1

სტოუნვოლის აჯანყება

28.06.2021


ლგბტ უფლებებისთვის ყველაზე აქტიური და ხილვადი ბრძოლა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში, 1969 წელს 28 ივნისს დაიწყო. სტოუნუოლის ჯანყი - ასე ეწოდა დაპირისპირების სერიას ნიუ იორკის პოლიციასა და ქვიარ ადამიანებს შორის, რომელიც გამთენიისას დაიწყო და რამდენიმე დღე გაგრძელდა. ეს შეტაკება ქვიარ ადამიანების ასეთი მრავალრიცხოვანი ერთობლივი წინააღმდეგობის პირველი შემთხვევა იყო, რამაც გამოძახილი ჰპოვა მთელი მსოფლიოს ლგბტ უფლებების მოძრაობებშიც.


ბარი სტოუნუოლი პოპულარობით სარგებლობდა ლგბტ თემის უღარიბეს და გარიყულ ჯგუფებში: გეებში, ტრანსგენდერ ქალებსა და უსახლკარო ახალგაზრდობაში. პოლიცია თვეში ერთხელ აწყობდა რეიდს, ამცირებდა და აკავებდა იქ მყოფ ადამიანებს. ერთ ღამესაც, ბარში მყოფმა ადამიანებმა გადაწყვიტეს აღარ დაეხარათ თავი, გაეპროტესტებინათ მორიგი რეიდი და წინააღმდეგობა გაეწიათ პოლიციისთვის. ეს იყო მასშტაბური ამბოხი, რომელშიც დასაწყისისთვის 200-300 ადამიანი მონაწილეობდა. მოგვიანებით კი ათასობით ადამიანი შეუერთდა. ამგვარად ჩაეყარა საფუძველი „გეი განმათავისუფლებელ მოძრაობას“.


სტოუნუოლის ამბოხიდან 1 წლის თავზე, 1970 წლის ივნისში, პირველად ჩატარდა გეი პრაიდები აშშ-სა და ევროპის დიდ ქალაქებში. „პრაიდი“ (Pride) ქართულად სიამაყეს ნიშნავს და ლგბტ ადამიანები, რომლებიც უერთებოდნენ პრაიდებს ამბობდნენ „მე არ მრცხვენია იმისი ვინც ვარ". პრაიდები დღესდღეისობით ათობით ქვეყანაში და ასობით ქალაქში ტარდება. პრაიდის მიზანია ლგბტ ადამიანების უფლებებისთვისა და თანასწორობისთვის ბრძოლა. ასევე, პრაიდი არის იმედი მოზარდებისთვის და იმ ლგბტ ადამიანებისთვის, რომლებიც მალავენ საკუთარ სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობას, რომლებიც ჯერ ვერ იბრძვიან საკუთარი უფლებებისთვის.