1
#blogpost
    

ალტ-ინფო: სიტყვის თავისუფლების მიღმა

19.03.2022


ბლოგ პოსტის ავტორია "თბილისი პრაიდის" იურისტ-მკვლევარი ანრი აბულაძე


რატომ სცდება ალტ-ინფოს საქმიანობა სიტყვის თავისუფლების ფარგლებს?


ტელეკომპანია „ალტ-ინფო“, რომელიც საკუთარ თავს ალტერნატიული ინფორმაციის წყაროდ მოიხსენიებს, ძალადობრივი, ჰომოფობიური, ქსენოფობიური და სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის ზიანის მომტანი ნარატივებით გამოირჩევა. „ალტ-ინფოს“ საქმიანობა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ისეთ უმნიშვნელოვანეს პრინციპებსა და ღირებულებებს, როგორებიცაა: ადამიანის ძირითადი უფლებები, დისკრიმინაციის აკრძალვა, თანასწორობა და ქვეყნის სუვერენიტეტი. აღნიშნული არხისაგან მომდინარე საფრთხე კიდევ უფრო გაძლიერდა მაშინ, როცა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მას ეროვნულ დონეზე მაუწყებლობის ავტორიზაცია მიანიჭა

ალბათ, მაშინ, როცა ტელეარხებსა და მაუწყებლობაზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი პირველი საკითხი, რაც გონებაში ჩნდება დაკავშირებულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან. მართლაც, გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი და პლურალისტული მედია დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. სწორედ ამიტომ, გამოხატვის თავისუფლება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმებით. მიუხედავად ამისა, გამოხატვის თავისუფლება არ წარმოადგენს აბსოლუტური კატეგორიის უფლებას, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი არ იცავს ნებისმიერი სახის გამოხატვას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სამართალი აწესებს კონკრეტულ პირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში სიტყვისა და გამოხატვის უფლების შეზღუდვა გამართლებულია. საკითხის უკეთ გასაანალიზებლად, შემდეგი შეკითხვა დაუსვით საკუთარ თავს: „შემიძლია ჩემი გამოხატვის თავისუფლება გამოვიყენო ისე, რომ არსებითი საფრთხე შევუქმნა სხვა ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ან ხელვყო მისი უფლებები?“ ალბათ, ამ შეკითხვამ კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი გააჩინა თქვენს გონებაში. თუ ამ შეკითხვებიდან ერთ-ერთი მაინც შეეხება „ალტ-ინფოსა“ და გამოხატვის თავისუფლებას შორის ურთიერთმიმართებას, მაშინ გილოცავთ - თქვენ სწორ დროსა და ადგილზე აღმოჩნდით. ამ ბლოგის ფარგლებში ვაჩვენებთ იმას, თუ რატომ არ არის „ალტ-ინფოს“ მაუწყებლობა დაცული გამოხატვის თავისუფლებით.

I. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ იცავს ძალადობისაკენ მოწოდებას/წაქეზებას - „ალტ-ინფოს“ ეთერში იგეგმება და ანონსდება ძალადობა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით, როცა გამოხატვა მიმართულია ძალადობის მოწოდებისაკენ/წაქეზებისაკენ, რაც ძალადობის რეალურ საფრთხეს ქმნის, იგი არ არის დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით. საქმეში ერბაკანი თურქეთის წინააღმდეგ, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში შესაძლოა საჭირო გახდეს ყველა ისეთი გამოხატვის შეზღუდვა, რომელიც ავრცელებს, ახალისებს, ხელს უწყობს ან ამართლებს შეუწყნარებლობის საფუძველზე სიძულვილსა და ძალადობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოხატვის თავისუფლების ზღვარი გაივლის იქ, სადაც გამოხატვა კონსტიტუციით დაცულ [სხვა] სიკეთეს, კონსტიტუციით გაცხადებულ პრინციპებსა და ღირებულებებს შეუქმნის საფრთხეს.“ მოკლედ რომ შევაჯამოთ, იმისათვის, რათა „ალტ-ინფოს“ გამოხატვა არ იყოს დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით, აუცილებელია მისი ეთერით 

1) ხდებოდეს ძალადობისაკენ მოწოდება/წაქეზება და

2) ეს მოწოდება/წაქეზება უნდა ქმნიდეს ძალადობის რეალიზების პირდაპირ და არსებით საფრთხეს. ახლა კი ფაქტებზე დაყრდნობით ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რამდენად აკმაყოფილებს „ალტ-ინფო“ აღნიშნულ კრიტერიუმებს.

სწორედ „ალტ-ინფოს“ ეთერში დაანონსდა და დაიგეგმა 2021 წლის 5 ივლისს განხორციელებული მასშტაბური ძალადობა ლგბტ თემის წევრების, აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. მაგალითად, 5 ივლისამდე რამდენიმე დღით ადრე, აღნიშნული არხის დამფუძნებელმა და პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ზურაბ მახარაძემ, „ალტ-ინფოს“ საშუალებით მიმართა საზოგადოებას: 

„ისინი ჩვენ მოძალადეებს გვეძახიან და დიახ, მე ვარ მოძალადე. მე შემიძლია და ვაპირებ, საკუთარი ღირებულებების, მათ შორის, ძალით დაცვას. თუ ჩემი შვილი ამათი შექმნილი ჯოჯოხეთის პირობებში უნდა გაიზარდოს, მე მზადა ვარ, ძალით ვიმოქმედო ამის წინააღმდეგ. 5 ივლისს, დილის ათი სათიდან, მე და ჩემი ძმები გავალთ და დავდგებით 9 აპრილის ბაღში, იქიდან ავიღებთ მთლიანად რუსთაველს და ვაჩვენებთ, ვისი ქვეყანაა საქართველო. ჩემს ფეხებს ჩაატარებენ ეგენი გარყვნილების აღლუმს.”

გარდა ამისა, „ალტ-ინფოს“ ეთერით არხის დამფუძნებლებმა მოუწოდეს ხალხს, რომ არ შეშინებოდათ „მოძალადის სტატუსის“ მიღების და გამოეყენებინათ ყველაფერი, რაც „ხელში მოხვდებოდათ“. 

უშუალოდ 5 ივლისს, „ალტ-ინფოს“ პირდაპირ ეთერში დაიგეგმა და დაორგანიზდა თავდასხმა „სირცხვილიას“ ოფისზე. “500-600 კაცი გამოვეყოთ მასას, არ ავირიოთ და დავიძრათ “სირცხვილიას” ოფისისკენ” - განაცხადა კონსტანტინე მორგოშიამ. აღნიშნული მოწოდების გაკეთებიდან მყისიერად, სულ რაღაც 9-10 წუთში, მორგოშიამ და აქციის სხვა მონაწილეებმა “სირცხვილიას” ოფისთან გადაინაცვლეს და დაიწყეს მასზე თავდასხმის განხორციელება. „ალტ-ინფოს“ პირდაპირმა ეთერმა ასევე ასახა ის, თუ როგორც მოუწოდებდა ზურაბ მახარაძე ძალადობისაკენ და პარლამენტის წინ კარვების დარბევისაკენ მის გარშემო შეკრებილ ხალხს. 

ამასთან, „ალტ-ინფოს“ მიერ ლგბტ ადამიანების მიმართ ძალადობის წახალისება და სიძულვილის გაღვივება არ შემოიფარგლება მხოლოდ 5 ივლისის მოვლენებით. ეს „ალტ-ინფოს“ ეთერის განუყოფელ, განგრძობად და სისტემურ ნაწილს წარმოადგენს.  

II. გამოხატვის თავისუფლება შესაძლოა შეიზღუდოს მაშინ, როცა ეს აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის, ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. 

„ალტ-ინფოსგან“ მომდინარე საფრთხე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული უსაფრთხოების მიმართ განსაკუთრებით გამოაშკარავდა ბოლო პერიოდში, მას შემდეგ, რაც რუსეთმა სამხედრო აგრესია განახორციელა უკრაინის წინააღმდეგ. „ალტ-ინფო“ ეთერში გაჟღერებული ნარატივებით აქტიურად ცდილობს რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის, საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევისა და კაცობრიბის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ლეგიტიმაციას, გამართლებას. მაგალითად, „ალტ-ინფოს“ ეთერში, მისმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი ქარდავამ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ შეაფასა, როგორც „ჰუმანიტარული ინტერვენცია“. გადაცემის „დღის კომენტარი 16:00 საათზე“ წამყვანმა განაცხადა, რომ „რუსეთს თავის გეოპოლიტიკურ ოჯახში აუტეხეს ომი.“ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებამდეც აშკარა იყო „ალტ-ინფოს“ მაწუყებლობისაგან მომდინარე საფრთხე ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კუთხით. მაგალითად, კარგად გვახსოვს „ალტ-ინფოს“ ისეთი ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები, როგორებიცაა ოკუპაციის დემონიზება არ ღირს და  ქვეყანაში რუსული ბაზები უნდა განთავსდეს.“ შესაბამისად, აღინშნული მაუწყებლის საქმიანობა აჩენს  გონივრულ ეჭვს იმისა, რომ იგი მიმართულია საქართველოში ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკური ინტერესების გატარებისაკენ, რაც რა თქმა უნდა, საფრთხისშემცველია საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოებისათვის. 

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია ქვეყნის ეროვნულ ინტერესად ისახავს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფას. გარდა ამისა, კონცეფცია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და მისი მხრიდან ახალი სამხედრო აგრესიის რისკს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების წინაშე არსებულ საფრთხედ აღიარებს. 

“ალტ-ინფოს” მიერ რუსეთის სამხედრო აგრესიის გამართლება, ოკუპანტი ქვეყნის ლიდერის მიერ ჩადენილი კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გაიდიალება და საქართველოში რუსეთის პოლიტიკური ინტერესების გატარების ღია ხელშეწყობა ერთმნიშვნელოვნად საფრთხისშემცველია საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოებისათვის.

მაშასადამე, ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ საქმიანობის საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მისი მაუწყებლობა არ ჯდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიერ დაცულ სფეროში. აქედან გამომდინარე, „ალტ-ინფოს“ მაუწყებლობის რაიმე სახით შეზღუდვა ავტომატურად არ უტოლდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევას.