1
#Statement
    

განცხადება შსს-თან გამართული მესამე შეხვედრის თაობაზე

31.05.2019


ხუთშაბათს, 30 მაისს, შედგა რიგით მესამე სამუშაო შეხვედრა "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შორის. სამუშაო შეხვედრაზე უნდა გვემსჯელა “ღირსების მარშის” საორგანიზაციო და უსაფრთხოების საკითხებზე, თუმცა სახელმწიფოს წარმომადგენლები არ აღმოჩნდნენ მზად სამუშაო ფორმატისთვის.

შსს-ს წარმომადგენლების განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოები არ აპირებენ ლგბტ თემის საჯაროდ შეკრების თავისუფლების დაცვას, რადგან ხედავენ მომატებულ რისკებს და საფრთხეებს რადიკალურად განწყობილი ჯგუფების მხრიდან.

გაცნობებთ, რომ "თბილისი პრაიდის" გუნდმა სახელმწიფოს შესთავაზა ორი ალტერნატიული მარშრუტი მსვლელობისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ არცერთი შეთავაზებული მარშრუტი არ იყო რუსთაველის გამზირი ან სახელმწიფოს კანცელარია. ამის მიუხედავად შსს არ აღმოჩნდა მზად უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სანაცვლოდ დახურულ სივრცეში ღონისძიების ორგანიზება შემოგვთავაზა.

ამასთან ერთად, გასული კვირის განმავლობაში, სახელმწიფოს მხრიდან ხორციელდებოდა ზეწოლა პრაიდის ორგანიზატორების მიმართ. კონკრეტულად, გიორგი თაბაგარს საეჭვო გარემოებაში დაუკავშირდა სახელმწიფოს წარმომადგენელი და დაშინების გზით შეეცადა გუნდს თავად მიეღო გადაწყვეტილება ღონისძიების გაუქმების ან გეგმების შეცვლის თაობაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სახელმწიფო მიმართავს შიშის დათესვის და ტერორის მეთოდს ლგბტ აქტივისტების მიმართ.

ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო ეფექტურად მუშაობდეს ქვეყანაში არსებული სიძულვილისა და აგრესიის აღმოსაფხვრელად, ზრუნავდეს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაზე, პოლიციელების მგრძნობელობის გაზრდასა თუ სკოლებში ჰომოფობიური ბულინგის დაძლევაზე, ჩვენი გადამალვით და პრობლემის ჩაფარცხვით ცდილობენ ფონს გასვლას. კიდევ ერთხელ მიდიან დათმობაზე რუსული ინტერესების გამტარებელ რადიკალურ დაჯგუფებებთან და პირდაპირ მიგვანიშნებენ, რომ ამ ქვეყანაში ყველა თანასწორი არ არის.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წლის 17 მაისის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაავალდებულა საქართველოს მთავრობა, ყველა საჭირო ზომა მიიღოს რათა საქართველოში ლგბტ თემის გამოხატვისა და საჯაროდ შეკრების თავისუფლება იყოს დაცული. აღნიშნული მოთხოვნა მოიცავს როგორც სახელმწიფოს ვალდებულებას ეფექტურად გამოიძიოს შეკრების თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ფაქტები და დასაჯოს დამნაშავეები, ასევე მოახდინოს მსგავსი დანაშაულების პრევენცია, რაც მოიცავს ხელისუფლების ყველა ორგანოს მხრიდან შესაბამის მუშაობასა და სახელმწიფო მოხელეების მხრიდან ლგბტ თემის მხარდამჭერ საჯარო განცხადებებს. აღნიშნულ ვალდებულებებიდან დღემდე არც ერთი არაა შესრულებული.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 2013 წლის 17 მაისის შემდეგ სახელმწიფოს ჰქონდა 6 წელი, რომ გაეაზრებინა მომხდარი მოვლენები და აეღო პოზიტიური პასუხისმგებლობა ქვეყანაში მოჭარბებული სიძულვილისა და აგრესიის აღმოსაფხვრელად. სამწუხაროა, რომ ექვსი წლის თავზეც გვიწევს იმავე მოცემულობაში ყოფნა, როცა მოძალადე ჯგუფებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს შორის, სახელმწიფო არჩევანს მოძალადეების სასარგებლოდ აკეთებს.
შექმნილი რთული ვითარების მიუხედავად, "თბილისი პრაიდის" გუნდი აგრძელებს კვირეულის ორგანიზებას. ჩვენ არ ვაპირებთ დაგეგმილი ღონისძიებების გაუქმებას ან გეგმების შეცვლას. თუ სახელმწიფოს არ შესწევს უნარი ან არ აქვს პოლიტიკური ნება, რომ უზრუნველყოს ჩვენი შეკრების თავისუფლება, მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს და შსს მინისტრ გიორგი გახარიას, მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება და საჯაროდ ისაუბრონ იმ მიზეზებსა და გამოწვევებზე, რომლის საფუძველზეც "თბილისი პრაიდს" ეზღუდება კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით სარგებლობა.