აქვს დამსკდარი და გაუხეშებული. ვერ იტანს ხელთათმანებს. ისეთი კაცია, ქოლგასაც რომ არ
ხმარობს და ქალის აქსესუარად თვლის. მე არ მომწონდა ეს ყოველივე და თავს ქალების გარემოცვაში უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობდი. როცა გავიზარდე, დედაჩემმა შამჩნია რომ არ მიყვარდა ფეხბურთი, არ მაინტერესებდა მანქანები. ჩვენში დარჩეს და ძალიან ბანალური ინტერესებია არა?! მე მიყვარდა ცხოველები და ბუნება, ექსპერიმენტები. დედა ხშირად მეჩხუბებოდა, რადგან გაკვეთილების ნაცვლად ვუყურებდი Discovery Channel-ს და Animal Planet-ს, კიდე Jetix-ს. საკაბელო ტელევიზია მაშინ თვეში 7 ლარი ღირდა (ეჰ როგორ გაუფასურდი ჩემო ლარო?!).

„კარატეზე შევიყვანოთ“ - ამბობდა დედაჩემი. ამ დროს მე ცეკვა და პიანინოზე დაკვრა მინდოდა მესწავლა. პატარა ასაკიდანვე მივხვდი, რომ ოჯახში მომიწევდა საკუთარი გრძნობების დამალვა და ტყუილი. თუ სიმართლეს ვიტყოდი კი, ან არ დავფიქრდებოდი ჩემს საქციელზე, შედეგი ყოველთვის მათი მიუღებლობა იყო , და ჩემი გაკიცხვის მიზეზი ხდებოდა. სკოლაში კარგი ნიშნები მყავდა, მაგრამ დედაჩემს არასდროს უკითხავს, რა მივიღე რომელიმე საკონტროლოში ან რა გამომყვა სემესტრის ბოლოს. მეორე კლასიდან
სკოლაში მარტო დავდიოდი და არავინ დამყვებოდა. ჩხუბით მივაღწიე იმას, რომ ჩემს ძმასთან ან დასთან ერთად არ მევლო სკოლაში. ვამბობდი „არ ვარ პატარა და შემიძლია სკოლაში მარტო ვიარო!“ უკვე მაშინ მაწუხებდა კომპლექსი, რომ არ ვარ საკმარისად კარგი, არ ვარ საკმარისად ბიჭური, არ ვარ საკმარისად ჭკვიანი. როგორც ყველაზე პატარას, ოჯახში ბევრი მკოცნიდა და ეს არ მომწონდა. მხოლოდ რამდენიმე ჩემთვის საყვარელი გოგო მყავდა არჩეული ვისი ჩახუტებაც მიხაროდა. Ბავშვობიდან ძალიან კომუნიკაბელური ვიყავი და ეს, ალბათ, ჩემი თვითგადარჩენის ერთ-ერთი ყველაზე გამოხატული სტრატეგიაა. ნებისმიერ გარემოში ვპოულობდი მეგობრებს და დედაჩემს ყოველთვის უკვირდა. სადღაც 5 წლის ვიყავი, როცა უცხო გოგო მივიყვანე ეზოდან სახლში და განვუცხადე ჩემებს, რომ ეს გოგო ჩემი ცოლი უნდა გამხდარიყო. არ ვიცი შეგექმნებათ თუ არა ამით წარმოდგენა იმაზე, თუ რამდენად ვნერვიულობდი, ჩემს ოჯახს კარგ ბიჭად, კაცად ჩავეთვალე.

რადგან მამაჩემი მთელი ცხოვრებაა მშენებლობაზე მუშაობს, გაუთოვებული პერანგი განსაკუთრებულ დღეებში აცვია ხოლმე - ქორწილი, დაბადების დღე, პანაშვიდი... მე მეცხრე კლასის შემდეგ ბევრი რამ გავიაზრე და ცოტათი თვალები გავახილე. აღარ ვემორჩილებოდი მშობლებს და ვიპოვე ის, რაც მე მინდა, ეს იყო თავისუფლება. არც მეტი არც ნაკლები ჩემი პიროვნული თავისუფლება, გასაუთოვებელი პერანგის ჩაცმით აღვნიშნე. ეს პირველი შემთხვევა იყო როცა დედაჩემს ძალიან ვეკამათე. ის მიჩიჩინებდა, რომ ასე არ შეიძლებოდა, მეზობელი იფიქრებდა, რომ „პატრონი არ გყავს“, რომ „არავინ მივლის“. მე მაშინ დედას ვუთხარი, რომ მეზობლების აზრი არ მაინტერესებს და გასაუთოვებელი პერანგი ჩემი არჩევანი იყო. ჩემი არჩევანი იყო საყურეც. ჩემი იდენტობა კი, არ ყოფილა არჩევანი. მე ავირჩიე საკუთარი თავი ვაღიარო, ხოლო შემდეგ არ დავუმალო ირგვლივ მყოფთ თუ ვინ არის ნამდვილი მიკო.
მე ბედნიერი ვარ რომ არ მიწევს ტყუილი. იყო ქვიარი არ არის სასირცხვილო და ეს არაფერს არ გამორიცხავს,~. ეს არ ნიშნავს იყო კარგი, თუმცა კარგი ქვიარ ადამაინებიც ბევრნი არიან (უნარების ტესტი ხომ გინახავთ ერთხელ მაინც?)

ამბობენ რომ პერანგები მიხდება. ყოველთვის როცა პერანგს ვიცვამ, მახსენდება რამდენჯერ ვეკამათე დედაჩემს, იმისთვის, რომ მე ვყოფილიყავი მე, და არა კაცობის ნიღაბი, საზოგადოების იმ ნაწილის აღიარების მოსაპოვებლად, ვისთვისაც, გაუთოვებული პერანგი რამეს ნიშნავს.




Მოამზადა თბილისი პრაიდმა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

ბლოგის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისი პრაიდი, ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს