1
#Statement
    

"თბილისი პრაიდის" მიმართვა სატელევიზიო არხებს

16.04.2019


გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, წამყვანი ტელევიზიების მხრიდან უმცირესობების საკითხების გაშუქების ხარისხი გარკვეულწილად გაუმჯობესდა. შემცირდა სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტები როგორც ჟურნალისტების, ასევე რესპონდენტების მხრიდან. შეიძლება ითქვას, რომ მედია უფრო და უფრო მეტად იაზრებს იმ სოციალურ პასუხისმგებლობას, რაც სენსიტიურ თემებზე მასალის მომზადებას ახლავს თან. თუმცა, ამის მიუხედავად კვლავ რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები, რასაც აღნიშნული მიმართვით გვსურს გამოვეხმაუროთ.

ლგბტქი აქტივისტები უკვე წლებია ვაწყდებით ერთი და იმავე სახის გამოწვევას: მივიღოთ თუ არა მონაწილეობა ისეთ სატელევიზიო გადაცემებში, სადაც სივრცე პოლიტიკურად ანგაჟირებულ, ხშირ შემთხვევაში ძალადობის წამახალისებელ ადამიანებს ეთმობათ. ჩვენივე გამოცდილებამ აჩვენა, რომ თოქ-შოუებში მონაწილეობა ღიად ფაშისტური შეხედულებების მქონე ჯგუფებთან, ხშირ შემთხვევაში არასიღრმისეულს და ეპატაჟურს ხდის ყოველ ასეთ გადაცემას. ჩვენ გვჯერა, რომ ყვირილის ფორმატში წარმართული დებატები ადამიანებთან, რომლებიც მუდმივად იყენებენ შეურაცხმყოფელ ეპითეტებს და არ ერიდებიან პირდაპირი მუქარის შემცველ განცხადებებს, კიდევ უფრო აღრმავებს საზოგადოებაში არსებულ ბზარს და რაც ყველაზე მთავარია ცალსახად გვაზიანებს ქვიარ ადამიანებს.

ჩვენ არ გვინდა მხოლოდ შოუს და ეპატაჟის ნაწილი ვიყოთ. ლ გ ბ ტ ქ ი აბრევიატურის მიღმა კონკრეტული ადამიანები ვართ, ვისაც ყოველდღიური ბრძოლა გვიწევს გადარჩენისთვის. ჩვენ არც იმას ვითხოვთ რომ სხვა ჯგუფებთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაგვაყენონ, თუმცა ეთიკის ნორმების დარღვევად მივიჩნევთ სატელევიზიო ეთერის დათმობას იმ ადამიანებისთვის, ვინც ღიად ქადაგებენ სიძულვილსა და აგრესიას, იყენებენ სატელევიზიო ეთერებს იაფი პოპულიზმისა და პოლიტიკური კაპიტალის დასაგროვებლად.

თბილისი პრაიდის გუნდს გვჯერა, რომ მედიას განსაკუთრებული როლი აკისრია საზოგადოების ინფორმირებისა და სწორი ღირებულებების დამკვიდრების თვალსაზრისით. სახელმწიფოს არაეფექტური პოლიტიკის ფონზე მნიშვნელოვანია აღნიშნული პასუხისმგებლობის სწორად გააზრება და მაღალი ეთიკური სტანდარტების დამკვიდრება.

პრაიდის კვირეულის მიზანი არ არის საზოგადოების კიდევ უფრო გახლეჩა. პირიქით, გვინდა ხმა მივაწვდინოთ ჩვენივე თანამოქალაქეებს და ავუხსნათ, რომ სიძულვილი და აგრესია პასუხი არ არის! ჩვენ გვინდა ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა გვქონდეს და არ გვეშინოდეს ქუჩაში გასვლის. ჩვენი სათქმელის მოსახლეობამდე მიტანა შესაძლებელია მხოლოდ ღირებულებებსა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული მედია გაშუქებით. გთხოვთ გაითვალისწინოთ აღნიშნული მოცემულობა თბილისი პრაიდის ირგვლივ განვითარებული პროცესების გაშუქებისას.
გმადლობთ თანამშრომლობისთვის.