1
#blogpost
    

მრავალფეროვანი ბუნება და ქვიარ ეკოლოგიის საჭიროება

28.09.2021


ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა
- შოთა რუსთაველი,
ვეფხისტყაოსანი

Do I contradict myself?
Very well then I contradict myself,
(I am large, I contain multitudes.)
- Walt Whitman, “Song of Myself, 51”[1]

ქვიარ ეკოლოგია განმათავისუფლებელი[2] ეკოლოგიაა.

ჩვენი ნარატივები ბუნების შესახებ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი ახლა, როცა კლიმატის კრიზისის გამო
წვევის წინაშე ვართ. აუცილებელია, რომ ისინი უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ - ისეთივე მრავალფეროვანი, როგორიც თავად ბუნებაა.
[3]

ქვიარ ეკოლოგია
აკადემიური დისციპლინაა, რომელიც ქვიარ თეორიას და ეკოლოგიურ საკითხებს ერთმანეთთან აკავშირებს და ბუნების შესახებ ჩვენი ნარატივების გაფართოებას ისახავს მიზნად. ქვიარობა დედამიწაზე არსებული სიცოცხლის განუყოფელი ნაწილია. ადამიანის სექსუალობისა და გენდერის მიღმა, ქვიარობა, როგორც კონცეფცია, მიემართება ყოველივე იმას, რაც დადგენილი ნორმების მიღმაა - იმას, რაც ერთი შეხედვით პარადოქსულია. ჩვენი ბუნებრივი გარემო მუდამ გვაოცებს. მეტიც, ბუნებრივი გარემო ხშირად გვაჩვენებს, თუ რამდენად მცდარი ან ვიწროა ჩვენი წარმოდგენა ამა თუ იმ საკითხის შესახებ, თუ რამდენად აქვს დატყვევებული ჩვენი გონება ბინარულ აზროვნებასა[4] და რედუქციონიზმს.[5]

სწორედ აქ დგება ქვიარ ეკოლოგიის საჭიროება. ქვიარ ეკოლოგია ბინარულობას და დუალიზმებს სცდება. ის, როგორც აზროვნების ფორმა
, მრავალფეროვნებასა და პარადოქსს ანიჭებს უპირატესობას. მაშასადამე, ეკოლოგიის გაქვიარება ჩვენი აზროვნების გაფართოებაა, ჩვენი კავშირის გადააზრებაა ჩვენს ბუნებრივ გარემოსთან.

ქვიარ ეკოლოგია მოითხოვს, რომ უარი ვთქვათ ადამიანის განსაკუთრებულობასა
[6]და ანთროპომორფიზმზე.[7] სანაცვლოდ, იგი გვთავაზობს, რომ საკუთარი თავი დავინახოთ როგორც კომპლექსური, ერთმანეთთან გადაჯაჭვული სისტემის უნიკალურ, თუმცა არა აღმატებულ ნაწილად. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი სააზროვნო ტრადიცია, რომელიც დიდწილად განმანათლებლობის იდეებით საზრდოობს, ბუნებას და კულტურას/ცივილიზაციას ერთმანეთთან აპირისპირებს, როგორც პოლარულად განსხვავებულს. მაგრამ ეს დაყოფა ნეიტრალური როდია. უმეტესწილად, ამ სააზროვნო ტრადიციის მიხედვით, კულტურასთან და ცივილიზაციასთან ასოცირებული ადამიანი უპირატესია ველურ, ჩამორჩენილ, სახიფათო ბუნებაზე, რომელიც მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ ადამიანმა იგი თავისი შრომით ცივილიზაციად გარდაქმნას. ამ პარადიგმაში ადამიანი არა ბუნების მეურვე, არამედ ბატონია. შესაბამისად, ამ აზროვნებასთან დაპირისპირებული ქვიარ ეკოლოგია მიიჩნევს, რომ ადამიანმა საკუთარი თავი ბუნებაში, და არა ბუნების გარეთ, უნდა დაინახოს.

ქვიარ ეკოლოგია დეკონსტრუქციას უკეთებს ისეთ იდეებს, როგორიცაა ადამიანი და ბუნება. ადამიანის სამყაროშიბუნებრივს მორალური წონა, ავტორიტეტი აქვს მინიჭებული, ის ხშირად გვკარნახობს თუ როგორ უნდა მოვიქცეთ. სექსუალობასა და გენდერზე არსებული ტრადიციული შეხედულებები ხშირად ბუნებაზე მიმთითებელი მორალითაა გამყარებული. იყო ჰეტეროსექსუალი, ეს არის ბუნებრივი - ასეთია გავრცელებული წარმოდგენა. ბუნებრივია დაიბადო კაცად და იყო მასკულინური. ბუნებრივია იყო ქალი და გინდოდეს დედობა. ბუნებრივია გინდოდეს მონოგამიური კავშირი. ხშირად ბუნება და ბუნებრიობა ადამიანების კატეგორიზების, შეზღუდვისა და გარიყვის იარაღად გამოიყენება. ქვიარ ადამიანებს გვადანაშაულებენ, რომ ჩვენ ბუნების წინააღმდეგ ვილაშქრებთ.

სინამდვილეში, ბუნება იშვიათად თუ ერგება ადამიანის ნარატივებს იმაზე, თუ რა არის ბუნებრივი. ის ბევრად რთული და მრავალფეროვანია, ვიდრე ეს ადამიანებს წარმოგვიდგენია. როცა ადამიანს ცალსახად გამოვრიცხავთ ბუნების იდეიდან, ან როცა ზოგ საქციელს ბუნებრივს ვუწოდებთ და ზოგს პირიქით, ბუნების წინააღმდეგ გალაშქრებად მოვნათლავთ, ჩვენი სამყაროს შესახებ უფრო სწორი წარმოდგენის შექმნაზე ვაცხადებთ უარს. ბუნება ყველაფერია - მრავალი ცხოვრების წესია, მრავალი პრაქტიკაა. შესაბამისად, ჩვენთვისაც, ადამიანებისთვის, მრავალი სხვადასხვა გზა არსებობს, ვიყოთ ბუნებრივი”. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ყველაფერი, რაც ბუნებრივია, ასევე მორალურია. იმისთვის რომ გავიგოთ, თუ რა არის მორალური, ეთიკის, მორალური ფილოსოფიის შესწავლა უფრო დაგვეხმარება, ვიდრე ეკოლოგიის. ქვიარ ეკოლოგია “ბუნებრიობის” კატეგორიას ავრცობს, ამ კონცეფციისთვის მორალური ავტორიტეტის მინიჭების გარეშე. ამასთანავე, ის გვაჩვენებს, რომ დომინანტური კულტურის ეთიკა ხშირად ბუნების მცდარ იდეაზეა დამყარებული. ახლებური ეთიკის ფორმულირება კი მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა წარსულში გაბატონებულ მცდარ იდეებს დავამარცხებთ. 

1999 წელს, კანადელმა ბიოლოგმა ბრუს ბეგემილმა გამოაქვეყნა მნიშვნელოვანი ნაშრომი
ბიოლოგიური სიუხვე: ცხოველთა ჰომოსექსუალობა და ბუნებრივი მრავალფეროვნება[8], რომელშიც იგი აღწერს ათასობით არაჰეტერონორმატიულ სექსუალურ ქცევასა და არაბინარული გენდერის შემთხვევებს ცხოველთა შორის. კვლევის პროცესში, ავტორიც კი გააოცა იმან, თუ რამდენად მრავალფეროვანი სექსუალური და გენდერის პრაქტიკა არსებობს ბუნებაში. ბოლო კვლევების მიხედვით, ჰომოსექსუალურ პრაქტიკას ცხოველთა მინიმუმ 1500 სახეობა ავლენს. ბეგემილისგან განსხვავებით, ათწლეულების განმავლობაში მრავალი მეცნიერი მალავდა ან უმნიშვნელოდ თვლიდა თავის დაკვირვებას ცხოველთა ქვიარ ქცევაზე. ზოგი მათგანი კი ცხოველთა ჰომოსექსუალურ პრაქტიკას ისე ხსნიდა, რომ ამ პრაქტიკის გამომზეურებით ბუნების შესახებ არსებული გაბატონებული წარმოდგენებისთვის საფრთხე არ შეექმნა. ზოგ შემთხვევაში, ცხოველთა შორის არსებული ჰომოსექსუალური პრაქტიკები მეცნიერებს აფიქრებინებდა, რომ ამგვარი ქცევის მიზეზი გარემოს დაბინძურება და ბუნებრივი კატასტროფები იყო.[9] მაგალითად, მეცნიერები, რომელთაც ერთ ლოკაციაზე მდედრ თოლიებს შორის ჰომოეროტიკული საქციელი შენიშნეს, დარწმუნებული იყვნენ, რომ ეს საქციელი სერიოზულ ეკოლოგიურ პრობლემაზე მიანიშნებდა. თუმცა, უფრო ფართო კვლევის შედეგად, აღმოჩნდა, რომ ჩვენი პლანეტა სავსეა ლესბოსელი თოლიებით.[10]

რა თქმა უნდა, ბუნებაში არსებობს ჰეტერონორმატიული სექსუალური პრაქტიკა და მონოგამიაც. დაინტერესებული პირი
დაუბრკოლებლად იპოვის პოპულარული ენით დაწერილ ასობით სტატიას ცხოველთა წყვილებზე, რომლებიც მთელ ცხოვრებას ერთად ატარებენ. თუმცა ბუნებაში ასევე გვხვდება ჰომოსექსუალური აქტები, ორი მდედრობითი ან ორი მამრობითი სქესის მქონე ცხოველის ხანგრძლივი თანაცხოვრება, გენდერის ტრანსფორმაცია, ორგიები, კლონირება, უსქესო გამრავლება
და სხვა მრავალი პრაქტიკა, რომელთა აღსაწერად ადამიანის ლინგვისტური შესაძლებლობები არასაკმარისია. თუკი ბუნება გახსნილი გონებით დავაკვირდებით, ნათელი გახდება, რომ სექსუალური ქცევა ვერ აიხსნება მხოლოდ რეპროდუქციული იმპერატივით, რაც აქამდე მრავალ მეცნიერს უცდია. სინამდვილეში, ცხოველთა შორის სექსუალური პრაქტიკის საკმაოდ დიდი ნაწილი არარეპროდუქციულია და უფრო სიამოვნებაზეა მიმართული.

მაშინ რა არის ბუნებრივი? ყველაფერი. ან არაფერი. იმის მაგივრად, რომ
ბუნებრივი მორალურ კატეგორიად გამოვიყენოთ, აჯობებს, უბრალოდ ვაღიაროთ, თუ რამდენი რამ არ ვიცით ჩვენი გარემოს შესახებ, რომელიც ბევრად უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ამას თუნდაც ბიოლოგები და ეკოლოგები წარმოიდგენენ. მაშინ როცა ბიომრავალფეროვნებას საფრთხე ემუქრება, ქვიარ ეკოლოგიის მიზანი არა მხოლოდ მცენარეთა და ცხოველთა სახეობების გადარჩენაა, არამედ ასევე ყველა იმ სექსუალური და გენდერული პრაქტიკის, რომელსაც ეს სახეობები ამჟღავნებენ. ქვიარ ეკოლოგიის მიზანია, სამყაროში არსებული სხვადასხვა სისტემები და პრაქტიკები ერთმანეთის გვერდით თანაარსებობდნენ.

დასავლურ
კულტურაში, განმანათლებლობის დროიდან, ყველაფერი დუალისტურად აღიქმება. ბუნება, ერთის მხრივ, გაგებულია როგორც იდეალი, წმინდა; მეორეს მხრივ, იგი სახიფათოა, ბინძურია, ველურია. ამ ურთიერთსაწინააღმდეგო ასოციაციებს კი თანაბარ სიმართლედ მივიჩნევთ და შემდეგ ადამიანთა ცხოვრებას ამ სიმართლეების გარშემო ვაგებთ. მაგალითად, დომინანტური იდეოლოგია ამბობს, რომ ჰეტეროსექსუალური მონოგამია ნორმაა, ბუნებრივია, ქვიარები კი ბუნებას აუჯანყდნენ, არაბუნებრივები არიან და რომ თავად ბუნება იდეალურია, წმინდაა. ადამიანები ამბობენ, რომ თავად ბუნებამ მოისურვა კაცისა და ქალის დაწყვილება. თუმცა, როგორ ექცევა დომინანტური კულტურა ამ იდეალურ, წმინდა ბუნებას? იგი მას ანადგურებს და ცივილიზაციას მასზე უფრო მაღლა აყენებს. ერთი მხრივ, დომინანტური კულტურა ბუნებას იდეალად, მორალურ ავტორიტეტად აღიქვამს, მეორე მხრივ კი მას ყველაზე ნაკლები მოწიწებით ეპყრობა. მაშასადამე, ქვიარ ეკოლოგიის ერთ-ერთი ცენტრალური შეკითხვა შემდეგში მდგომარეობს: რას ნიშნავს რომ იდეები, სივრცეები და პრაქტიკები, რომლებიც კატეგორიზებულია ბუნებრივად”და ხშირად გამორიცხავს ქვიარ ადამიანებს,  ხშირად უპირისპირდება და უფრო და უფრო ანადგურებს იმავე ბუნებას, რომელსაც სიწმინდედ და ნორმად გვისახავს?  

ამის მიზეზი ისაა, რომ ვისაც მეტი ძალაუფლება აქვ - კაცებს ქალებზე, თეთრკანიანებს სხვა რასებზე, მდიდრებს ღარიბებზე, ჰეტეროსექსუალებს ქვიარებზე - მათ თავიანთი მახასიათებლების და წარმოდგენების დამკვიდრება სურთბუნებრივად, სამყაროში, რომელსაც საკუთარ ხატად ქმნიან. ამ პროცესში, ისინი ყველას და ყველაფერს, რაც მათ იდეალს არ ერგება, ბუნების მოწინააღმდეგედ”, “ბუნების მტრად ხატავენ; ხოლო როცა თავად ბუნებაც აღარ ერგება მათ სურვილებსა და ნორმებს, ბუნებასაც არაბუნებრივად მოიხსენიებენ. მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ბუნება ხშირად იდეოლოგიური, პოლიტიკური კატეგორიაა და არა აღწერითი.

ბუნების და ბუნებრივის გადააზრების გარდა, ქვიარ ეკოლოგიას სხვა მრავალი მიზანი აქვს. მაგალითად, ქვიარ ეკოლოგიისთვის შესაფერისი საკვლევი თემა შეიძლება იყოს მთავრობის მიერ ეროვნული პარკებისა და ნაკრძალების შექმნა, მათ შორის, ჰეტერონორმატიული მიზნებით, შემდეგ კი სხვა
დასხვა არაფორმალური პრაქტიკით ამ სივრცეების ქვიარების მიერ დაბრუნება
. მაგალითად, ამერიკაში ეროვნული პარკები შეიქმნა მათ შორის იმისთვისაც, რომ კაცებს ბუნებასთან ჰქონოდათ წვდომა. თუმცა, გასული საუკუნის ბოლო რამდენიმე ათწლეულში, გეები და ლესბოსელებიც ცხოვრობდნენ ბუნებასთან ახლოს, აყალიბებდნენ კომუნებს, სადაც მათ თავისუფალი სიყვარულით დაკავება შეეძლოთ. ასევე, ქვიარ ეკოლოგია იკვლევს თუ როგორაა დაყოფილი ქალაქი და სოფელი სექსუალურ წარმოსახვაში. დასავლეთში ქალაქი მიიჩნეოდა ქვიარ სივრცედ, რადგან ქვიარ კულტურამ ყველაზე მკაფიოდ სწორედ დიდ ქალაქებში მოიკიდა ფეხი (ნიუ იორკი, სან ფრანცისკო, პარიზი, ლონდონი), მაშინ როცა სოფელი წარმოსახული იყო როგორც ქვიარებისთვის შეუფერებელი და მეტიც, სახიფათო სივრცე. მოსაზრებაც არსებობდა, რომ ქალაქი კაცების ფემინიზაციას უწყობდა ხელს, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ქალაქში კაცებს აღარ ჰქონდათ კონტაქტი ბუნებასთან. მეოცე საუკუნის ამერიკულ კულტურულ წარმოდგენაში მასკულინობის იდეალი კოვბოია. ამიტომაცაა, რომ ფილმმა Brokeback Mountain (“კუზიანი მთა”), რომელიც ორი კოვბოის ჰომოსექსუალურ კავშირსა და სიყვარულს ასახავს, ამხელა გამოხმაურება ჰპოვა. ამ ფილმმა გეი სიყვარულის სივრცედ ველური ბუნება აირჩია - სივრცე, რომელშიც დომინანტური კულტურა სულ სხვა იდეალს - ჰეტეროსექსუალურ მასკულინობას - პროეცირებს. ქვიარ ეკოლოგიის ერთ-ერთი საკვლევი თემაა მხატვრულ ფილმებსა და ლიტერატურაში ასახული ბუნებისა და ქვიარობის მსგავსი კავშირებიც. მაშასადამე, ქვიარ ეკოლოგია არა მხოლოდ ქვიარ თეორიას აკავშირებს ეკოლოგიასთან, არამედ ზოგადად, ბუნებასა და სექსუალობას სწავლობს ინტერდისციპლინურ ჭრილში. ქვიარ ეკოლოგია მოიცავს მრავალ აკადემიურ სფეროს: გენდერის კვლევებს, სექსუალობის კვლევებს, ეკოლოგიას, ბიოლოგიას, ანთროპოლოგიას, ისტორიას, ფილოსოფიას და ლიტერატურის კვლევებს.

ქვიარ ეკოლოგია მნიშვნელოვანია არამხოლოდ ცალკეული მკვლევარებისა და აქტივისტებისთვის, არამედ ზოგადად გლობალური ქვიარ მოძრაობისთვის, რომლის დღის წესრიგიც დიდწილად სექსუალობისა და გენდერის ირგვლივ ტრიალებს. არსებობს კრიტიკა, რომ ბოლო ათწლეულებში ქვიარები განსაკუთრებით ვართ შეპყრობილი კონსუმერიზმით. ეს კრიტიკა ძირითადად დასავლეთში მცხოვრებ თეთრკანიან საშუალო კლასის წარმომადგენელ გეი კაცებს მიემართება, ისევე როგორც ზოგადად პრაიდის ღონისძიებებს, რომლებიც საკმაოდ კომერციალიზებულია. მაგალითად, ამ წლის აგვისტოს თვეში ჩემთვის ცენტრალური პოლიტიკური შეკითხვა იყო, თუ რას ნიშნავს, რომ მსოფლიო პრაიდის ერთ-ერთი მთავარი სპონსორი კოკა კოლაა - კომპანია, რომელსაც ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის დედამიწის პლასტმასით დაბინძურებაში?

ეს შეკითხვა სხვა კითხვებს ბადებს: როგორ დავაყენოთ ეკოლოგია ქვიარ მოძრაობის დღის წესრიგის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად? როგორ ავაგოთ ხიდები გარემოსდაცვით მოძრაობებთან, რომლებიც ხშირად გულგრილად ან მეტიც, ანტაგონისტურად არიან განწყობილი ქვიარ მოძრაობის დღის წესრიგის მიმართ? ეს კითხვები მნიშვნელოვანია, რადგანაც დღევანდელი პერსპექტივიდან, ჩვენ, ქვიარები, თანასწორობას ვითხოვთ პლანეტაზე, რომელსაც ყოველდღიურად უფრო და უფრო შავბნელი მომავალი ემუქრება. კლიმატის კრიზისი მხოლოდ გაამწვავებს ქვიარების ჩაგვრას. ამიტომ, აუცილებელია ჩვენი პოლიტიკური წარმოსახვის გაფართოება და სოლიდარობაზე დაფუძნებული კოალიციების შექმნა.

კლიმატის კრიზისის გამოწვევის წინაშე შესაძლოა ვიფიქროთ, რომ თეორია, მათ შორის ქვიარ ეკოლოგია, ფუფუნებაა, მაშინ როცა ქმედება გვესაჭიროება. ამის საპასუხოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ქვიარ ეკოლოგია საშუალებას გვაძლევს კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ სწორედ ის წარმოდგენები და ნარატივები, რომლებმაც კრიზისამდე მიგვიყვანეს. თუკი დომინანტური კულტურა ბუნებას ხედავს როგორც ინსტრუმენტს, როგორც რესურსების ერთობლიობას ადამიანის საჭიროებებისთვის, ქვიარ ეკოლოგია მრავალფეროვან, საოცარ სამყაროში გვეპატიჟება, სადაც ბუნებას იგივე წონა აქვს, როგორიც კულტურას. სამყაროში, რომელიც აღემატება ადამიანის მიერ შექმნილ კატეგორიებს; სამყაროში, რომელიც ქვიარია.

 


[1] საკუთარ თავს ვეწინააღმდეგები?
დაე, შევეწინააღმდეგო.
(მე დიდი ვარ, მრავლისმომცველი.)
- უოლტ უიტმენი,
“ჩემი სიმღერა, 51”
(ავტორის თარგმანი)

[2] სიტყვა “განმათავისუფლებელს” ვიყენებ როგორც ინდივიდუალური გათავისუფლების, ასევე ჩაგრული ჯგუფების მიერ მჩაგვრელის დამხობისა და თვითგამორკვევის კონტექსტში.

[3] სიტყვა “ბუნება” საკმაოდ საკამათოა, რასაც გარკვეულწილად ჩემს ესეშიც ვხსნი. არსებობს მოსაზრება, რომ ბუნება აღარ არსებობს, რადგან ვეღარ ვიპოვით რაიმეს, ადამიანის ხელი რომ არ ეტყობოდეს. ასევე, არსებობს მოსაზრება, რომ ყველაფერი ბუნებაა, მათ შორის ადამიანიც და ადამიანის შექმნილი გარემოც.

[4] ბინარული აზროვნება, ამ შემთხვევაში, აღნიშნავს კატეგორიათა წყვილებს, რომლებსაც ერთმანეთს უპირისპირებენ: ველური ბუნება/ცივილიზაცია, ბუნებრივი/ხელოვნური, ქალი/კაცი, ჰეტეროსექსუალი/ჰომოსექსუალი და ა.შ.

[5] რედუქციონიზმი რთული, მრავალწახნაგოვანი საკითხის ზედმეტად გამარტივებას და მხოლოდ ერთ ჭრილში წარმოჩენას ნიშნავს.

[6] აქ იგულისხმება იდეა, რომელიც დასავლურ აკადემიაში ცნობილია როგორც human exceptionalism, ანუ ადამიანის წარმოდგენა, თითქოს ის აღმატებულია სიცოცხლის სხვა ფორმებზე, ბუნებაზე, ან მინიმუმ რადიკალურად განსხვავებულია სიცოცხლის სხვა ფორმებისგან.

[7] ზოგადად, ანთროპომორფიზმი არის სიცოცხლის სხვა ფორმებისთვის ადამიანური თვისებების მინიჭება. ანთროპომორფიზმი პრობლემატურია, რადგან ბუნებრივი გარემო სინამდვილეში ბევრად უფრო კომპლექსური და განსხვავებულია, ვიდრე ადამიანის სამყარო. შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა, რომ  ბუნება ადამიანის პრაქტიკების მასზე პროეცირებით ავხსნათ, ცალმხრივი და არაზუსტია.

[8] Biological Exuberance: Animal Homosexuality and Natural Diversity

[9] რატომ ცდილობდნენ მეცნიერები ცხოველთა ქვიარ ქცევის დამალვას ან გარემოს დაბინძურებით და ბუნებრივი კატასტროფებით ახსნას?  მარტივი პასუხი ისაა, რომ მეცნიერება არასდროსაა ნეიტრალური.  ცალკეული მეცნიერის საქციელის გაგება დამატებით კვლევას მოითხოვს, თუმცა ზოგადად, მეცნიერებიც ადამიანები არიან და ისინიც, ნებით თუ უნებლიეთ, დომინანტური იდეოლოგიის გავლენის ქვეშ იმყოფებიან. დღესდღეობით მეცნიერები მეტად აცნობიერებენ საკუთარ მიკერძოებულობას და მეტად ცდილობენ, ისე ჩაატარონ კვლევა, რომ მათი პოზიცია გაცხადებული იყოს.

[10] სიტყვათშეთანხმება „ლესბოსელი თოლია“ რა თქმა უნდა, პირობითია, რადგან ტერმინი „ლესბოსელი“ ადამიანის საზოგადოებაში არსებულ იდენტობის კატეგორიას აღწერს და არა უბრალოდ ორი მდედრობითი სქესის მქონე ცოცხალი ორგანიზმის სექსუალურ კავშირს. ამ სიტყვაშეთანხმებას მხოლოდ იმიტომ ვტოვებ, რომ მკითხველმა კიდევ ერთხელ დაინახოს, თუ როგორ ვართ ადამიანები მიდრეკილი ანთროპომორფიზმისკენ. 



ბიბლიოგრაფია

Bagemihl, B. Biological Exuberance: Animal Homosexuality and Natural Diversity. New York: St. Martin's Press, 1999.

Johnson, A. “How to Queer Ecology: One Goose at a Time.” Orion Magazine.

Malm, A. The Progress of This Storm: Nature and Society in a Warming World. London and New York: Verso, 2018.

Mortimer-Sandilands, C, and Bruce Erickson, eds. Queer Ecologies: Sex, Nature, Politics, Desire. Bloomington and Indianapolis: Indiana University Press, 2010.

Morton, T. “Queer Ecology.” PMLA 125, no. 2 (March 2010). 

Silverstone, M. “The Case of the Lesbian Gulls.” Equinox 110, no. 6 (2000).