1

ალან ტიურინგი

07.06.2021


7 ივნისი ალან ტიურინგის გარდაცვალების დღეა. 1954 წლის 7 ივნისს ალან ტიურინგმა სუიციდით დაასრულა სიცოცხლე, მას შემდეგ რაც ჰომოსექსუალობის გამო, ბრიტანეთის ხელისუფლებამ იძულებითი ქიმიური კასტრაცია ჩაუტარა. 


ალან ტურინგი იყო გამორჩეული მათემატიკოსი და მეცნიერი, რომელმაც თანამედროვე კომპიუტერის ადრეული ვერსია შექმნა. მეტიც, მეორე მსოფლიო ომის დროს ტურინგმა მოახერხა ნაცისტური გერმანიის ენიგმას კოდური მესიჯების გაშიფვრა, რისი დამსახურებითაც დაჩქარდა მეორე მსოფლიოს ომის დასრულება და სიკვდილს გადაურჩა მილიონობით ადამიანი. ამის მიუხედავად, 1952 წელს დამნაშავედ სცნეს "უღირს საქციელში" და ქიმიური კასტრაცია მიუსაჯეს. 


ბრიტანეთის სამეფომ ტურინგი მისი სიკვდილიდან 59 წლის შემდეგ სიმბოლურად შეიწყალა. 2009 წელს კი, ბრიტანეთის მთავრობამ მოიბოდიშა მისი სასჯელის გამო: "ვწუხვართ, თქვენ ბევრად მეტს იმსახურებთ. ალანს და სხვა ათასობით გეი კაცს, რომლებსაც ჰომოფობიური კანონის საფუძველზე მის მსგავსად გაასამართლეს, საშინლად მოექცნენ", — თქვა მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა, გორდონ ბრაუნმა. 


დღეს ალან ტურინგი აღიარებულია, როგორც მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური და ძლიერი მოაზროვნე. 2021 წლიდან მიმოქცევაში ჩაეშვა ბრიტანული ფუნტის ახალი დიზაინი, რომელზეც ალან ტიურინგია გამოსახული.