1
#blogpost
    

COVID-19 ვაქცინაცია და ტრანს თემი

14.07.2021


ბლოგის ავტორია მარიამ კირვალიძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მკვლევარი, კაროლინსკას ინსტიტუტი, შვედეთი.


სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, ახალი კორონავირუსის (SARS-CoV-2) საწინააღმდეგო ვაქცინების მიმართ ნდობა ტრანსგენდერ თემში შესაძლოა უფრო დაბალი იყოს, ვიდრე ფართოდ ლგბტქ+ თემში. ამის მიზეზი სამედიცინო სისტემის მიერ ტრანსგენდერი ინდივიდების ისტორიული დისკრიმინაცია, გარიყვა და სისტემური სტიგმატიზაციაა. ამ მხრივ საქართველოშიც არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევები, რის გამოც აუცილებელია ტრანსგენდერი თემის ინფორმირება ვაქცინაციის პროცესის შესახებ.


ლგბტქ+ თემი უფრო მეტად მოწყვლადია კოვიდ-19-ის უარყოფითი შედეგების მიმართ მრავალი მიზეზის გამო, როგორიცაა ხშირი თანმხლები დაავადებები, მაღალრისკიანი სამუშაოების შესრულება, დაბალი სოციოეკონომიკური სტატუსი და არადამაკმაყოფილებელი საცხოვრებელი პირობები, სტიგმა და დისკრიმინაცია სამედიცინო სერვისების მიღებისას. ვაქცინა საშუალებას გვაძლევს თავიდან ავირიდოთ ინფიცირება, ან, ინფიცირების შემთხვევაში, ბევრად უფრო მარტივად გადავიტანოთ ინფექცია. აცრილ პირებში მნიშვნელოვნად მცირდება ინფიცირების შემთხვევების სიხშირე, საავადმყოფოში მოთავსების საჭიროების სიხშირე და ფატალური შედეგის რისკი.



ყველა ვაქცინას ახასიათებს გვერდითი მოვლენები. ხშირი გვერდითი მოვლენებია ცხელება, კუნთების ტკივილი, ნანემსარი ადგილის მტკივნეულობა, ზოგადი სისუსტე. ძალიან იშვიათია ალერგიული რეაქციები, ნევრალგია, თრომბოზული გართულებები. ვაქცინაციის სარგებელი (დაავადების პრევენცია, მსუბუქად გადატანა, სიკვდილობის შემცირება) გვერდითი მოვლენების რისკს ბევრად აღემატება. ამიტომ ვამბობთ, რომ ვაქცინაციის სარგებელი აჭარბებს დაკავშირებულ რისკებს.



ტრანსგენდერი თემისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, ხომ არ ახდენს ვაქცინაცია გავლენას ჰორმონულ თერაპიაზე. ამ საკითხზე ღელვა ბუნებრივია, რადგან ისტორიულად ტრანსგენდერი ინდივიდები კლინიკურ კვლევებში წარმოდგენილი იშვიათად არიან და ახალი ვაქცინები კონკრეტულად თემის წევრებში გამოკვლეული არ არის. ამის მიუხედავად, ჰორმონული თერაპიის და ვაქცინის მექანიზმური ურთიერთზემოქმედების რისკი ძალიან დაბალია. ვაქცინის კომპონენტები მოქმედებენ იმუნურ სისტემაზე და არ იწვევენ ჰორმონული აქტივობის ცვლილებას. არ არსებობს მტკიცებულება/მონაცემები კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებსა და ჰორმონულ თერაპიას შორის ურთიერთქმედების თაობაზე. ევროპის არცერთ ქვეყანაში (სადაც გვერდითი მოვლენების აღრიცხვის სისტემები გამართულად მუშაობს) არ დაფიქსირებულა კავშირი ჰორმონულ თერაპიასა და გვერდითი მოვლენების რისკს შორის ტრანსგენდერ თემში.


აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ვაქცინა, განსაკუთრებით ოქსფორდი/ასტრაზენეკას ბრენდის ვაქცინა, მცირედ ზრდის თრომბოზული გართულებების რისკს ახალგაზრდა ქალებში. ამის მიუხედავად, ვაქცინასთან დაკავშირებული რისკი ბევრად დაბალია, ვიდრე კოვიდ-19 ის განვითარების შემთხვევაში მძიმე გართულებების რისკი. მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ტრანსგენდერ ქალებში 55 წლამდე უმჯობესია სხვა ვაქცინების გამოყენება.



ასევე საინტერესოა, რომ მოდერნას და ფაიზერის ბრენდების ვაქცინების მიღებისას გამოვლინდა ალერგიული რეაქცია დერმული ფილერების მქონე პირებში. ფილერის შეყვანის შემდეგ რეკომენდებულია 2-4 კვირიანი მოცდის პერიოდი ვაქცინის პირველი დოზის მიღებამდე.



რაც შეეხება ალერგიებს, ვაქცინის მეორე დოზა რეკომენდებული არ არის, თუ დაფიქსირდა ალერგია პირველ დოზაზე. სხვა ნივთიერებებზე, მტვერზე ან საკვებზე ალერგიის შემთხვევაში ვაქცინაცია დაშვებულია. ეს ნიშნავს, რომ ზუსტად ვერ გვეცოდინება, ვართ თუ არა ალერგიულები კონკრეტული ვაქცინის მიმართ, მაგრამ მსგავსი ალერგიების რისკი ძალიან დაბალია (მაგ. აშშ-ში ფაიზერის 2 მილიონ დოზაზე 20 შემთხვევა, არცერთი ფატალური). აცრის ყველა პუნქტი აღჭურვილია ეპინეფრინით, რომელსაც მოულოდნელი ალერგიული რეაქციების დროს იყენებენ.



კოვიდ-19 ინფექცია ბევრად უფრო დიდ რისკს უქმნის ტრანსგენდერ თემს, ვიდრე ვაქცინაცია. არ არსებობს მტკიცებულება/ინფორმაცია კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებსა და ჰორმონულ თერაპიას შორის ურთიერთქმედების თაობაზე. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო ორგანიზაციები და სათემო ორგანიზაციები მხარს უჭერენ ტრანსგენდერ თემში ვაქცინაციის ხელშეწყობას.

 

 

 

ბმულები:

Massachusetts Transgender Political Coalition ვებინარი: https://www.youtube.com/watch?v=8aBDgVXQANE

 

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისის ინფორმაცია პაციენტებისათვის:

https://gic.nhs.uk/info-support/hormone-therapy-during-the-covid-19-outbreak-patient-information/

LGBT Foundation: https://bit.ly/3e48VgB

რატომ არ ენდობა ტრანსგენდერი თემი ვაქცინაციის პროცესს? https://www.discovermagazine.com/health/why-its-harder-for-many-transgender-people-to-access-and-trust-covid-19