1

ვილემ არენდეიასი

19.01.2022


ვილემ არენდეიასი - მეორე მსოფლიო ომის გმირი და მწერალი ნიდერლანდებიდან, 1894 წელს დაიბადა. ის სახლიდან 17 წლის ასაკში წამოვიდა და სანამ მწერალი გახდებოდა, მხატვრობით ირჩენდა თავს.

1942 წელს ნიდერლანდების ოკუპაცია ნაცისტურმა გერმანიამ მოახდინა. არენდეიასის ცხოვრება გართულდა, რადგან მას თავისი სექსუალობა არასდროს დაუმალავს; იცოდა, რომ ადრე თუ გვიან ნაცისტები მასაც დაიჭერდნენ, ამიტომ გადაწყვიტა წინასწარვე დაეწყო ბრძოლა ნაციზმის წინააღმდეგ. ამავე წელს მან დააფუძნა წინააღმდეგობის მოძრაობა "Brandarisbrief", რომელშიც ასეულობით ადამიანი გაერთიანდა და ისინი, ნიდერლანდებში ნაცისტების საქმიანობას დაუპირისპირდნენ.

არენდეიასის დაარსებული წინააღმდეგობის მოძრაობა განსაკუთრებით ცნობილია 1943 წლის 27 მარტს განხორციელებული წინააღმდეგობის აქტის გამო - მოძრაობამ ამსტერდამის მერიის შენობა ააფეთქა, სადაც მილიონობით ებრაელის პირადი მონაცემები ინახებოდა. ამ მონაცემებს ნაცისტები მათ საკონცენტრაციო ბანაკებში გასაგზავნად იყენებდნენ. აფეთქების შედეგად ჩანაწერების დიდი ნაწილი დაიწვა; მიჩნეულია, რომ არენდეიასმა მინიმუმ 800 000 ებრაელის სიცოცხლე გადაარჩინა.

1943 წლის 1 აპრილს არენდეიასი ნაცისტებმა შეიპყრეს და მალევე სიკვდილით დასაჯეს. წამების მიუხედავად მან ბოლომდე არ გათქვა მისი ორგანიზაციის წევრების ვინაობა და აფეთქებაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ საკუთარ თავზე აიღო. სიკვდილით დასჯამდე, მისი ბოლო სიტყვები იყო: 

“უთხარით ყველას, რომ ჰომოსექსუალები არ ვართ მშიშრები” 

არენდეიასის სიკვდილის შემდეგ იპოვეს მისი პირადი წიგნაკი, საიდანაც გაირკვა, რომ წინააღმდეგობის მოძრაობაში არაერთი ღიად გეი და ლესბოსელი ადამიანი იყო ჩართული. ამ ფაქტის გასაჯაროებამ კიდევ უფრო ნათელი გახადა მისი ბოლო სიტყვების მნიშვნელობა.

1945 წელს, ნიდერლანდების ნაცისტებისგან განთავისუფლების შემდეგ ქვეყნის მთავრობამ და სამეფო ოჯახმა ვილემ არენდეიასის ოჯახი ღირსების მედლით დააჯილდოვა ვილემის მიერ ჩადენილი გმირული საქციელების გამო. 1986 წელს ისრაელის უმაღლესმა სასამართლომ არენდეიასს სამართლიანობისთვის მებრძოლი გმირის ტიტული მიანიჭა, რაც ყველაზე მაღალი წოდებაა რომლის მიღებაც ისრაელში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ.