1
#blogpost
    

სექსუალობის ეთიკა და ყოვლისმომცველი სექსუალური განათლების მნიშვნელობა

25.03.2022


“იარე, ლილი, მე მოგყვები. იარე და ჩემთან ერთად ათრიე ჩემი ტყუილი, არ დაიღალო, ზურგით ატარე ჩემი თვალთმაქცობა, ვიაროთ ასე და დაველოდოთ, იქნებ მეხი გავარდეს, მიწა იძრას და შეგვაზანზაროს, წყალი მოვარდეს და ეს კუბო თან წაიღოს, სწრაფ დინებას გაჰყვეს ეს ამხელა ტყუილი და მერე დანაშაულის გრძნობის, სინდისის ქენჯნის გარეშე მხრებში გავიშალო, თავი მაღლა ავწიო და ჩუმად გითხრა: დაიკიდე”. 

ეს არის ციტატა მაგდა კალანდაძის სადებიუტო რომანიდან, “მეორე ოთახი”.  წიგნის მთავარი გმირი, ელენე მახარაძე წარმოიდგენს, რომ თავის შეყვარებულ ლილისთან ერთად გადააქვს წიგნები, ოღონდ ყუთების ნაცვლად წიგნები კუბოშია ჩალაგებული. ტვირთი მძიმეა და მტანჯველი, და ელენეს ძალიან უნდა, რომ ეს ტვირთი ჩამოიხსნას, შვებით ამოისუნთქოს, მაგრამ ის ამისთვის თითქოს უმალ მეხის გავარდნის ან წყლის მოვარდნის მსგავს ბუნებრივ მოვლენებს ნატრულობს, ვიდრე იმას, რომ თავად მოიმოქმედოს და შეცვალოს რაიმე. საბოლოოდ კი, მიუხედავად იმისა, რომ მას თითქოს ეს არც დაუსახავს მიზნად - თითქოს მშვენივრად იმალება და ინიღბება - ის მაინც, თავისდაუნებურად, თავად წარმოგვიდგება აქტიურ როლში, თავად გახდება საკუთარი ცხოვრების სუბიექტი. სხვა გზა არ არის, ის უნდა გამოჩნდეს ისეთი, როგორიც ის არის. რომანი სრულდება იმით, რომ ელენეს იჭერენ, რადგან ის 17 მაისის - ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის - აღნიშვნასთან აღმოჩნდება კავშირში. სიმართლეს ფარდა ეხდება და მჟღავნდება თუ ვინ არის ელენე - ის ქვიარია. რომანი სრულდება ელენეს გაფიქრებით: “ნეტავ დედას ვინ მოუყვება”. ამ მომენტში შესაძლოა იფიქრო, რომ ეს სიტყვები ადამიანის თვითგამორკვევას, იდენტობის გააზრებას და გაცხადებას თავისუფლებასთან კი არ აკავშირებს, არამედ რაღაც გაურკვეველ შიშთან.   

ჩემი, როგორც მკითხველის, მადლობა წიგნის ავტორის მიმართ ასე შემიძლია ჩამოვაყალიბო: წიგნი რაღაც ისეთს მაჩვენებს, რაც წესით (წესით, რადგანაც ელენე იმ საზოგადოების წევრია, რომელშიც მეც ვცხოვრობ) უნდა მცოდნოდა, მაგრამ ჩემთვის ის აქამდე თითქმის უხილავი იყო. ხოლო წიგნის დასასრული შემდეგს მეუბნება: ელენესნაირი ადამიანების თავისუფლება და ხილვადობა მხოლოდ მათი პასუხისმგებლობა როდია და საზოგადოების, მაგალითად, თუნდაც ელენეს დედის მიმღებლობაზეც არის დამოკიდებული. მიმღებლობას კი, გამომუშავება სჭირდება. ნებისმიერი სახის თავისუფლება, სულ ერთია აზრის გამოხატვის, სექსუალური ორიენტაციის, რეპროდუქციული, რელიგიის თუ ნებისმიერი სხვა, დაკავშირებულია იმასთან, თუ რამდენად არსებობს სივრცე იმისათვის რომ ყოველ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა,  თავისუფლად წარმოადგენდეს და ახორციელებდეს საკუთარ თავს, ჰქონდეს თვითგამორკვევის უფლება. 

წიგნებს, რომლებსაც ელენე და ლილი ეზიდებიან მაგდა კალანდაძის რომანში, სინამდვილეში ჩვენ ყველანი - მთელი საზოგადოება - ერთად ვეზიდებით, მიუხედავად იმისა, ვაცნობიერებთ ამას თუ არა. შესაბამისად, ყველას თანაბრად გვჭირდება, რომ ისინი სათითაოდ ამოვიღოთ კუბოდან და გავაცოცხლოთ. წიგნების სიცოცხლე კი იმაში იქნება, რომ ისინი ადამიანებმა თავისუფლებისთვის, გან-თავისუფლებისთვის იკითხონ და არა ტანჯვისთვის. როგორც ამაზე მერაბ მამარდაშვილი წერს, ჩვენ, ადამიანებმა, ეს სივრცე, ჩვენი ყოველდღიურობა, უნდა გარდავქმნათ ყოველი, ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებისთვის, თავისუფლებისთვის ვარგისად და ეს ჯერ კიდევ წინ გვაქვს. ამის განხორციელება კომპლექსური პროცესია, რომლის ერთ-ერთი სფერო იქნება ადამიანის სექსუალობასთან დაკავშირებული საკითხები. სექსუალობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი როლი ენიჭება: ქვეყანაში ყოვლისმომცველი სექსუალური განათლების უზრუნველყოფას და ასევე,  სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების ცოდნას. აღსანიშნავია, რომ ამ საქმეში, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს პოზიციას, ამ თემებზე ლიტერატურის არსებობას და მასზე ხელმისაწვდომობას და ა.შ.

ამ ბლოგში ვცდილობ, ვისაუბრო ადამიანის ღირსებაზე, ადამიანის უფლებებზე,  პასუხისმგებლობაზე, თავისუფლებასა და მათთან კავშირში მყოფ აღიარებისა და თანასწორობის ცნებებზე. ეს ცნებები შესაძლოა იყოს, როგორც ეთიკის, ისე სამართლის ცნებები. მოცემულ ბლოგში მე მაინტერესებს ამ ცნებების შესახებ საუბარი ლგბტ ადამიანებთან მიმართებაში. 

საქართველოს კონსტიტუციის თანასწორობის უფლების შესახებ მუხლი გვეუბნება, რომ ყველა ადამიანი თანასწორია სამართლის წინაშე, მუხლი თავისუფლებაზე გვეუბნება, რომ “ადამიანის თავისუფლება დაცულია”, ხოლო მუხლი ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის შესახებ გვეუბნება, რომ: “ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო”.  ერთი მხრივ, შესაძლებელია ყოველი ადამიანის თანასწორობაზე საუბრისას კონსტიტუციასა და ეროვნულ და საერთაშორისო სამართლებრივ მექანიზმებზე მივუთითოთ, ხოლო, მეორე მხრივ,  შეგვიძლია ეთიკაზე, ეთიკურ კატეგორიებსა და ნორმებზე ვილაპარაკოთ. პირველი პერსპექტივა უზრუნველყოფს იურიდიულ თანასწორობას და თანასწორობის დარღვევისას სანქციების გამოყენების შესაძლებლობას, ხოლო მეორის - ეთიკის პერსპექტივის შემთხვევაში - მორალურად ცუდ, გაუმართლებელ საქციელთან გვექნება საქმე. ორივე ეს პერსპექტივა კი უზრუნველყოფს ყოველი ადამიანის აღიარებას, როგორც იურიდიული, ისე მორალური სტატუსის მქონე  პიროვნებად.

“აღიარების” ცნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცნებაა პოლიტიკის ფილოსოფიასა და ეთიკაში. მისი შემოტანა ინგლისურენოვან სივრცეში დაკავშირებულია ჰობსისა და ლოკის პოლიტიკის ფილოსოფიასთან, ხოლო, გერმანულენოვან ლიტერატურაში გერმანული იდეალიზმის ფილოსოფოს ფიხტეს სახელს უკავშირდება. თუმცა, მანამდე კანტის კატეგორიულ იმპერატივშიც უკვე არის “აღიარების” ცნების ძირითადი პრინციპი გამოხატული და იგი დაკავშირებულია ადამიანის ინსტრუმენტალიზების აკრძალვასთან. კანტი ამ პრინციპს თავის კატეგორიულ იმპერატივში გვიცხადებს: “მოიქეცი ისე, რომ ადამიანობა (Menschheit), როგორც შენი, ისე ყოველი სხვა პიროვნების სახით, შენთვის მუდამ ჟამს იყოს მიზანიც და არასოდეს — მხოლოდ საშუალება”. ის, რომ ყოველი ადამიანი მიზანიც უნდა იყოს და არასოდეს მხოლოდ საშუალება, სწორედ ადამიანის ინსტრუმენტალიზებას ხდის შეუძლებელს. რაც შეეხება ფიხტეს, ის წერს: “მე ყველა შემთხვევაში, უნდა ვაღიარო თავისუფალი არსება, როგორც ასეთი, ჩემს გარეთ, ეს ნიშნავს, შევზღუდო ჩემი თავისუფლება მისი თავისუფლების შესაძლებლობის ცნებით”. შესაბამისად, ფიხტეს მიხედვით, პიროვნებებს შორის  ურთიერთობები განპირობებულია სწორედ მათ მიერ თავისუფლების ორმხრივი “ურთიერთაღიარებით” და ამიტომაც, გამოდის, რომ ჩემი თავისუფლების შესაძლებლობა სხვისი თავისუფლების აღიარებას გულისხმობს და პირიქით. ფიხტეს შემდეგ კი, ჰეგელმა მოახდინა “აღიარების” ცნების საფუძვლიანი დამუშავება თავის “გონის ფენომენოლოგიაში”.

თუ ეთიკის პერსპექტივიდან შევხედავთ საკითხს, მაშინ ჩვენ, ფაქტობრივად, ჩავერთვებით სექსუალობის ეთიკის სფეროში, ყოვლისმომცველი სექსუალური განათლებისა, და სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებების არსსა და საჭიროებაზე საუბარში. ისინი საქართველოში ჯერ კიდევ თავის განვითარებას ელიან. მაგალითად: “2014 წლამდე საქართველოს საშუალო საგანმანათლებლო სისტემაში არ იყო არანაირი SRHR განათლება. 2014 წლის ივნისში ევროკავშირმა ხელი მოაწერა საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. 2014 წლის ივლისის ანგარიშში რეკომენდებულია, შემოღებულ იქნას ‘ასაკის შესაბამისი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ განათლება, მათ შორის ყველა დონეზე პასუხისმგებლიანი სექსუალური ქცევის შესახებ’”. მიუხედავად ამ ცვლილებებისა, SRHR განათლების სათანადო განვითარება საქართველოში ჯერ კიდევ არ მომხდარა. 

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ არსებობს სპეციალური ვებსაიტი “სამოქალაქო განათლება ყველასათვის”. ამ საიტს გააჩნია ქართული, სომხური და აზარბაიჯანული რეჟიმები და პიროვნული განვითარების შესახებ თავში წარმოდგენილია ქვეთავი სახელწოდებით: “ლგბტ უფლებები და მოძრაობები”. მოცემულ ქვეთავში გადმოცემულია ლგბტ უფლებებისთვის ბრძოლის ისტორია, ასევე, მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და სხვა დაინტერესებულ ადამიანებს საიტი აცნობს, მაგალითად, ალან ტურინგის ისტორიას და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებსა და თარიღებს. ეს ვებსაიტი, უდაოდ, მნიშვნელოვანი წვლილია, მაგრამ ჩემი, როგორც ფილოსოფოსის, რეკომენდაცია იქნება, რომ ეს თემები კიდევ უფრო გამდიდრდეს მათი ეთიკური პერსპექტივის გაანალიზებით. მაგალითისთვის, ისეთი საკითხების განხილვისას, როგორიცაა ადამიანის თავისუფლება (განსაკუთრებით, სექსუალური და რეპროდუქციული თავისუფლება), ავტონომია, თვითგამორკვევა, ლგბტ ადამიანების ინტერესებს მივაქციოთ ყურადღება. 

იმის ემპირიულ დონეზე უკეთ წარმოსაჩენად, თუ როგორია, მაგალითად, სკოლაში ლგბტ საკითხების მიმართ მოსწავლეების ინტერესი, აზრის გამოხატვა ვთხოვე სამოქალაქო განათლების ერთ-ერთ მასწავლებელს, ნონა ფიფიას. მან აღნიშნა: “ბოლო წლებია, აღმოვჩნდი ახალი გამოწვევის წინაშე - მოზარდები საკუთარი იდენტობის ძიებაში რიგ პრობლემებს აწყდებიან, რომელთაგან ყველაზე მგრძნობიარე და ემოციური საკუთარ სექსუალურ იდენტობაში გარკვევის პროცესის სირთულეა რიგ შემთხვევებში [...] ამდენად, ამ თემის წამოწევა არის ერთგვარი “დაკვეთა”, რომ დავინახოთ, რომ  მოვუსმინოთ, რომ ვაღიაროთ მათი იდენტობა. გულახდილად გეტყვით, ამ თემის განხილვა სერიოზულ მომზადებას ითხოვს მასწავლებლისგან - საკითხის ირგვლივ თეორიების გაცნობას, მეცნიერების, რელიგიის, ტრადიციების, კონსტიტუციის, ადამიანური ისტორიების განხილვის ჭრილში. მნიშვნელოვანია მასწავლებლისგან ემპათიისა და გულწრფელი ემოციების გამოხატვა, დაფიქრების, შეფასებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბების შესაძლებლობა მოსწავლეებისათვის. პირველად, რამდენიმე წლის წინ და მას მერე, თითქმის ყოველ წელს, მომმართავენ მოსწავლეები ამ თემის წამოწევით”. ნონა ფიფია აღნიშნავს, რომ მას დანის პირზე უწევს სიარული, რათა: “ბავშვების ზნეობრივად გამრყვნელის სტატუსი არ მოგაკერონ”.

ეთიკის კუთხით საკითხის განხილვისათვის, უნდა ვთქვათ, რომ ადამიანის სექსუალობა ეთიკის ცალკე სფეროს — ადამიანის ბიოეთიკას და კონკრეტულად კი სექსუალობის ეთიკის სფეროს განეკუთვნება. სექსუალობის ეთიკა განიხილავს ადამიანის სექსუალობასთან დაკავშირებულ ქცევებს, იქნება ეს ჰეტეროსექსუალური თუ ჰომოსექსუალური, ან სხვა სახის. ადამიანის სექსუალობის სფერო ხშირად ხდება მორალური შეფასებების საგანი და მათი განხილვა განსაკუთრებულ სენსიტიურობას მოითხოვს. ჰეტეროსექსუალობისგან განსხვავებული, მაგალითად, ჰომოსექსუალური ურთიერთობების შესახებ შეკითხვები სექსუალობის ეთიკის ერთ-ერთი სუბსფეროა, რომელიც კონფლიქტური თემების განსაკუთრებულ ერთობლიობას წარმოგვიდგენენ. 

კერძოდ, სექსუალობის ეთიკას აინტერესებს: როგორი ეთიკური კონფლიქტები და დილემები წარმოიშვება ამ ორის - ეთიკისა და ადამიანის სექსუალობის გადაკვეთაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისთვის სექსუალური და რეპროდუქციული თავისუფლებისა და ავტონომიის მინიჭება. იმით, რომ ადამიანს თავად ვაძლევთ უფლებას მართოს საკუთარი სექსუალობა, კიდევ ერთ მძლავრ საფუძველს ვქმნით მისი თავისუფლებისთვის. სექსუალობის ეთიკაში მნიშვნელოვანია ადამიანის ღირსების, უფლებების, პასუხისმგებლობის, თავისუფლების ცნებები და მათი უზრუნველყოფის მექანიზმები. ამ გზაზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინფორმაციის მიწოდებას, ადამიანის უფლებების ცოდნას, რომელიც ადამიანის ღირსების აღიარებას ეფუძნება და იმის გააზრებას, რომ ყოველი ადამიანი წარმოადგენს, როგორც მორალური, ისე იურიდიული სტატუსის მქონე პიროვნებას და რომ ყველა ადამიანი თანასწორია.