1
    

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარის ანგარიში

20.07.2022


ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა, გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც მან საქართველოში, 2022 წლის თებერვლის თვეში, განხორციელებული ვიზიტის საფუძველზე მოამზადა. აღნიშნულ ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა ლგბტ+ თემის უფლებრივ მდგომარეობასა და სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას


ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ლგბტ თემის წევრების, მათი მხარდამჭერებისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობასთან დაკავშირებით, რასაც კიდევ უფრო ამწვავებს სახელმწიფოს მიერ ძალადობის ორგანიზატორების დაუსჯელობაკომისარის შეფასებით, დაუსჯელობის სინდრომმა არა მხოლოდ წაახალისა საზოგადოებაში სტერეოტიპული განწყობები და სიძულვილი, არამედ მან ასევე ხელი შეუწყო ქვეყენაში ძალადობრივი, კარგად ორგანიზებული, ულტრამემარჯვენე და ულტრაკონსერვატიული ჯგუფების უპრეცედენტო ზრდას, რომელთა საქმიანობა მიმართულია ლგბტ თემისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ. კომისარი აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ აანალიზებს იმ ზიანს, რა ზიანიც მსგავსი ძალადობრივი ჯგუფების გაძლიერებასა და დაუსჯელობის სინდრომს მოაქვს ლგბტ თემისა და ზოგადად, საზოგადოებისთვის. შესაბამისად, კომისარი მოუწოდებს ქვეყნის ხელისუფლებას გააძლიეროს ულტრამემარჯვენე რადიკალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა, უზრუნველყოს ძალადობისა და ძალადობისაკენ მოწოდების შემთხვევების ადეკვატური გამოძიება და დასაჯოს ძალადობის ორგანიზატორები


როგორც ადამიანის უფლებათა კომისარი აღნიშნავს, ლგბტ+ თემი რჩება იმ ჯგუფად, რომელიც ვერ სარგებლობს შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებით. კომისარი მიიჩნევს, რომ ეს პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით კონკრეტული პოლიტიკოსებისა და მთავრობის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებების შედეგად, რამაც ლეგიტიმაცია მიანიჭა მოძალადე ჯგუფების ქმედებებს. აქედან გამომდინარე, კომისარი მოუწოდებს ხელისუფლებას გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ზომა, რათა ლგბტ+ თემის წარმომადგენლებმა შეძლონ დაცულ, უსაფრთხო და ძალადობისაგან თავისუფალ გარემოში შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობა
კომისარი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების როლზე სიძულვილისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით და მოუწოდებს მათ, რომ საჯაროდ დაგმონ სიძულვილის ენის ნებისმიერი გამოვლინება და ამასთანავე, თავი შეიკავონ სიძულვილისა და დისკრიმინაციის წამახალისებელი განცხადებების გაკეთებისაგან


გარდა ამისა, კომისარი მიუთითებს, რომ არსებული ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის არაეფექტური აღსრულების შედეგად, ლგბტ ადამიანები სისტემურ დისკრიმინაციას განიცდიან განათლების, დასაქმების, ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების სფეროებში. იგი მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს სექსუალური განათლების ინტეგრირება სკოლებში არსებულ კურიკულუმში


აღსანიშნავია ისიც, რომ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ტრანსგენდერ თემს ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფად აფასებს სოციალური გარიყულობისა და ძალადობის მხრივ. კომისარი მოუწოდებს სახელმწიფოს გენდერის სამართლებრივი აღიარება არ დაუქვემდებაროს სავალდებულო სამედიცინო პროცედურებს და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ დადგენილი სტანდარტების გათვალისწინებით მიიღოს ზომები გენდერის სამართლებრივი აღიარების მექანიზმის შექმნისათვის.  


თბილისი პრაიდი სრულად იზიარებს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის შეფასებებს და გამოთქვამს იმედს, რომ სახელმწიფო გაითვალისწინებს იმ რეკომენდაციებს და მოწოდებებს, რომლებიც ქვეყანაში ლგბტ+ თემის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად
სრული ანგარიში ინგლისურ ენაზე ხელმისაწვდომია აქ