1
#News
    

10 დეკემბერი ადამიანის უფლებების დაცვის დღეა!

10.01.2019


1948 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებების უნივერსალური დეკლარაცია მიიღო. მას შემდეგ ადამიანის უფლებები უნივერსალურ კატეგორიად და ბრძოლის უნივერსალურ ინსტრუმენტად იქცა. განვითარებად ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, სტრუქტურული და სისტემური საკითხები - უმუშევრობა, სიღარიბე, უსახლკარობა, ძალადობა - მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. ამ კონტექსტში ადამიანის უფლებების კატეგორია ჩაგრული ჯგუფებისთვის ბრძოლის ერთ-ერთ მძლავრ ინსტრუმენტად იქცევა. “ ადამიანის უფლებები” შთააგონებს სხვადასხვა ჯგუფებს, რომ თავიანთი უფლებებისთვის იბრძოლონ და ამავდროულად, საშუალებას აძლევს მათ,  ხმა მიაწვდინონ მთავრობას და საერთაშორისო საზოგადოებას. 


ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა დღესდღეობით მრავალ ველზე მიმდინარეობს: აღსანიშნავია შრომის უფლებები, ქალთა უფლებები, ლგბტ უფლებები, ბავშვთა უფლებები, შშმ პირთა უფლებები და სხვა. გარემოსდაცვითი ბრძოლები და ცხოველთა უფლებები ასევე მჭიდროდ არის დაკავშირებული ადამიანის უფლებებსა თუ ადამიანისა და გარემოს ჰარმონიული თანაარსებობის მიზანთან. 


ქვიარ ადამიანები და აქტივისტები ვიზიარებთ ადამიანის უფლებების ღირებულებით და ინსტრუმენტალურ მნიშვნელობას. ჩვენ ჰოლისტურად ვიაზრებთ ადამიანის უფლებებს, ვაღიარებთ უფლებების ურთიერთდამოკიდებულებას და ამავდროულად, არ ვანიჭებთ უპირატესობას უფლებათა რომელ ჯგუფს ან ადამიანების რომელიმე კატეგორიას. ჩვენ ვიბრძვით ლგბტ უფლებებისთვის, თუმცა ამავდროულად იმისთვისაც, რომ განხორციელდეს ის, რაც ადამიანის უფლებების კონცეფციის საფუძველმდებარე პრინციპებია - თანასწორობა და სამართლიანობა. ჩვენ გვსურს და გვჯერა სისტემური გარდაქმნის და არა მხოლოდ ცალკეულ ჯგუფთა უფლებების.