1
    

5-6 ივლისის მოვლენები

01.08.2021


2021 წლის 5 ივლისს, პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი იყო მარშის გამართვა.  “ღირსების მარში - სოლიდარობისთვის!” მიზნად ისახავდა ქვიარ თვითგამოხატვა კრიზისების პირობებში არსებულ სოლიდარობასა და ზრუნვაზე დაეფუძნებინა; პრაიდი ასევე მოუწოდებდა მხარდამჭერებსა და ფართო საზოგადოებას, სოლიდარობა გამოეცხადებინათ ქვიარ თემისთვის. 5 ივლისს წინ უძღოდა კამპანია, რომლის ფარგლებშიც ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა, საკლუბო და საფესტივალო ინდუსტრიამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ბიზნესებმა ქვიარებს ღიად გამოუცხადეს მხარდაჭერა. 


მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, 5 ივლისს ღირსების მარში არ შედგა. რადიკალური ექსტრემისტული ჯგუფების მიერ განხორციელდა აქტივისტების დევნა, მოძალადე ჯგუფები შეიჭრნენ “თბილისი პრაიდისა” და “სირცხვილიას” ოფისებში, დევნიდნენ აქტივისტებს მთელი დღის განმავლობაში და თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტს, რომლებიც ადგილზე მოვლენების გასაშუქებლად იმყოფებოდნენ. ხელისუფლების ლიდერებმა, თავიანთი განცხადებებით, ფაქტობრივად, მწვანე შუქი აუნთეს მოძალადეებს, პოლიციამ კი, არავითარ ზომებს არ მიმართა ძალადობის აღსაკვეთად. ბუნებრივია, ამ ვითარებაში, მშვიდობიანი თვითგამოხატვა შეუძლებელი იყო, მარშის მონაწილეთა ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ექმნებოდა, ქუჩებში მიმდინარე ძალადობა კი რამენაირად უნდა შეჩერებულიყო. ამიტომ “თბილისი პრაიდმა” დაგეგმილი მარში გააუქმა. აქციაზე ფიზიკური დაზიანებების მიღებიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისს, ტრაგიკულად გარდაიცვალა ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. ლექსო ჰომოფობიის მსხვერპლი გახდა, მისი სიკვდილი მოუნელებელი ტკივილია ჩვენი საზოგადოებისთვის და სრული სიმწვავით აყენებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას.


5 ივლისის ძალადობის საპასუხოდ, 6 ივლისს სოლიდარობის აქცია ჩატარდა, რომელშიც დაახლოებით 7 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულმა აქციამ ნაწილობრივ დაუბრუნა ქვიარებს წართმეული სივრცე და თვითგამოხატვის უფლება. “მთავარია, ჩვენ რა ვიგრძენით… სიამაყის შეგრძნება იყო იქ დგომა, ღირსების შეგრძნება იყო და სოლიდარობის შეგრძნება იყო,” - განაცხადა პრაიდის აქტივისტმა თამაზ სოზაშვილმა, რადიო თავისუფლების ფილმში “ცრურწმენა და სიამაყე”.


მნიშვნელოვანია ითქვას, რომ როგორც პრაიდის კვირეულამდე განხორციელებული კამპანიის ფარგლებში, ისე 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ თბილისი პრაიდმა და საქართველოში მცხოვრებმა ქვიარ თემმა მიიღო უდიდესი საერთაშორისო მხარდაჭერა. საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სხვადასხვა ქვეყნის ქვიარ თემის მხარდაჭერა აძლიერებს ქართველ ქვიარებს და ზურგს უმაგრებს სამომავლო ბრძოლას თანასწორობისთვის.