1
#Statement
    

განცხადება დევნილთა საჭიროებების შესახებ

17.01.2022


16 იანვარს სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრებმა აფხაზეთიდან დევნილმა მოქალაქემ, ზურა ჭიჭოშვილმა პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა. ავარიულ შენობაში, არაადამიანურ პირობებში მცხოვრებმა დევნილების ჯგუფმა მთავრობის ყურადღება ვერაფრით მიიპყრო. "სანამ ტრაგედია არ დატრიალდება, მანამ არ მოგვაქცევს მთავრობა ყურადღებას" - ასეთი იყო ზურა ჭიჭოშვილის ბოლო სიტყვები. 

სამწუხაროდ, მთავრობის გულგრილ დამოკიდებულებას ცვლილება არც ტრაგედიის შემდეგ დასტყობია. პრემიერმინისტრი დუმს, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით კი, ეს თვითმკვლელობა "უბედური შემთხვევა" იყო და დევნილების პრობლემასთან კავშირი არ აქვს. ამგვარად, მათ შეურაცხყვეს გარდაცვლილი და ისევ და ისევ უგულებელყვეს ღირსეულ საცხოვრისთან დაკავშირებით დევნილების არსებული პრობლემები. 

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტიდან 30 წელი გავიდა.  დევნილების უმეტესობას კი ჯერაც არ აქვს წვდომა ბაზისურ უფლებაზე - სტაბილურ და ღირსეული საცხოვრისზე. დევნილების ნაწილი ქირით ცხოვრობს, ნაწილი კი სანატორიუმი "ქართლის" მსგავს ავარიულ, მოშლილი ინფრასტრუქტურის მქონე, ანტისანიტარულ შენობებში. სახელმწიფომ მათზე - ომის შედეგად დაზარალებულ საკუთარ მოქალაქეებზე - არ იზრუნა. 

უნდა ითქვას, რომ  გულგრილობაში მხოლოდ მოქმედ, თუ წინა მთავრობებს ვერ დავდებთ ბრალს. მთავრობების პოლიტიკას ზურგს უმაგრებს საზოგადოებაში არსებული სტიგმა და სტერეოტიპები დევნილი მოქალაქეების შესახებ. 

"თბილისი პრაიდი" სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, მეზობლებს და ყველა დევნილს. ჩვენ ვუერთდებით სანატორიუმი “ქართლის” მაცხოვრებლების მოთხოვნებს ადეკვატური საცხოვრისით მათი უზრუნველყოფის შესახებ, აგრეთვე, ვითხოვთ ღირსეულ საცხოვრისს ყველა დევნილისთვის!