1
#blogpost
    

ბლოგპოსტი: რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს?!

20.10.2021


ბავშვობიდან ყოველთვის მესმოდა ფრაზა “რაც არ გკლავს, გაძლიერებს”, სინამდვილეში სულაც არ ვიცოდი რას ნიშნავს ეს, ან ვინ იყო მისი ავტორი. 20 წლის ვიყავი როცა ხელახლა ჩავაბარე უნივერსიტეტში და აკადემიურ სივრცეში, ნიცშეს ნაშრომებში აღმოვაჩინე იგი. ახლა 26 წლის ვარ და მინდა ამ ნარატივს შევეწინააღმდეგო, განსაკუთრებით საკუთარი ცხოვრების მაგალითზე მსჯელობით. შესაძლოა ჩემი თვალსაზრისი ჭეშმარიტებად არ ჩათვალოთ, არც არის საჭირო. მთავარია ჭეშმარიტების ძიების პროცესი არ შევწყვიტოთ.


ადამიანმა ევოლუცია განიცადა. 21-ე საუკუნის საზოგადოებრივი და ეკონომიკური სტრუქტურა ზოგ შემთხვევაში საშუალებას გაძლევს დაბალი სოციალური ფენიდან და წრეებიდან შრომის შედეგად მიაღწიო უფრო მეტს. სხვა საქმეა რა არის ეს “მეტი” და რეალურად როგორ გვიყალიბდება წარმოდგენები კარგ, ჯანსაღ, ლამაზ თუ უზრუნველყოფილ ცხოვრებაზე.


რთული პერიოდების, ტრავმების და წინაღობების გადალახვის შემდეგ, ადამიანების უმრავლესობა თვით-რეფლექსიას მიმართავს და “იგივე შეცდომას არ უშვებს” ან უბრალოდ იცის როგორ გაუმკლავდეს ნაცნობ გამოწვევას. სამწუხაროდ ადამიანების ინდივიდუალურ და კოლექტიურ მეხსიერებას თავისი საზღვრები აქვს და ესეც ყოველთვის არ ამართლებს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ტრავმები გვაფერხებს და პირადი წარმატებისაგან გვაშორებს. ასე ფიქრობს ფსიქოლოგი ნოამ შპანსერიც, ეს ბლოგი მისი სტატიით არის ინსპირირებული. 


გარდა ეკონომიკური პრობლემებისა, რომლებიც ცხოვრების მანძილზე მქონდა თუ მაქვს, ჩემს გარშემო დიდ პრობლემას წარმოადგენს ადამიანის მიმღებლობა. ტელეკრანების მიღმა საქართველოში ერთფეროვანი ადამიანები უფრო მოსწონთ. მე ამ კრიტერიუმს საბედნიეროდ არასდროს ვაკმაყოფილებდი. ისე მოხდა, რომ მე მერგო ქართული რეალობისთვის უცხო სახელი, გვარი, ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური იდენტობა. აქ უნდა გავიხსენოთ ფრაზა “უი როგორი უცხოა” რომელიც ხშირად კომპლიმენტია, თუ რაიმე აქსესუარს ან ტანსაცმელს ეხება, მაგრამ არა ადამიანს. 


მე ფემინური ბიჭი ვარ, ამის გამო ძალიან ბევრჯერ მაწყენინეს და გამრიყეს. Მე არ მიყვარს ფეხბურთი, არ მაინტერესებს მანქანები და არც ქალებზე საუბრები (ისე როგორც ამას მამაკაცების უმრავლესობა აკეთებს). წლების წინ უარი ვთქვი ნათესავებთან ერთად ალკოჰოლის დალევაზე, რადგან იმ გარემოში არ მქონდა საშუალება მე “მე” ვყოფილიყავი. მსახიობობა ჩემი ბავშვობის ოცნებაა, თუმცა ცხოვრებაში არა, მსახიობოდა კინოში თამაშს გულისხმობდა ჩემთვის. 24 საათი იყო ის ვინც რეალურად არ ხარ, ძალიან დამღლელი და დამქანცველია. “კაცური კაცის” როლის თამაშზე უარი ვთქვი, თუმცა ახლაც მიწევს ოჯახის წევრებისთვის ახსნა რომ ჩემი ცხოვრება მინიმუმ ისეთივე ვალიდურია და მაქსიმუმ ისეთივე ძვირფასი, როგორც მათი. ტრადიციულ ჩარჩოებს მიღმა ვარსებობთ ადამიანები ვისაც შეგვიძლია საკუთარი თავი სხვისი თვალებით დავინახოთ, მაგრამ დავრჩეთ შინაგანი სამყაროს ერთგულნი და არ დავემონოთ უსამართლო საზოგადოებრივ მოთხოვნებს.


Როცა თინეიჯერი ვიყავი ჩემში დიდი კონფლიქტი წარმოიშვა, შევისრუტო ქართული რეალობა, ვიყო ერთფეროვანი და არ მქონდეს არაფერზე პრეტენზია, თუ ვებრძოლო “მილიონ” ადამიანს და გავაგებინო, რომ რეალურად ადამიანები განურჩევლად ყველაფრისა თანასწორნი უნდა ვიყოთ. მე მეორე ავირჩიე და ეს იაფი არ დამიჯდა, არ ვნანობ, თუმცა ვფიქრობ უფრო წარმატებული ვიქნებოდი თუ არ მექნებოდა ის ღირებულებები რაც მაქვს. შემეძლო უარი მეთქვა ჭეშმარიტების ძიებაზე ნებისმიერ ასპექტში და უბრალოდ ჩემი ცხოვრებით მეცხოვრა, ისე, რომ არ დამესვა კითხვები ვინ ვარ მე?, რატომ ხდება ასე?, ვის აწყობს? და ასე შემდეგ. 



ასე რომ რაც არ გვკლავს, მინიმუმ გვაფერხებს, მაქსიმუმ კი მოგვიანებით გვანადგურებს. სანამ ვინმეს გაანაწყენებთ, დაჩაგრავთ ან უბრალოდ ყურადღების მიღმა დატოვებთ, დაფიქრდით, რამდენად გინდათ ასე თქვენ მოგექცნენ?



ავტორი: მიკო შახდინარიანი




ბლოგპოსტი მოამზადა "თბილისი პრაიდმა" აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

ბლოგპოსტის შინაარსზე პასუხისმგებელია "თბილისი პრაიდი". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.