1

კიევის პრაიდის ისტორია

07.02.2022


კიევის პრაიდის ირგვლივ, 2008 წლიდან 2014 წლამდე, ყოველ წელს ერთი და იგივე მეორდებოდა - უსაფრთხოების ზომების არარსებობის გამო, ორგანიზატორები იძულებული ხდებოდნენ, რომ მარში თავადვე გაეუქმებინათ. 2014 წელს, კიევში მიმდინარე “ევრომაიდანის” პროტესტის ფარგლებში უკრაინელმა ქვიარ აქტივისტებმა მსვლელობა გამართეს, თუმცა ეს არ შეიძლება ჩაითვალოს პრაიდად, რადგან მსვლელობის მთავარი მოთხოვნა უკრაინის პრო-რუსული მთავრობის გადადგომა იყო, ასევე, მსვლელობა დაცლილი იყო ლგბტ სიმბოლიკისგან.


2015 წელს კიევში პრაიდი ჩატარდა, თუმცა მსვლელობას მშვიდობიანად არ ჩაუვლია. მიუხედავად იმისა რომ მარში შედგა, პოლიციამ სრულად ვერ უზრუნველყო უსაფრთხოება. შედეგად, მსვლელობაზე რამდენიმე აქტივისტი და პოლიციელი ფიზიკურად დაზიანდა.


პირველი მშვიდობიანი პრაიდის მარში კიევში 2016 წელს ჩატარდა და მასში მონაწილეობა 1200-მა ადამიანმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ უკრაინის პოლიციის უფროსი მაშინ ქართველი პოლიტიკოსი, ხატია დეკანოიძე იყო და უკრაინელი აქტივისტები დღემდე აღნიშნავენ მის წვლილს მარშის მშვიდობიანად ჩატარებაში. 2016 წლის შემდეგ კიევის პრაიდი მუდამ მშვიდობიანად მიმდინარეობს და მონაწილეთა რიცხვიც ყოველწლიურად იზრდება. 2021 წელს კიევის პრაიდს 10 000-მდე მონაწილე ჰყავდა.


კიევის მაგალითი დიდი მოტივაცია აღმოჩნდა უკრაინელი აქტივისტებისთვის სხვადასხვა ქალაქებიდან; ამ დროისთვის ყოველწლიური პრაიდი უკვე ტარდება უკრაინის კიდევ 3 ქალაქში. ესენია: ოდესა, ხარკოვი და ზაპოროჟია.