1
#blogpost
    

ერთი დედის ისტორია: რატომ ვამჯობინე ჩემი შვილი ეკლესიას

23.09.2021


“24 წლის ასაკში უკვე ორივე მშობელი გარდაცვლილი მყავდა და თავს მარტო ვგრძნობდი. მაშინ მივხვდი, რომ ძალიან მინდოდა დედა გავმხდარიყავი და ეს სიმარტოვე ჩემი შვილებით შემევსო. ჩემს ქმარს 26 წლის ასაკში შევხვდი პირველად, ერთმანეთი შეგვიყვარდა და მალევე დავქორწინდით. 27 წლის ასაკში პირველი შვილი გავაჩინე და ამას მალევე კიდევ ოთხი შვილიც მოჰყვა. ხუთი შვილის გაზრდა არც ისე მარტივი აღმოჩნდა, ცდილობ ყველა მათგანისთვის იყო იდეალური და ყველა მათგანი მოამზადო ცხოვრებისთვის, რომელიც შეიძლება რთული აღმოჩნდეს. ჩემი ქმარი ადგილობრივ ეკლესიაში ლოცვებს კითხულობდა, მე კვირაობით ვგალობდი და ისე მოხდა, რომ მთელი ჩვენი ოჯახი, სრული შემადგენლობით, ყველაზე დიდ დროს ეკლესიის ტერიტორიაზე ატარებდა. ცხოვრება მშვენიერი იყო, ასეთ ჰარმონიულ გარემოში გაიზარდნენ ჩვენი შვილები. 

ჩემი ქალიშვილი უკვე 20 წლის იყო, როცა ტელეფონზე დამირეკა - “დედა, მგონი გოგოები მომწონს, ვლოცულობდი ამის შესაცვლელად. ყველაფერი ვცადე, მაგრამ არაფერი გამოდის” ეს წინადადება იყო ის, რამაც ჩვენი ჰარმონიული ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.

ლგბტ ადამიანების მიმართ აგრესიული არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ეკლესიაში გატარებული ოცი წლის შემდეგ მჯეროდა, რომ ეს არ იყო სწორი. იმ მომენტში ჩემს შვილს ვერაფერი ვუთხარი, ტელეფონი გავთიშე და მივხვდი, რომ ძველებურად აღარაფერი იქნებოდა. მეორე დღესვე ეკლესიაში წავედი და ჩემს ყველაზე ახლო მეგობარს გავუზიარე ეს ამბავი. “ჰომოსექსუალობა ცოდვაა და მიუღებელი,” - ეს იყო პასუხი, რომელიც მისგან მოვისმინე. თავი ისე ვიგრძენი, თითქოს არჩევანის წინაშე დამაყენეს; არჩევანი უნდა გამეკეთებინა ჩემს შვილსა და იმ ეკლესიას შორის, სადაც ბოლო ოცი წელი გავატარე. სამი წელი ვცდილობდი ბალანსის პოვნას, თუმცა არ გამოვიდა და საბოლოოდ არჩევანი საკუთარ შვილზე გავაკეთე. ჩემი ქმარიც ყველაფერში მეთანხმებოდა და საბოლოოდ, ეკლესიაში სიარული მთელმა ოჯახმა შევწყვიტეთ.

წლების განმავლობაში ბევრი ვიკითხე და მოვისმინე ჰომოსექსუალობის შესახებ. ყველა კვლევა ადასტურებს, რომ სუიციდისკენ მიდრეკილება თითქმის ქრება ლგბტ მოზარდებში მაშინ როცა მშობლები მათ მხარს უჭერენ. მე მჯერა, რომ ღმერთი სიყვარულია და ეს კვლევები კიდევ უფრო განმტკიცება იყო ჩემი რწმენისა, რომ დედის სიყვარულს შეუძლია ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს. 

მე გამოცდილი მაქვს, როგორია ცხოვრება მშობლების გარეშე და ვიცი, რამდენად რთული შეიძლება იყოს ეს. მოზარდობაში ბევრჯერ მიოცნებია, რომ შემძლებოდა საკუთარ დედასთან ჩემს პრობლემებზე ჭორაობა და რჩევების მოსმენა, თუმცა ამის საშუალება არასდროს მქონია, რადგან დედა ადრეულ ასაკში გარდაიცვალა. ამ გამოცდილებამ გამააზრებინა, რომ არასდროს არცერთი შვილი არ იმსახურებს მშობლებისგან იგნორირებას.

მინდა მივმართო ყველა მშობელს, წარმოიდგინეთ თავი თქვენი შვილის ადგილას და მოექეცით მათ ისე, როგორც თქვენ გინდათ რომ გექცეოდნენ სხვები. მე მჯერა, რომ რაც უფრო მეტი სიყვარულისა და სიკეთის გაცემა შეუძლია ადამიანს, მით უფრო ახლოა ის ღმერთთან.”



ბლოგპოსტი მოამზადა "თბილისი პრაიდმა" აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

ბლოგპოსტის შინაარსზე პასუხისმგებელია "თბილისი პრაიდი". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.