1

სტამბულის პრაიდის ისტორია

25.12.2021


სტამბულის პრაიდის ისტორია 90-იანი წლებიდან იწყება, როცა პირველმა თურქულმა ლგბტ ორგანიზაცია Lambda-მ ქალაქის მერიას პრაიდის ჩატარების ნებართვისთვის მიმართა. იმდროინდელი სტამბულის მერიისთვის ეს სურვილი მოულოდნელი აღმოჩნდა; ორგანიზატორებს პრაიდის ჩატარებაზე უარი გაურკვეველი მიზეზით უთხრეს.


2003 წელს 30-მდე ლგბტ აქტივისტმა გადაწყვიტა, რომ მათთვის საჯარო სივრცეში გამოჩენა მნიშვნელოვანი იყო და მერიასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე ქუჩაში გამოვიდნენ. ასე ჩატარდა სტამბულის პირველი პრაიდი 2003 წელს, რომელიც მშვიდობიანად დასრულდა.


აქტივისტების გამბედაობამ და პირველი პრაიდის მშვიდობიანად დასრულებამ ბევრი ქვიარ ადამიანი და მხარდამჭერი გააძლიერა, ამის შემდეგ სტამბულის პრაიდის მონაწილეების რიცხვი ყოველწლიურად იზრდებოდა, 2010 წელს კი პრაიდის საჯარო ღონისძიებაში უკვე 10 000 ადამიანი მონაწილეობდა. 2012 წელს მონაწილეთა რიცხვი 30 000-მდე გაიზარდა, 2013 და 2014 წლებში კი სტამბულის პრაიდმა პიკს მიაღწია და 100 000 მონაწილე ჰყავდა. ეს უკანასკნელი ღონისძიებები დღემდე მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე ხალხმრავალ პრაიდის ღონისძიებად არის მიჩნეული.


2015 წელს თურქეთის მთავრობამ კანონდებლობა შეცვალა და ნებისმიერი სახის საჯარო შეკრებისთვის ოფიციალური ნებართვა გახდა საჭირო. მთავრობის ოფიციალური განმარტებით, ეს იმისთვის გაკეთდა, რომ მოქალაქეები ტერორიზმის მომატებული საფრთხისგან დაეცვათ, თუმცა სინამდვილეში აღნიშნული კანონი ოპოზიციისა და უმცირესობების შეზღუდვისთვის გამოიყენეს. 2015 წლიდან პრაიდის მარშის ყველა მცდელობა პოლიციასთან შეტაკებით, არაერთი ადამიანის დაზიანებით და აქტივისტების დაკავებით სრულდებოდა.


2020 წლის დასაწყისში, სტამბულში არჩევნები ოპოზიციურმა პარტიამ მოიგო, რომელიც პრაიდს ღიად უჭერს მხარს. შესაბამისად, გაჩნდა იმედი რომ სტამბულში პრაიდის მშვიდობიანად ჩატარება ისევ შესაძლებელი გახდებოდა, თუმცა 2020 და 2021 წელს პრაიდები კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო შეიზღუდა.