1
    

პროსტიტუცია XIX საუკუნის თბილისში: ისტორიული მიმოხილვა

22.11.2021


პროსტიტუცია წარმოადგენს არამარტო საქმიანობას, რომელშიც სქესი და სექსუალობა მნიშვნელოვან მასტრუქტურირებელ როლს ასრულებს, არამედ საქმიანობას, რომელიც არ შეიძლება მხოლოდ ამ ორი ცნებით შეიზღუდოს. სხეულით ვაჭრობა, როგორც ისტორია გვიჩვენებს. არ არის მხოლოდ სექსუალურ აქტისა და ფულის გაცვლა-გამოცვლა, ის მჭიდრო კავშირშია ძალაუფლებასა და სექსუალურ სუბორდინაციასთან.


ტერმინით “სექს-მუშაკი” ხდება მეძავების შრომითი უფლებების აღიარება და მათი მინიჭება; ამ ცნების გამოყენებით, ზოგი მეძავი ითხოვს უფლებას მოექცნენ, როგორც ნებისმიერ სხვა მუშაკს. ისინი ყიდიან მომსახურებას და, შესაბამისად, მოითხოვენ მუშაკთა უფლებებს, მათ შორის, წერილობით კონტრაქტებს დამსაქმებლებთან, საპენსიო ფონდებს, ჯანმრთელობის დაცვას, ბავშვთა დახმარებას, გადასახადების გადახდის უფლებას და სახელმწიფო და სოციალური შევიწროვებისგან განთავისუფლებას. მართალია, ტერმინი “სექს-სამუშაო” ან “სექს-მუშაკი” უკეთესად მიესადაგება პროსტიტუციას უახლეს ისტორიაში, XIX-XXსს.-ის რუსეთის იმპერიის, კერძოდ კი, მის შემადგენლობაში შემავალი საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ვითარების აღწერისას მისი არგამოყენების მიზეზს ვერ ვხედავ. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მეძავების სამუშაო ადგილის მიხედვით აღრიცხვა დაიწყო 1843 წლიდან, სახელწიფო გამოდიოდა ერთგვარ შუამავლად „დამსაქმებელსა“ (ბორდელის მფლობელს) და „დასაქმებულს“ (მეძავს) შორის და აკონტროლებდა დადებულ ხელშეკრულების (რომლადაც შეიძლება ჩაითვალოს ყვითელი ბარათი და ბორდელის მფლობელისთვის განკუთვნილი წესების ნუსხა) ტერმინი “სექს-მუშაკი” ვალიდურად შეიძლება ჩაითვალოს. მიუხედავად ზემოთქმულისა, აქ გამოვიყენებ ტერმინებს “პროსტიტუცია”და “მეძავი”, ვინაიდან საარქივო და საისტორიო წყაროებში მხოლოდ ესენი გვხვდება. პროსტიტუციის, მეძავობის განმარტებას გვაძლევს ჯანსახკომის სოციალური ჰიგიენის ინსტიტუტისა და ტფილისის ჯანმრთელობის განყოფილების მიერ 1929 წელს თბილისში გამოცემული წიგნი “მეძაობა (როსკიპობა) და მასთან ბრძოლა”: “მეძაობა ან როსკიპობა არის სახეობა ქორწინების გარეშე ისეთი სქესობრივი დამოკიდებულობისა, როდესაც ქალს მოკლე ხნის განმავლობაში აქვს სქესობრივი კავშირი მრავალ მამაკაცთან, მაგრამ არა სქესობრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, არამედ მატერიალური სარგებლობის მიზნით. მაშასადამე, მეძაობა არის ქალის სხეულის სყიდვა და გაყიდვა, ამასთანავე დედაკაცი არის გამყიდველი, მამაკაცი - მყიდველი ადამიანის სხეულისა.”

 

პროსტიტუცია არის თავისუფალი ბაზრის მექანიზმი და წარმოადგენს პასუხს მამრობითი სქესის წარმომადგენელთა მოთხოვნაზე. მიუხედავად იმისა, რომ პროსტიტუციის როლი ადრეული მოდერნულობის ოჯახის ეკონომიკაში შესწავლილი არ არის, იგი უდავოდ შეიძლება ჩაითვალოს მნიშვნელოვან ფაქტორად XIX-XX საუკუნის ურბანული მუშა  ქალის, მისი სამუშაო გამოცდილების შესწავლისთვის.


მე-18 საუკუნეში რუსეთის იმპერატორის  ბრძანებით ყველა “უწესო ყოფა-ქცევის” ქალი გადასახლებას ექვემდებარებოდა. მომდევნო პერიოდში სენატის განკარგულებით და პოლიციის ზედამხედველობით, მათ ფაბრიკებში ამუშავებდნენ. 1782 წლის ნორმატიულ-სამართლებრივ აქტში, რომელშიც ხდებოდა საპოლიციო ორგანოების სამართლებრივი სტატუსის რეგლამენტირება, პროსტიტუცია პირველად არის მოხსენიებული, როგორც ხელობა: „არსებობისთვის საჭირო სახსრების მოპოვება გარყვნილი ქმედების გზით“, რაზეც სასჯელი ერთი წლით გამოსასწორებელ კოლონიაში გამწესება იყო. 1842 წელს, პროსტიტუციის ლეგალიზებამდე ერთი წლით ადრე, მეძავობაში ბრალდებულები საპატიმრო სასჯელს და ეკლესიურ მონანიებას ექვემდებარებოდნენ.


მიუხედავად იმისა, რომ მორალური და რელიგიური ღირებულებებით იმპერია პროსტიტუციის მოწინააღმდეგე იყო, 1843 წლიდან იგი იქცა ერთადერთ კანონმდებელ ორგანოდ, რომელიც ახდენდა სხეულით ვაჭრობის ინსპექტირებას და დაცვას ქალაქებში.



***

1909 წლის ივლისის ბოლო დღეს თბილისის საგამომძიებლო განყოფილებამ მოულოდნელი აღწერა ჩაატარა, მეხუთე, იგივე ბაზრის უბანზე, ანასტასია დუდჩენკოვას საროსკიპოში და არასრულწლოვანთა პროსტიტუციის ფაქტი გამოავლინა. 


17 წლის მარია სემიონოვა მომონტოვამ, რომელიც  ამ არასრულწლოვანთა შორის იყო, შემდეგი ჩვენება მისცა გამომძიებელს: “ვმუშაობდი მადათოვის კუნძულზე, ცირკში მოახლედ, რამოდენიმე დღის წინ მომიახლოვდა ვინმე მარუსია და ძველი ნაცნობივით გამომელაპარაკა, შემდეგ ფაეტონით გასეირნებაც შემომთავაზა, რაზეც დავთანხმდი და  მალე ორთაჭალის დუქანში მივედით. მარუსიამ მოითხოვა არაყი და მასთან ერთად დალევა მთხოვა. მალევე დავთვერი და მარუსიას სახლში წაყვანა ვთხოვე, მაგრამ ჩემი ბინის ნაცვლად მან დუდჩენკოვას ბარდაკში მიმიყვანა. აქ მეპატრონე დუდჩენკოვამ, მარუსიამ და ეკომნომკა „კულიამ“ დამიწყეს დარწმუნება რომ დავრჩენილიყავი დაწესებულებაში მეძავად და დამპირდნენ ახალი კაბის ყიდვას, ასევე მპირდებოდნენ ფულს, ამასთან მარწმუნებდნენ, რომ საროსკიპოში ცხოვრება უმჯობესია ცირკის ბალაგანში ცხოვრებაზე, თავიდან არ მინდოდა დარჩენა, მაგრამ ასეთი დაპირებების შემდეგ დავთანხმდი.”


სხეულით ვაჭრობა იმდენად მომგებიანი აღმოჩნდა, რომ ისეთი ტრადიციული საზოგადოებაშიც კი, როგორიც იყო ქართული, სწრაფად მოიკიდა ფეხი - ვაჭართა ფენიდან გამოსული ქალბატონების, პოლიციის მუშაკების და ასე ვთქვათ, რეკრუტირების სპეციალისტების განსაკუთრებული “სამეწარმეო” უნარების წყალობით ამ სფეროში. რეკრუტირებულთა ნაკადის შემცირებისთანავე უშუალო ვაჭრობაში ჩართული პირების ქმედებები უფრო აგრესიული ხდებოდა. სპეციალურად გაწვრთნილი “ოპერატორები”, რომელთაც უკვე გავლილი ჰქონდათ მრავალწლიანი სკოლა პეტერბურგში, მოსკოვსა და ოდესის საროსკიპოებში, ნაცადი ხერხებით ცდილობდნენ ქალების შეტყუებას - ეს იყო მოსყიდვა, დაშინება, გატაცება, შანტაჟი. საქმიანობა არ განიცდიდა პერსონალის ნაკლებობას და მუდმივად ახლდებოდა სოფლიდან ჩამოსული, უმუშევრობის გამო ხშირად თავშესაფრის გარეშე დარჩენილი სოფლიდან ჩამოსული გოგონებით, რომლებიც ან ლიცენზირებულ ან არაკანონიერ, იატაკქვეშა ბორდელებში ხვდებოდნენ. ისინი ვინც მეტ დამოუკიდებლობას ანიჭებდნენ უპირატესობას,  დამოუკიდებელ მეძავებად მუშაობდნენ ქალაქის ახალ უბნებში.




ქალაქში ჩამოსვლისთანავე მეძავები ვალდებულები იყვნენ გამოცხადებულიყვნენ იმ უბნის საპოლიციო განყოფილებაში, სადაც განთავსებული იყო მათი საროსკიპო ან ბინა და წარედგინათ პასპორტი. პასპორტის წარდგენისას მეძავები იღებენ სპეციალურ წიგნაკებს (ე.წ ყვითელი ბილეთი), რომელსაც ბეჭდავდა განყოფილება; ყდის შიდა მხარეს განთავსებული იყო ფოტოსურათი, წესების ეგზემპლიარი, ხოლო ბეჭდისა და ზონრის მიღმა კი რვეული სამედიცინო შემოწმების რეზულტატების ჩასაწერად ექიმის ხელმოწერით. ამ დოკუმენტით მიდიოდა მეძავი თავის დაწესებულებაში. ყვითელი ბილეთი ავტომატურად გაიცემოდა ქალზე, რომელიც ორჯერ ან მეტჯერ მოხვდებოდა საავადმყოფოში სქესობრივი გზით გადამდები დაავადების ნიშნებით.


ყვითელი ბილეთის მეორე გვერდზე, მეძავის პირადი მონაცემების შემდეგ, მოცემული იყო 27 წესი რომელთა დაცვაც ევალებოდათ არა მარტო მეძავებს, არამედ საროსკიპოს მფლობელებსაც. წარმოდგენის შესაქმნელად წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:


1. ქალი, ჩართული სხეულით ვაჭრობაში იწოდება მეძავად.

2. მეძავები იყოფიან საცხოვრებლის მიხედვით. ისინი, ვინც საროსკიპოში ცხოვრობენ და ისინი, ვინც ბინადრობენ კერძო ბინებში, უკანასკნელნი იწოდებიან “მარტოხელებად”.

3. საროსკიპო სახლების ფლობის უფლება აქვთ ქალბატონებს არანაკლებ 30 წლისა.

4. საროსკიპოში არ დაიშვება მეძავი 21 წლამდე.

5. შენობებში, სადაც განთავსებულია საროსკიპოები, ბინების გაქირავება მოქალაქეებზე იკრძალება. ამ სახლებში, მობინადრეების, მეძავების, მსახური მამაკაცებისა და ქალების გარდა, რომელთა ასაკი არის 40 წელზე ნაკლები, არავის შეუძლია ცხოვრება.

6. საროსკიპო სახლების შუშაბანდები და ფანჯრები, რომლებიც გადის ქუჩაში, უნდა იყო დაბურული, ღამით კი დარაბებით უნდა ირაზებოდეს.

7. საროსკიპოების მფლობელები მკაცრად უნდა აკონტროლებდნენ ქვეშევრდომების გადაადგილებას. მეძავებს აუცილებლობის გარეშე აივანზე და ქუჩაში გამოსვლა ეკრძალებათ.

8. კარტი, ბილიარდი და სხვა გასართობი თამაშები, ისევე როგორც სპირტიანი სასმელების გაყიდვა, საროსკიპოებში იკრძალება. მუსიკა კი... ვიოლინო ნებადართულია მხოლოდ პოლიციის წერილობითი თანხმობით. თუმცა კი, იმ პირობით, რომ ხმა ქუჩაში არ გამოვა.

9. სტუმრების მიღება საროსკიპოში ნებადართულია საღამოს რვა საათიდან ღამის სამ საათამდე.

10. მფლობელები ვალდებულები არიან იზრუნონ შენობის, მეძავების საცვლების და საწოლის თეთრეულის სისუფთავეზე, მათ ჯანმრთელ და ხარისხიან კვებაზე და ა.შ.


როგორ ცხოვრობდნენ მეძავები? უპირველეს ყოვლისა უნდა განვასხვავოთ მეძავები მცხოვრები საროსკიპოში, დამოუკიდებელი მეძავები ანუ “მარტოხელები” („одиночки“) და ქუჩის მეძავები, რომელთა საქმიანობა არალეგალური იყო, დანაშაულად ითვლებოდა და იდევნებოდა. 


საროსკიპოების რაოდენობა რუსეთში 1860 წლიდან რევოლუციებამდე 150-დან 500-მდე გაიზარდა. საქართველოში, რათქმაუნდა, რაოდენობა გაცილებით ნაკლები იყო, მაგრამ მოსახლების რაოდენობის ფონზე მაინც შესამჩნევი. თბილისის ბორდელების უმეტესობა, ჩვეულებრივ, პატარა იყო, 5-6 ქალით დაკომპლექტებული. მე-9 და მე-10 უბნებზე კი მათი რაოდენობა შედარებით მაღალი იყო - 17-24.  მეძავებს აუტანელ საცხოვრებელ და სამუშაო პირობებში უწევდათ ცხოვრება (ამის ერთერთი მიზეზი სივიწროვე იყო, მაგალითად, სოფიო ბაკაშვილი კიროჩნის  ქუჩაზე(1) 50 კაციან საროსკიპოს ფლობდა, თუმცა ეს შეიძლება გამონაკლისად ჩაითვალოს). კლიენტების რაოდენობა ერთ ღამეში მერყეობდა 10-20 კაცამდე. დაწესებულების კარი იღებოდა საღამოს, შებინდებისთანავე და იკეტებოდა ღამის ორ საათზე. კანონმდებლობით, დღის მანძილზე დარაბები და კარები უნდა ყოფილიყო დაკეტილი. 




ნებისმიერი მეძავი, რომელიც გადაწყვეტდა ხელობის დატოვებას და “პატიოსან ცხოვრების” დაწყებას, უნდა გამოცხადებულიყო პოლიციის განყოფილებაში და  ამის შესახებ განეცხადებინა. განყოფილება  არსებული კანონმდებლობით გასცემდა მეძავზე განსაკუთრებულ დროებით მოწმობას, ძველი საქმიანობის აღნიშვნის გარეშე. ცხოვრების წესზე პოლიციისა მეთვალყურეობის 6 თვის შემდეგ, „სასირცხო საქმიანობის დატოვების შემდეგ“, ხდებოდა ქალის მეძავთა სიიდან ამოღება  და უბრუნდებოდა პასპორტი. 


პროსტიტუციის ისტორია ურბანულია, როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, კოლონიური კონტექსტი არაა გამონაკლისი. მე განვსაზღვრავ კოლონიურ ურთიერთობებს, როგორც ეთნიკურ ან რასობრივ იერარქიებს და სეგრეგაციებს, რომლებიც განვითარდა დასავლური იმპერიული ექსპანსიის შედეგად. ეს იყო უთანასწორო ძალაუფლებრივი ურთიერთობები, რომლებშიც კოლონიზატორს ჰქონდა კონტროლი, ან ყოველ შემთხვევაში ცდილობდა, გაეკონტროლებინა საცხოვრებლის არჩევანი, მობილურობა საჯარო სივრცეში და საზღვრებს მიღმა, ვინ ვისზე ქორწინდებოდა და ან ვინ ვისთან იძინებდა.(2)


კოლონიურ ურბანიზმში ყურადღებას იქცევს სივრცეები, რომლებიც მთავრობის მიერ იქნა ტრანსფორმირებული. ეს გამოიხატებოდა ოფიციალურ დაყოფაში უბნებად და არაოფიციალურ სოციალურ სეგრეგაციაში. კანონმდებლობით, საროსკიპოების განთავსება უნდა მომხდარიყო ქალაქის განაპირა უბნებში, არავითარ შემთხვევაში ეკლესიების, მეჩეთებისა და სხვა სალოცავი ადგილების სიახლოვეს, ასევე, განსაზღვრული იყო მანძილი საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საროსკიპოებს შორის. არქივში დაცული დოკუმენტებით ცნობილი ხდება, რომ ქალაქის სწრაფმა ექსპანსიამ და მოსახლეობის მატებამ “370 მეტრის” წესის პრობლემა წამოჭრა. მისი უგულვებელყოფა ხშირად ხდებოდა. ტფილისის პოლიცმაისტერის სამმართველოს დოკუმენტებში არსებული საჩივარი ცხადყოფს პრობლემის სიმწვავეს.(3) კიროჩნის ქუჩაზე განთავსებული საროსკიპოები უშუალო სიახლოვეში მდებარეობდნენ ლუთერანულ ეკლესიასთან, ავჭალის ქუჩაზე განთავსებული დაწესებულებები კი - სკოლებთან და მსროლელთა ბატალიონის ყაზარმებთან.


კოლონიური ქალაქი დაყოფილი იყო 10 ადმინისტრაციულ უბნად.(4)  საროსკიპოები ძირითადად განთავსებული იყო ხუთ უბანში: ესენია მე-5, მე-6, მე-9 და მე-10. უბნებში მდებარე სახლების, ისევე როგორც მარტოხელა მეძავების სისტემატური მონიტორინგი ქალაქის პოლიციის ინსპექციის მიერ ხორციელდებოდა. თბილისის პოლიცმაისტერის სამმართველოს მონაცემებით 1897 წლის დეკემბერში სამ უბანში, სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებულ შვიდ ბორდელში ცხოვრობდა 260 ქალი.


ისევე როგორც მეძავებში, საროსკიპოებშიც არსებობდა განსხვავება. წარჩინებული წარმოშობისა და მაღალი სტატუსის მქონე კლიენტებს ძირითადად ემსახურებოდნენ შედარებით მაღალი დონის დაწესებულებები. ელიტარული საროსკიპოები, რომლებიც სალონურ იერს ატარებდა, მოწყობილი იყო ძვირფასი ავეჯით, მეძავები საუკეთესო ხარისხის სამოსს ატარებდნენ. საძინებელი მსგავს დაწესებულებებში დაახლოებით 7000 რუბლი ღირდა. 

 

თუ მხედველობაში მივიღებთ 1929 წელს ჯანსახკომის სოციალური ჰიგიენის ინსტიტუტის და ტფილისის ჯანმრთელობის განყოფილების მიერ გამოცემულ სახელმძღვანელოს, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრობლემა ქართული საზოგადოებისთვის ნაცნობი და პრობლემური იყო უკვე XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან. 1903 წლის “ცნობის ფურცელი” და ცნობილი პუბლიცისტები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ საავადმყოფოების სიმცირის გამო ქალაქის უკიდურესად მძიმე მდგომარეობას. 1911 წლის იანვარს მიხაილოვის საავადმყოფოში დარეგისტრირებულ პიროვნებათა შორის არიან სასულიერო პირები, ადგილობრივი ჩინოვნიკები, უცხოელი დიპლომატები და თარჯიმნები, დიასახლისები, ყველა კლასის და სტატუსის წარმომადგენელი ქალები, ყველაზე სამწუხარო, არასრულწლოვნები, ძირითადად მამრობითი სქესის წარმომადგენლები. არ არსებობდა რაიმე ასაკობრივი ზღვარი, პაციენტებს შორის იყვნენ როგორც 12 წლის, ისე 64 წლის ადამიანები. სიფილისთან ბრძოლის თბილისის საქალაქო კომიტეტის მიერ 1909 წელს გამოცემული სახელმძღვანელო დეტალურად აღწერს სიფილისით დაავადებულთა მკურნალობის ნიუანსებს, საროსკიპოების გახსნის წესებს, მათში არსებულ ჰიგიენის ნორმებსა და მათი მფლობელების უფლება-მოვალეობებს. დოკუმენტები, როგორებიცაა შინაგან საქმეთა მინისტრ ზინოვიევის ხელმოწერილი დებულება “რუსეთის იმპერიის ქალაქებში პროსტიტუციის ზედამხედველობის ორგანიზება” და “თბილისის გუბერნიის სტატისტიკური მონაცემები” მოპოვებული იქნა 1897 წლის რუსეთის იმპერიის მოსახლეობის საყოველთაო აღწერისას(5) და მნიშვნელოვან პირველწყაროს წარმოადგენს. საზოგადოებრივი გამოხმაურების თვალსაზრისით, ამ საკითხზე ერთერთი ყველაზე ადრეული მასალაა 1911 წელს გამოქვეყნებული ბარბარე ხერხეულიძის საჯარო ლექცია და ექიმი მ. ბერიძის წიგნები, სადაც მედიცინის მუშაკი ვენერიული დაავადებების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, არსებული წესების უფრო გამკაცრებას, ჯარიმების დაწესებასა და ქალაქის მაცხოვრებელთა შეგნების ამაღლებისთვის საჭირო ბროშურების გამოცემას მოითხოვს.


იმის შესახებ, თუ რამ აიძულა მეცხრამეტე საუკუნის ქალები, სხეულით ევაჭრათ, ისტორიკოსების მიერ შემოთავაზებული განმარტებები მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანია და უნდა აღინიშნოს, რომ თითოეულ მათგანს არსებობის უფლება გააჩნია. ნებით თუ უნებლიეთ გაკეთებული არჩევანი შეიძლება მოტივირებული ყოფილიყო შურით, რაციონალური ეკონომიკური არჩევანით, ძალადობით. არ არსებობს ერთი პასუხი, მაგრამ ერთი რამ უცვლელია - ურბანიზაცია, ინდუსტრიალიზაცია, გარემო და მობილობის მახასიათებლები ცალ-ცალკე აღებული მხოლოდ ნაწილობრივ სურათს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კაპიტალისტებმა საწარმოებში ქალთა და ბავშვთა შრომის უფრო აქტიურად გამოყენება დაიწყეს, პარალელურად მათი ხელფასი მკვეთრად შეამცირეს. შესაბამისად, იმ ქალებისთვის, რომელთათვისაც სხეულით ვაჭრობა შემოსავლის დამატებითი წყარო იყო, ის ძირითად სამუშაოდ იქცა. 


ლორი ბერნშტეინი თავის მონოგრაფიაში “სონიას ქალიშვილები” გვაწვდის ფედოროვის მიერ  1900 წლის კითხვარის მეშვეობით შედგენილ საკმაოდ საინტერესო სტატისტიკას (გამოკითხვა ჩატარდა რუსეთის იმპერიის მასშტაბით): გამოკითხულ მეძავთა 21% მიუთითებდა, რომ ამ საქმიანობით დაკავდა ადვილი ცხოვრების ძიების გამო, 21% დროსტარებისთვის, 17.5% დასაქმების მაძიებელი, 14% სამსახურის დაკარგვის შემდგომ, 9.5% მეგობრების წაქეზებით; 6.5% დაქანცული დაბალხელფასიანი სამსახურისგან; 5.5% საყვარლის გამო; 5% ალკოჰოლიზმის გამო. 1909 წელს განმეორებით ჩატარებული გამოკითხვის მაჩვენებლებში განსხვავება არ გამოიკვეთა. 


საქართველოში მეძავთა რიცხვის ზრდა (1897-1905წწ)  გამოწვეული იყო არამხოლოდ სარკინიგზო მიმოსვლის განვითარებით, არამედ იმ სამრეწველო კრიზისით და მოუსავლიანობით, რაც საქართველოს თავს დაატყდა მე-20 საუკუნის დასაწყისში (1900-1903წწ.) ამავე პერიოდში რუსეთში, მათ შორის, ამიერკავკასიაშიც ბევრი ფაბრიკა-ქარხანა დაიხურა, დაიწყო შრომითი მიგრაცია. დოკუმენტებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სხეულით ვაჭრობის მაკონტროლებელი რეგულაციები საქართველოში ფორმალურად შემოტანილი და დანერგილი იქნა სოციალური და ეკონომიკური ცვლილებების განხორციელების შემდგომ, თუმცა არა უადრეს ბატონყმობის გაუქმებისა. 1905 წლიდან კი ქალთა ემანსიპაციის გაძლიერების, საზოგადოებრივ ასპარეზზე “მშვენიერი სქესის” გამოჩენის და სოციალურ საქმიანობაში მათი აქტიური მონაწილეობის შემდგომ ქალაქური ცხოვრების მორალურ საკითხებს უფრო დიდი ყურადღება დაეთმო.(6)


სამწუხაროდ, მასალები არასაკმარის ინფორმაციას გვაწვდის დარეგისტრირებული მეძავების პირადი ისტორიების შესახებ. სტატისტიკოსები, ექიმები და პოლიციის წარმომადგენლები პროსტიტუციაში ჩართულ ქალებს ძირითადად მშრალი, ფორმალური და პროფესიული ენით აღწერენ, თუმცა კი, დაკითხვის ოქმები მეცხრამეტე საუკუნის თბილისში სხეულით ვაჭრობაში ჩართული ადამიანების ცხოვრების შესახებ საინტერესო სურათს ქმნის.

 

 



[1] ზუსტი მდებარეობა ამ სახლისა იყო ერისთავისა და მარჯანიშვილის  გადაკვეთაზე.

[2] ენ სტოლერი თავის წიგნში “რასა და სურვილის განათლება: ფუკოს სექსუალობის ისტორია და საგნების კოლონიური წესრიგი” (დურჰემი, 1995), ხაზგასმით აღნიშნავს რომ ადამიანური ურთიერთობების ინტიმური სფერო ცენტრალური იყო კოლონიური პოლიტიკისთვის.  ეს ნიშნავს, რომ რასობრივი და კლასობრივი ურთიერთქმედების საკითხები ცენტრალური იყო ქალაქის კოლონიური ხედვისთვის. ამ პოლიტიკამ, თავის მხრივ, იმოქმედა პროსტიტუციის ურბანულ გეოგრაფიაზეც.  ქალაქის მაცხოვრებელთა დაყოფაზე უბნების მიხედვით და ბორდელებსა თუ მეძავების კვარტლებში არსებულ დაყოფაზე.

[3] ტიფლისის პოლიცმაისტერის სამმართველო,  თხოვნები და საჩივრები. ფონდი N84,  ანაწერი N3,  დოკუმენტი 1440. სცსა კიდური თარიღები 1800-1917,  გვ,  25-29

[4] 1888 წლის რუკის მიხედვით ესენია: I ვერე (ვარდისუბანი),  II წმ. დავითის უბანი (1913 წლისთვის მთაწმინდა),  III ალექსანდრეს უბანი,  IV მიხაილოვის უბანი (სოლოლაკი),  V ბაზრის უბანი, VI  ვორონცოვის უბანი,  VII ავლაბრის უბანი (რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა შავისოფელი), VIII ჩუღურეთის უბანი,  IX კუკიის უბანი და X ბაღის უბანი  (1913 წლისთვის დიდუბე)

[5] Первая Всеобщая перепись населения Российской империи 1897 г./ под ред. [и с предисл.] Н.А. Тройницкого . - [Санкт-Петербург] : издание Центрального статистического комитета Министерства внутренних дел,  1899-1905.

  69: Тифлисская губерния. - 1905. - [6],  XVIII,  295 с. - В кн. также: Краткий обзор цифровых данных по Тифлисской губернии / Гр. Щировский . 1. Население - Переписи - Тифлисская губерния - 1897

[6] საქართველოში, ისევე როგორც რუსეთში, ფემინისტების პირველი ტალღა ძირითადად მიმართული იყო საქველმოქმედო ორგანიზაციების ჩამოყალიბებისკენ და ქალთა განათლებისკენ. დადიოდნენ თუ არა ქართველი წარჩინებული ქალები ქალაქის გარეუბნებში და სთავაზობდნენ თუ არა მათ ხელობის დაუფლებასა და პატიოსანი შრომით თავის რჩენას, როგორც ამას პრინცესა დადაშოვა აკეთებდა, უცნობია. პროსტიტუციასთან დაკავშირებით საზოგადოება ორად გაიყო: რადიკალებად და ფილანტროპებად, სოციალისტების იარაღი კი სიბრალული და კაპიტალისტური წყობილების კრიტიკა იყო.



ბლოგპოსტების სერიის "ქვიარ კვლევების პლატფორმა" ფინანსური მხარდამჭერია ნიდერლანდების საელჩო საქართველოში.