1
#Statement
    

Მოკვეთე ოკუპანტს საცეცები — არა ალტ-ინფოს!

26.02.2022


Მივმართავთ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და საქართველოს პარლამენტს,

Ჩამოერთვას ალტ-ინფოს მაუწყებლობის ლიცენზია!
აიკრძალოს ალტ-ინფოს მიერ დაარსებული პარტია!


უკვე რამდენიმე დღეა, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ვუყურებთ, როგორ ავრცელებს ალტ-ინფო ღიად რუსულ, პროპაგანდისტულ მესიჯებს ტელევიზიით კერძოდ, ომის დაწყებას უკრაინას აბრალებს. გვახსოვს ალტ-ინფოს სხვა ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებიც, რომ ოკუპაციის დემონიზება არ ღირს და რომ ქვეყანაში რუსული ბაზები უნდა განთავსდეს. მიგვაჩნია, რომ ალტ-ინფოს ჩართვა ყველა ძირითად სამაუწყებლო პაკეტში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ძირს უთხრის ქვეყნის დამოუკიდებლობას და ევროპულ მომავალს. 

ალტ-ინფოს ეთერში, პარტიის ლიდერების მიერ, საჯაროდ დაიგეგმა 5 ივლისის სასტიკი თავდასხმა ლგბტ აქტივისტებზე, მხარდამჭერებსა და მედიაზე. სწორედ ალტ-ინფოს ლიდერები ხელმძღვანელობდნენ მასობრივ ორგანიზებულ ძალადობას, მათ ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული, თუმცა ნაცვლად დასჯისა, ალტ-ინფო ეროვნული მაუწყებელი გახდა და პარტიად დარეგისტრირდა


ალტ-ინფოს მიერ დაფუძნებული პარტია “კონსერვატიული მოძრაობა” უნდა გამოცხადდეს არაკონსტიტუციურად, რადგან მისი საქმიანობა ძალადობრივია, აღვივებს სოციალურ შუღლს, მიმართულია კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ, და საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებებს, დემოკრატიულ კურსსა და სუვერენიტეტს. Მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” აკრძალვის მოთხოვნით.


ალტ-ინფო არის რუსული იარაღი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. მისთვის მაუწყებლობის ლიცენზიის ჩამორთმევა და პარტიის გაუქმება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია რუსულ პოლიტიკასთან საბრძოლველად, პოლიტიკასთან, რომელიც ავტორიტარიზმის, ძალადობის, ჰომოფობიის, კორუფციის, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის სინონიმია, განსაკუთრებით, ჩვენი რეგიონისთვის ასეთ კრიტიკულ მომენტში.