1
#News
    

თბილისი პრაიდი დისკრიმინაციული მოპყრობისთვის შპს პრომოუტერს უჩივის

25.12.2019


2019 წლის 9 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, „თბილისი პრაიდის“ სახელით დაარეგისტრირა სარჩელი შპს „პრომოუტერის“ წინააღმდეგ, საქმიანობის სფეროს (ლგბტქ+ პირთა უფლებების დაცვა) ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენის მიზნით.

2019 წლის ივნისის თვეში, როდესაც აქტიურად მიმდინარეობდა ლგბტქ+ ადამიანების ღირსების (პრაიდის) კვირეულის ორგანიზება, კვირეულის ორგანიზატორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „თბილისი პრაიდი“ და მისმა აქტივისტებმა პრაიდის მასალების დაბეჭდვის მიზნით მიმართეს შპს „პრომოუტერს“.

გარიგების დადებისთვის აუცილებელ ყველა დეტალზე მოლაპარაკების შემდგომ, შპს „პრომოუტერის“ წარმომადგენელმა, უარი განაცხადა მომსახურებაზე ჰომოფობიური მოტივით. მათ განაცხადეს, რომ მხარს არ უჭერენ ლგბტქ+ ადამიანების უფლებებს და არ სურთ ამგვარ ორგანიზაციას გაუწიონ პროფესიოული მომსახურება.

მიგვაჩნია, რომ შპს „პრომოუტერის“ უარი მომსახურებაზე განხორციელდა დისკრიმინაციულ საფუძველზე, რაც ეწინააღმდგება საქართველოს კონსტიტუციასა და ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას.

კომპანიის ამგვარი დისკრიმინაციული დამოკიდებულება არსებითად განპირობებულია ქვეყანაში არსებული ჰომოფობიური განწყობებით რისი აღმოფხვრისთვისაც აუცილებელია სახელმწიფოს მიერ მსგავს ფაქტებზე სათანადო რეაგირება. სხვა შემთხვევაში ქვეყანაში თანასწორობისა და ლგბტქ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება კიდევ უფრო გართულდება.

PHR-ი სამართლებრივ დახმარებას ახორციელებს USAID PROLoG-ის მხარდაჭერით.