1
    

ლგბტ თემის გაძლიერება და მისკენ მიმავალი გზები

02.11.2021


თემის გაძლიერება (community empowerment) ის ტერმინია, რომლის გამოყენებაც წარსულთან შედარებით საგრძნობლად შევამცირე, მიუხედავად იმისა, რომ თავად ცნების გამოყენების ისტორია და მისი ფემინისტური ფესვები ძალიან მაინტერესებს.  ჩემი აზრით, პრობლემა ისაა, რომ გაძლიერების მსგავს “დიდ” სიტყვებს, დროთა განმავლობაში, მნიშვნელობა იმდენად უფართოვდება - უაზროდ ხშირი გამოყენებისგან - რომ თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს. “გაძლიერება”, რომელიც განათლებისა და სათემო ფსიქოლოგიის სფეროებიდან იღებს სათავეს, თავდაპირველად ადამიანების გარიყული მდგომარეობიდან გამოსვლის, პოლიტიკურ პროცესებზე გავლენისა და ინდივიდუალური და კოლექტიური ძალაუფლების მოპოვების კომპლექსურ მეთოდს ასახავდა და სახელმწიფოების მიერ ხალხის სოციო-ეკონომიკურ კეთილდღეობაზე ზრუნვის სისტემურ არიდებას ეწინააღმდეგებოდა. სხვადასხვა სოციალურ მოძრაობაში - განსაკუთრებით, მემარცხენე მოძრაობებში - გაძლიერების მისაღწევად საკვანძო მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური და პოლიტიკური სტრუქტურებისა და ურთიერთობების სისტემურ გარდაქმნას. თუმცა საერთაშორისო განვითარების მხარდაჭერის სისტემის მიერ ამ ტერმინის ათვისება კრიტიკის საგანია, რადგან ის ხშირად გამოიყენება ისეთი საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ, რომლებიც არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემებს არათუ არ უპირისპირდებიან, არამედ, პირიქით, ზურგს უმაგრებენ ნეოლიბერალური ეკონომიკური მოდელების გლობალური მასშტაბით გავრცელებას, უფლებების მიმართ ვიწროდ ინდივიდუალისტურ მიდგომებსა და ისეთ ინტერვენციებს, რომელსაც გრძელვადიანი ცვლილებების მოტანის პოტენციალი არ გააჩნია. 

ლგბტ თემის გაძლიერებაზე სამაგისტრო ნაშრომის დაწერა ჩემი მხრიდან იმის გამორკვევის მცდელობა იყო, თუ რა მნიშვნელობას დებენ ქართველი აქტივისტები “გაძლიერების” კონცეფციაში და შეიძლება თუ არა ამ მნიშვნელობებიდან რამე თანმიმდევრული გამოვადნოთ. კვლევის პროცესში იმ 14 ლგბტქი აქტივისტი გამოვკითხე. გარდა “გაძლიერების” კონცეფციაზე ზოგადი ფოკუსისა, მათთან საუბარი ჩემთვის საკუთარი გამოცდილებების გააზრებისა და იმ ნარატივების კრიტიკულად გაანალიზების საშუალებაც აღმოჩნდა, რომელსაც მე თავად წლების მანძილზე ვიზიარებდი და ვავრცელებდი. 

მოცემული კრიტიკა კავშირშია ზემოთ აღწერილ “გაძლიერების” ორ დაპირისპირებულ მნიშვნელობასთან, რადგან რესპონდენტების დიდი ნაწილი კრიტიკულად უდგება დომინანტურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოდელებს; ასევე, საუბრობს იდენტობის პოლიტიკის დადებით და უარყოფით მხარეებზე თემის გაძლიერების პროცესში. რთული სათქმელია, რამდენად მოვახერხე ზემოთ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა, მაგრამ კვლევის პროცესში რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება გამოიკვეთა, რაც ჩემი და ჩემი რესპონდენტების აზრით, შეიძლება თემის გაძლიერების (მარგინალური მდგომარეობიდან გამოსვლის, პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოპოვების) წინაპირობად იქცეს. 

 

1. სივრცე კონსტრუქციული კრიტიკისთვის
თემის გაძლიერებისთვის საჭირო კონტექსტზე საუბრისას, რესპონდენტები ხშირად უთითებდნენ ქართულ ლგბტ მოძრაობაში კომუნიკაციის სირთულეებზე, რომლებიც ჯანსაღი დისკუსიისა და კონსტრუქციული კრიტიკის გაცვლის საშუალებას არ იძლევა. 

კომუნიკაციის სირთულეებს ებმის კრიტიკული ხედვა თავად ქართული ლგბტ მოძრაობის არსებობის საკითხზეც. კერძოდ, რესპონდენტების უმეტესობა სიტყვა “მოძრაობას” უფრო საქართველოში მომუშავე ცალკეული ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფებისა და ინდივიდუალური აქტივისტების ერთობლიობის აღსანიშნავად იყენებს, ვიდრე რაიმე საზიარო დღის წესრიგის მქონე პოლიტიკური ერთობისა. 

კომუნიკაციის სირთულეები და კონფლიქტები ძირითადად გამოხატულია თაობათაშორისი, იდეოლოგიური კონფლიქტების სახის ან უფრო ვიწრო ხასიათის პირადი და პროფესიული უთანხმოებების გარშემო ტრიალებს. ეს მიგნება, ერთი მხრივ, აჩვენებს იმას, რომ 2006 წელთან შედარებით - როდესაც ლგბტ უფლებებზე მხოლოდ ორი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობდა - სათემო პროცესებში ჩართული აქტივისტებისა და ორგანიზაციების  სპექტრი გაფართოვდა. შესაბამისად, არსებული დაძაბულობები გარკვეულწილად თემისა და მოძრაობის ზრდის ნიშანია. ამავდროულად, აქტივიზმში ჩაბმული ადამიანების წრე ისევ შედარებით ვიწროა, რაც პროფესიული და პირადი ურთიერთობების მეტად გაყოფის საშუალებას არ გვაძლევს. 

მეორე  მხრივ, დაძაბულობები გარდაუვალია იმის გამოც არის, რომ არსებულ  პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემაში, ლგბტ ორგანიზაციებს და აქტივისტურ ჯგუფებს უწევთ რესურსების მოპოვებისთვის კონკურენტუნარიანობა გამოავლინონ, რაც ერთმანეთის მიმართ კონკურენტულობასაც მოიცავს. ბუნებრივია, მაშინ, როდესაც ლგბტ თემში ჭარბი სიღარიბის პირობებში, არასამთავრობო ორგანიზაციები თემის წევრების ნაწილისთვის (და არა  მხოლოდ) შედარებით სტაბილური დასაქმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა, დაკარგული ფინანსური მხარდაჭერა ბევრისთვის სიღარიბეში დაბრუნებას შეიძლება ნიშნავდეს, რაც რესურსების მოპოვებისთვის ბრძოლას კიდევ უფრო ამძაფრებს. ამას თან ერთვის მოქნილი დაფინანსების ნაკლებობა, რაც ორგანიზაციებს საშუალებას მისცემდა თანამშრომლების კეთილდღეობა და მათ მიერ განხორცილებელი აქტივობებისა და შრომის მოცულობა ადეკვატურად დაებალანსებინათ. ქართველ აქტივისტებს შორის პროფესიული გადაწვის მაღალი მაჩვენებელი შემდგომი კვლევის საგანი უნდა იყოს, მაგრამ შეუიარაღებელი თვალითაც კი ვამჩნევთ, რომ მოძრაობის კონსოლიდაციისთვის ეს ფაქტორი დამატებით წინაღობებს ქმნის. 

თაობათაშორისი და იდეოლოგიური კონფლიქტების შემთხვევაში, კრიტიკას იწვევს ის ფაქტი, რომ გარკვეული ინიციატივების ან ცვლილებების შესახებ საუბრისას, ხშირად უგულვებელყოფილია წლების განმავლობაში სხვის მიერ გაწეული შრომა და მისი მნიშვნელობა (რაც თავისთავად არ მოითხოვს იდეოლოგიურ თანხმობას წინამორბედ აქტივისტებთან). ამ ფაქტორმა თავის მხრივ შეიძლება გაზარდოს ადამიანებს შორის უნდობლობის ხარისხი და რეზისტენტულობა ახალი ინიციატივების მიმართ.  

იდეოლოგიური დაპირისპირების  საფუძველი (რომელიც საკმაოდ ახალ ფენომენს წარმოადგენს ქართულ ლგბტ აქტივიზმში) ხდება ისეთი საკითხები, როგორიცაა იდენტობის პოლიტიკა და მასზე დაფუძნებული ხილვადობის სტრატეგიები. დაპირისპირების საგანია ასევე, გამუდმებული პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის პირობებში, არსებულ პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობის ავკარგიანობის საკითხი. განსხვავებული ხედვები არსებობს იმის შესახებ, თუ რის საფუძველზე უნდა (და შეიძლება) შევიდნენ ქვიარები თანამშრომლობაში სხვა ჯგუფებთან - კერძოდ, საკმარისია თუ არა კულტურული თვალსაზრისით არაკონსერვატორულ ჯგუფებთან გაერთიანება; თუ პირიქით, უფრო მნიშვნელოვანია ისეთ მოძრაობებსა და ჯგუფებთან თანამშრომლობა, ვინც, პირველ რიგში, სოციო-ეკონომიკურ უფლებებზე ზრუნავს (ამ მხრივ, საქართველოში ოქროს შუალედი არ არსებობს).

კომუნიკაციის გამართვისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად რესპონდენტების ნაწილი იმ ბრაზის დელეგიტიმაციის მცდელობებს მიიჩნევს, რომელიც სხვადასხვა იდეოლოგიური უთანხმოების დროს წარმოიშობა. ამასთან დაკავშირებით დამატებით დაძაბულობას ქმნის, მაგალითად, გარე აქტორების მხრიდან პროფესიონალიზმის სახელით აქტივისტების დამშვიდების მცდელობები, “დატუქსვა დესტრუქციულობისთვის” და მუდმივი მითითება იმაზე, რომ “თემი უნდა იყოს ერთიანი”. ეს შენიშვნა, ბუნებრივია, არ გულისხმობს მოძრაობაში ტოქსიკური დისკუსიებისა და ურთიერთობების წახალისებას, არამედ კომუნიკაციის ისეთი ფორმების პოვნას, სადაც ადამიანებს ემოციების, მათ შორის, ბრაზის კონსტრუქციულად გამოხატვა შეეძლებათ და ამ გრძნობის პოლიტიკური შინაარსისგან დაცლა არ მოხდება. 

 

2. დასავლეთიდან შემოსული ცნებებისა და ტენდენციების კრიტიკული გადახედვა
ხილვადობის პოლიტიკის კრიტიკას ლოგიკურად ახლავს თან 17 მაისის დემონსტრაციების, პრაიდის და ზოგადად, ლგბტქ თემისათვის შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების გამოყენების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. ამ ტენდენციის მთავარი გამომწვევი მიზეზი ის ტოტალური ძალადობაა, რომლითაც საზოგადოების ნაწილი და სახელმწიფო ქუჩაში გამოსულ ქვიარებს ეგებება ხოლმე. კითხვების დასმა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გამოცდილებები რომელსაც ვიღებთ, ცოდნად გადაიქცეს და საფუძვლად დაედოს შემდგომ ქმედებებს. მაგრამ ამავე დროს, მსგავსი კრიტიკა აღიქმება, როგორც დასავლურ ღირებულებებზე თავდასხმის მცდელობა, რაც რუსეთის მხრიდან ოკუპაციის, რუსეთიდან გავრცელებული ჰომო/ბი/ტრანსფობიური პოლიტიკისა და კანონების პირობებში და სამოქალაქო სექტორის დასავლეთის მხარდაჭერაზე დამოკიდებულების გარემოში განსაკუთრებით პრობლემური საკითხი ხდება. 

აქ პირველ რიგში, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კრიტიკა გაწეული შრომისათვის ხაზის გადასმას ან კონკრეტული ფენომენის დადებითი მხარეებისთვის თვალის არიდებას არ ნიშნავს. იმ პირობებში, როდესაც ქართული სახელმწიფო სრულიად უგულველყოფს გარიყულ ჯგუფებს და არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად პოლიტიკურ ნებასაც კი არ იჩენს, ლგბტქი თემისათვის საერთაშორისო მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ლგბტ უფლებების გეოპოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციას თვალი ავარიდოთ - ზოგჯერ ჩვენი უფლებები გლობალური პროგრესისა და რეგრესის გამარტივებულ საზომად გამოიყენება. ეს პარადიგმა მხოლოდ კულტურული და  პოლიტიკური უფლებების საკითხს წამოსწევს წინ, ნაკლებადაა ინტერსექციული და არ განიხილავს, მაგალითად, გავრცელებული ეკონომიკური მოდელების გავლენას ქვიარ სიღარიბეზე. 

ამ კრიტიკის ნაწილია ასევე “დასავლეთთან დაწევის” ნარატივის უკუგდება (რომელსაც წლების წინ მეც ვიზიარებდი). ეს ნარატივი პირდაპირ კავშირშია იმ ფაქტთან, რომ ლგბტ თემის დასავლური ისტორიიდანაა აღებული ისეთი მოვლენები, როგორიცაა, იდენტობის კატეგორიები და ენა, რომელსაც საკუთარ თავსა და გამოცდილებებზე სასაუბროდ ვიყენებთ; ასევე, კონკრეტული ინიციატივები, რომელსაც აქტივიზმში უპირატესობას შეიძლება ვანიჭებდეთ. საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ხშირად ვადარებთ ხოლმე დასავლეთში ქვიარ თემის ისტორიის ეპიზოდებს (მაგალითად, 17 მაისის და 5 ივლისის მოვლენების შედარება სტოუნვოლის ჯანყთან, ქართული ქვიარ საკლუბო სცენის შედარება “ბერგჰაინთან” და ა.შ.), რაც ხშირად იმის ილუზიას ქმნის, რომ ლგბტ აქტივიზმი საქართველოშიც გარკვეულ სცენარს უნდა მიყვებოდეს - იმისთვის რათა დასავლეთს დავეწიოთ, რომელიც ჩვენთან შედარებით (პირობითად) 50 წლით წინ არის.

 

3. ლგბტ მოძრაობაში ძალაუფლების სტრუქტურების ანალიზი
კვლევის პროცესში ხშირად ჟღერდებოდა თემში არსებული ძალაუფლების სტრუქტურებისა და იერარქიების გადახედვის საჭიროება. ასეთი ანალიზი არ ისახავს მიზნად ვინმეს მიმართ ბრალის წაყენებას, არამედ მიმართული უნდა იყოს იერარქიების, პრივილეგიათა სისტემების გააზრებისკენ და ემსახურებოდეს იმის გამოკვეთას, თუ რომელი ჯგუფები  არ  არის წარმოდგენილი გადაწყვეტილების მიღებისთვის განკუთვნილ სივრცეებში, ვინ არიან ისინი, ვისაც რესურსები არ წვდება და რა შეიძლება  გავაკეთოთ ამის  გამოსასწორებლად. 

ცალსახაა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს თემში დომინანტური პოზიცია უკავიათ: მათ აქვთ მყარი სტრუქტურები და მეტად მიუწვდებათ ხელი რესურსებზე, ვიდრე საინიციატივო ჯგუფებსა და კოლექტივებს, რომლებიც არ  არიან რეგისტრირებულები და არ აქვთ მოხვეჭილი გარკვეული რეპუტაცია სამოქალაქო სექტორში. დარეგისტრირებულ ორგანიზაციებს შორისაც, ჯგუფებს რომლებიც საქართველოს რეგიონებში ან ლგბტ თემის უფრო ვიწრო სეგმენტებზე მუშაობენ, ნაკლები რესურსი აქვთ. 

არსებული იერარქიები განსაკუთრებით თვალსაჩინოა ტრანსი თემის შემთხვევაში, რომლის მობილიზაციის პრინციპები და საჭიროებები ხშირ შემთხვევაში საგრძნობლად განსხვავდება სამოქალაქო სექტორში არსებული ნორმებისგან. შესაბამისად, ტრანსი თემი ხშირად არ  ჩანს  გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე, თითქოს არ აქვს მოლაპარაკების მაგიდასთან თანასწორუფლებიანი პოზიცია. ამ მხრივ მისასალმებელია ბოლო დროს ტრანს თემის წევრების მზარდი აქტიურობა საჯარო სივრცეში, ასევე ორგანიზაცია “თემიდას’’ გაძლიერება, რომელიც სწორედ ტრანსი და არაბინარული ადამიანების მიერ არის მართული და ამ თემის საჭიროებებს ემსახურება. 

ერთი-ერთი რესპონდენტის დაკვირვებით, მსგავსი ტიპის გარიყულობას აწყდებიან ასევე ახალგაზრდა ქვიარ ქალები, რომლებსაც,  მათ შორის, სოციო-ეკონომიკური პრობლემების გამო არ შეუძლიათ ადგილი დაიკავონ ფასიან სათემო სივრცეებში (კლუბი, ბარი, ა.შ.), ხოლო უფასო სივრცეები (ძირითადად, ორგანიზაციების ბაზაზე) მათთვის ნაკლებად საინტერესოა (თუმცა ბუნებრივია ორგანიზაციებში აქტივობების გამრავალფეროვნებაც  ხდება და ეს კრიტიკა ადამიანების შრომის გაუფასურებას არ ემსახურება). ამავე ინტერვიუში გამოვლინდა, რომ პრობლემის გადასაწყვეტად ქალი აქტივისტების ნაწილი ლესბოსურ (ფართო გაგებით, რომელიც ბი და ქვიარ ქალებს მოიცავს, და ასევე ინკლუზიურია არაბინარული ადამიანების იმ ნაწილისთვის, ვისაც ქალური სოციალიზაცია აქვს გამოვლილი) ინიციატივებს ქმნის, რომელიც ჯგუფს უსაფრთხო სივრცესა და ინტერესებზე დაფუძნებულ უფასო აქტივობებს სთავაზობს და მობილიზაციის ალტერნატიული ფორმების შექმნას ამგვარად ცდილობს. სამწუხაროდ, ამ ინიციატივების მუშაობა საგრძნობლად შეაფერხა პანდემიამ.

პრობლემურად აღიქმება ასევე ის იერარქიები, რომელსაც სათემო აქტივიზმში შემოსული მოკავშირეები ქმნიან ან უწყობენ ხელს. ბუნებრივია, სხვა მოძრაობებიდან და ჯგუფებიდან შემოერთებული მოკავშირეები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვიარ თემისთვის, მაგრამ კვლევის პროცესში კრიტიკულად გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც ადამიანები, ვისაც ქვიარ თემის წევრებისგან საგრძნობლად განსხვავებული გამოცდილებები აქვთ (მაგალითად საჯაროდ სის-ჰეტერო პოზიციონირების გამო, ნაკლები საფრთხე ემუქრებათ ქუჩაში; ცნობადობის გამო მეტი წვდომა აქვს მედია სივრცეებზე და ა.შ.) წამყვან ადგილს იკავებენ ინიციატივებში და მართავენ დღის წესრიგს. ასეთ შემთხვევებში, რთულია ნარატივი გააკონტროლოს ქვიარ მოძრაობამ, რაც ხშირ შემთხვევაში შეიძლება თემის სასიკეთოდ არ მოტრიალდეს.

 

4. სოციო-ეკონომიკური და კულტურულ-პოლიტიკური უფლებების თანაკვეთა
კვლევაზე მუშაობის პერიოდი Covid-19-ის პანდემიას დაემთხვა. პანდემიამ საქართველოში (და არა მხოლოდ) ლგბტქ თემის გამოწვევები კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა და განსაკუთრებით გამოკვეთა თემის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა და მისი კავშირი ჰომო/ბი/ტრანსფობიასთან. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ რესპონდენტები “გაძლიერების” ხშირად ისე განმარტავდნენ, რომ ის მოიცავდა სოციო-ეკონომიკური გარიყულობის აღმოფხვრას. ნათელი გახდა, რომ მხოლოდ კულტურულ და პოლიტიკურ ურთიერთობებზე ფოკუსირება საკმარისი არ არის. 

რესპონდენტებმა ფართოდ ისაუბრეს არასამთავრობო ორგანიზაციების ბაზაზე არსებულ ფსიქო-სოციალური და ჰუმანიტარული დახმარების სერვისებზე, და მათ მნიშვნელობაზე თემის წევრების კეთილდღეობისთვის. ამასთან ერთად, საუბრიდან ცხადი გახდა, რომ მსგავსი ტიპის დახმარება არ არის გრძელვადიანი, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციებს ვერასოდეს ექნებათ (და წესით არც უნდა ჰქონდეთ) სახელმწიფოს მასშტაბის რესურსები. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ სათემო ორგანიზაციებს ამჟამად ორმაგი ტვირთი აწევთ, ერთი მხრივ, ეს არის სერვისებისთვის დაფინანსებისა და ადამიანური რესურსის მოძიება და სისტემის გამართვა (რაც კიდევ უფრო გაართულა პანდემიის დროს პირდაპირი ჰუმანიტარული დახმარების გაცემის საჭიროებამ), მეორე მხრივ კი, პოლიტიკური რეზისტენტულობის პირობებში სახელმწიფოს დარწმუნება, რომ ეს პასუხისმგებლობები საკუთარ თავზე აიღოს. 

ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი რეკომენდაცია იყო კულტურულ-პოლიტიკური და სოციო-ეკონომიკური უფლებების ურთიერთქმედების შესწავლა ლგბტ თემის შემთხვევაში და ისეთი დღის წესრიგის შედგენა, რომელიც ამ სფეროებს შორის კავშირზე ფოკუსირდება. მაგალითად, ქვიარ ადამიანს ჭირდება როგორც ის, რომ გენდერული იდენტობის ან სექსუალური ორიენტაციის ნიშნით არ მოხდეს სამსახურში მისი დისკრიმინაცია, ასევე ის, რომ სამუშაო პირობები იყოს ჰუმანური. 

 

5. ქვიარი, როგორც პოლიტიკური სუბიექტი 
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა, რომელიც რესპონდენტებმა გააჟღერეს არის აუცილებლობა იმისა, რომ ქვიარ ადამიანი პოლიტიკური სუბიექტი გახდეს და ასეთად აღიქმებოდეს კიდეც. ზოგისთვის ეს პირდაპირ არსებულ პოლიტიკურ პროცესებსა და პარტიებში ჩართულობას შეიძლება გულისხმობდეს, ზოგისთვის - ახალი პოლიტიკური ერთობების ჩამოყალიბებას, ზოგისთვის კი - სათემო პოლიტიკური მოძრაობის სახით გავლენის მოხდენას როგორც ლგბტ ორგანიზაციების დღის წესრიგზე, ისე უფრო ფართო პოლიტიკურ პროცესებზე. 

ნებისმიერ შემთხვევაში, ზემოთ გამოკვეთილი მიმართულებები პირდაპირ კავშირშია თემის წევრების პოლიტიკურ სუბიექტებად ჩამოყალიბების პროცესთან. ღია კომუნიკაცია, რომლის მეშვეობითაც გამოცდილება შეიძლება ცოდნად გარდაიქმნას, საკუთარი თემის წიაღში არსებული იერარქიების გააზრება და მათთან დაპირისპირება პოლიტიკური თვითგამორკვევის ნაწილი უნდა იყოს. მხოლოდ ამ გზით შეიძლება საზიარო ღირებულებითი სისტემის შექმნა და სოლიდარობის მიღწევა. ამასთანავე, თვითგამორკვევის ეს პროცესი სისტემური პრობლემების ანალიზსაც უნდა მოიცავდეს, რათა ადამიანებისთვის ცხადი გახდეს, რომ სოციო-ეკონომიკური გარიყულობის, ისევე როგორც ჰომო/ბი/ტრანსფობიის კულტურული ასპექტების, დაძლევა მხოლოდ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა არაა. ამ კუთხით აქტივისტები მნიშვნელოვნად თვლიან ისეთ ბრძოლებში უფრო აქტიურად ჩაბმას, რომელიც გააუმჯობესებს ქვიარ ადამიანების წვდომას განათლებასა და ღირსეულ დასაქმებაზე. ეს დროთა განმავლობაში გაარღვევს მოკლევადიან სერვისებსა და დახმარებაზე დამოკიდებულების მანკიერ წრეს და თემის წევრების ცხოვრებაში საკმარის დროსა და რესურსს გამოათავისუფლებს იმისთვის, რომ მათ პოლიტიკური აქტივობით დაინტერესება და მასში ჩართვა შეძლონ. 

 

ბლოგპოსტების სერიის "ქვიარ კვლევების პლატფორმა" ფინანსური მხარდამჭერია ნიდერლანდების საელჩო საქართველოში.