1
#Statement
    

განცხადება პოლიციური ძალადობის შესახებ

25.01.2022


24 იანვარს საზოგადოებამ იხილა პოლიციური ძალადობის სრულიად შემაძრწუნებელი კადრები. გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ უსწორდება პოლიციელი არასრულწლოვან შშმ მოქალაქეს ფიზიკურად, როგორ ამცირებს მას და ემუქრება, რომ მას “აალაპარაკებს”. სამწუხაროდ, ეს შემთხვევა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სისასტიკის გამოვლენის პირველი შემთხვევა არ არის. 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ ამგვარი დამოკიდებულება არის ასევე მკაფიო მაჩვენებელი იმისა, თუ როგორი პოლიტიკა აქვს ჩვენს სახელმწიფოს შშმ ადამიანებისა და ზოგადად მოწყვლადი, ჩაგრული ჯგუფების მიმართ. ხელისუფლება მათ მეორეხარისხოვან, ნაკლებად მნიშვნელოვან ადამიანებად აღიქვამს და სწორედ ეს უხსნის მწვანე შუქს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებსაც მსგავსი ძალადობისა და სისასტიკის ჩასადენად. 

თბილისი პრაიდი სოლიდარობას უცხადებს საქართველოში პოლიციური რეჟიმის შედეგად დაზარალებულ და ჩაგრულ თითოეულ ადამიანს! ჩვენ მივიჩნევთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დიდი ხანია, და ახლა კიდევ ერთხელ, მკაფიოდ აჩვენა ჩვენს საზოგადოებას, რომ ის არათუ ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე არ დგას, არამედ თავად არის მჩაგვრელი ინსტიტუცია, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ადამიანის ღირსება, ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეიწირა. მოვითხოვთ, კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პოლიციელი და მისი თანმხლები კოლეგა, რომელმაც არ აღკვეთა მისი უკანონო და ძალადობრივი ქმედება. 

დროა, შინაგან საქმეთა მინისტრმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა სისტემის სრულ დეჰუმანიზაციასთან დაკავშირებით და დატოვოს თანამდებობა, ამავდროულად სახელმწიფომ დაუყონებლივ დაიწყოს ძალოვანი სექტორის სისტემური გარდაქმნა.