1
#lgbtpride #News
    

სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა!

28.01.2020


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ზამთრის სესიაზე საქართველოს პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხესერთ-ერთ კითხვაზე, რომელიც საქართველოში ლგბტი ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას და თბილისი პრაიდის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს შეეხებოდა, საქართველოს პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპელ კოლეგებს ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. კერძოდ, დავით ზალკალიანის განცხადებით, მუქარების მიუხედავად “ღირსების მარში” მშვიდობიანად ჩატარდა და ეს ხელისუფლების დამსახურებად მოიხსენია. ხოლო, პრეზიდენტის თქმით, "ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ დაცულ იქნას ეს [ლგბტი] უფლებები და გამოხატვის თავისუფლება" და რომ "სამართალდამცველებმა მოახერხეს ამ სიტუაციების მართვა". 

საგარეო მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში თითქოსდა ხელისუფლებამ გადადგა არაერთი ქმედითი ნაბიჯი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ეფექტურად აღსრულებისთვის - "განახორციელა კვლევები და საინფორმაციო კამპანიები". ამავდროულად მისი თქმით, "ხელისუფლების, პოლიტიკოსების, საჯარო ფიგურები ლგბტი უფლებებს დიდ ყურადღებას აქცევენ და გმობენ თავდასხმებს და ლგბტი პირების გამოხატვის თავისუფლების დარღვევებს”.

შევახსენებთ საქართველოს პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ღირსების მარშის დაცვაზე
  2019 წელს პირდაპირი და საჯარო უარი განაცხადა. "რაც გინდათ ის ქენით, ჩვენ არ დაგიცავთ", - ეს იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხი იმ ურთულესი გამოწვევების პირობებში, რაშიც თბილისი პრაიდის ორგანიზატორები და თემის წევრები ვიმყოფებოდით უსაფრთხოების თვალსაზრისით.

სახელმწიფო არაფერს აკეთებდა თბილისში სიძულვილის ჯგუფების მიერ ღია მუქარებისა და ძალადობის აღსაკვეთად და მეტიც, თავად იყენებდა უკიდურესად არადემოკრატიულ მეთოდებს ჩვენს წინააღმდეგ. კერძოდ, ხელისუფლება მუდმივად გვთხოვდა "ღირსების მარშის" გაუქმებას და საბოლოოდ კი, ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიასთან თანამშრომლობასა და ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაში დაგვადანაშაულა.

ჩვენ გვჯერა, რომ სახელმწიფოს ჰქონდა ყველა რესურსი ღირსების მარშის დასაცავად - მითუმეტეს რომ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ჯერ კიდევ 2019 წლის თებერვალში ჰქონდათ ინფორმაცია. თუმცა, მმართველ გუნდში არ აღმოჩნდა პოლიტიკური ნება დაეცვა საკუთარი მშვიდობიანი ლგბტქი მოქალაქეების შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. ხელისუფლებაში პოლიტიკური ნება არც ლგბტი ადამიანების ჩაგვრის გამომწვევ სისტემურ პრობლემებზე მუშაობის კუთხით არსებობს. დღემდე საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სამოქმედო გეგმასა თუ სხვა პოლიტიკის დოკუმენტებში არაფერია ნახსენები ლგბტი ადამიანების წინაშე მდგარ გამოწვევებზე. ამ მომენტამდე არ ჩატარებულა არცერთი კვლევა თუ საინფორმაციო კამპანია ლგბტი საკითხებზე. 

სამწუხაროა რომ საქართველოს ხელისუფლება დღემდე არ აღიარებს ჰომოფობიას, როგორც სოციალურ პრობლემას და ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე ახდენს სიცრუის ტირაჟირებას. პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სხვა არაფერია, თუ არა პრობლემის უარყოფა და ისტორიის გაყალბება! მითუმეტეს რომ თბილისი პრაიდის ირგვლივ განვითარებული მოვლენები მოხვდა თითქმის ყველა გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების უარყოფით შეფასებებში.

გვინდა მოვუწოდოთ საქართველოს ხელისუფლებას უფრო მეტი რესურსი მიმართოს რეალური ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ, რაც სამომავლოდ უხერხული ტყუილების გავრცელების საჭიროებასაც გააქრობს.