1
#blogpost
    

ეპიდემია, საგანგებო მდგომარეობა და აქტივიზმი

30.03.2020


კორონავირუსით გამოწვეული დაავადება - COVID-19 - ეპიდემიის/პანდემიის გამომწვევი მიზეზი გახდა. ამ მოვლენას გლობალური მასშტაბით მოყვა ისეთი ღონისძიებები, რასაც ალბათ ცოტა ხნის წინ ვერც კი წარმოვიდგენდით: საზღვრების ჩაკეტვა, სხვადასხვა ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდომარეობა, კარანტინში ჩაკეტილი რეგიონები, ქალაქები თუ ინდივიდუალური მოქალაქეები, შეზღუდვები მასობრივ ღონისძიებებსა და შეკრებებზე, მოწოდებები თვითიზოლაციისა და „სოციალური დისტანცირებისკენ“. ეს ახალი რეალობა, თავისი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ასპექტებით, შფოთვას, შიშს, პარანოიას იწვევს და აპოკალიფსის ასოციაციას ბადებს. სამოქალაქო და სოციალური აქტივიზმიც ახალი გამოწვევების წინაშე დგება: როგორ გავაპროტესტოთ, თუ შეკრება არ შეიძლება? როგორც ვიკონტაქტოთ, თუ „სახლში დავრჩებით“? როგორ დავამყაროთ ახალი კავშირები, როცა საზღვრები იკეტება და სატრანსპორტო მიმოსვლა იზღუდება? როგორ ვიზრუნოთ საკუთარ თავზე და ერთმანეთზე?

რისი შეიძლება გვეშინოდეს?

ეპიდემია სახელმწიფოს შესაძლებლობას აძლევს, საგანგებო დისციპლინური ღონისძიებები განახორციელოს (მაგალითად, იზოლაციაში მოაქციოს ადამიანები, დაარეგულიროს ფიზიკური დისტანცია ადამიანებს შორის და ა.შ.). საგანგებო მდგომარეობის პირობებში სახელმწიფოს შეუძლია შეზღუდოს მთელი რიგი თავისუფლებები - აკრძალოს/შეზღუდოს გადაადგილება; ზღვარი დაუდოს შეკრებებს, სადაც სხვადასხვა სახის ერთობის - კულტურული, რელიგიური - გამოხატვა ხდება; დახუროს მზრუნველობითი და საგანმანათლებლო დაწესებულებები, და, რა თქმა უნდა, აკრძალოს შეკრებები ღია თუ დახურულ სივრცეში, რომლებიც სხვადასხვა სოციალური ჯგუფის მიერ თვითგამოხატვას ან სამოქალაქო პროტესტს ემსახურება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სახელმწიფო შეიძლება გახდეს უფრო ავტორიტარული - საგანგებო მდგომარეობის კონტექსტში მოქალაქეების იზოლაციით ან/და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით შეამციროს მოქალაქეთა უნარები, მონაწილეობა მიიღონ და გავლენა მოახდინონ სახელმწიფო პოლიტიკების შექმნასა და წარმართვაზე.

პარანოიის მეორე მხარე

უნდა აღინიშნოს, რომ თავისუფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებული პარანოია არ არის მარტოსული - მას მეორე მხარეც შეიძლება ჰქონდეს. ქვიარ თეორიტიკოსი, ივ კოსოვსკი სეჯვიკი პარანოიას ერთგვარ აფექტად მიიჩნევს, რომელიც გარკვეული შეთქმულების გამოვლენას ისახავს მიზნად - „ჩვენ მტრები გვყავს“. სეჯვიკი მიიჩნევს, რომ „პარანოიდული წაკითხვა“ შესაძლოა სასარგებლოც კი იყოს, ვინაიდან მას თან სდევს სხვაგვარი აფექტი - „რეპარაციული წაკითხვა“. რეპარაციული პრაქტიკა კრიზისის, პარანოიის პირობებში ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას ცდილობს, რაც შესაძლოა ახალი კოლექტიური პოლიტიკური მოქმედების საფუძველი გახდეს. პარანოია-რეპარაციის წყვილი არ სცნობს აპოკალიფსს, ის აპოკალიფსურ ვითარებას ახალი სამოქმედო გეგმის, ახალი სისტემის შესაქმნელად იყენებს.

რისი გაკეთება შეგვიძლია?

რა არის აქტივისტებისთვის რეპარაცია და რისი გაკეთება შეუძლიათ მათ არსებულ ვითარებაში? პირველ რიგში, უნდა გავაცნობიეროთ, რამდენი რამის გაკეთება შეგვიძლია სახლიდან გაუსვლელად. თუ ეს მართლაც ასეა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ სახლიდან მუშაობის პრივილეგია გვაქვს. იმ პირობებში, როცა ადამიანები სამსახურებს კარგავენ, სახლიდან მუშაობის პრივილეგიის გაცნობიერება და გამოყენება თავისთავად მნიშვნელოვანია. თვითიზოლაციის პერიოდი და სახლიდან მუშაობა შესაძლოა გამოწვევა იყოს, თუმცა ასევე, შესაძლებლობას გვაძლევს გავზარდოთ ჩვენი ცოდნა ციფრული წიგნიერების მიმართულებით.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ გავაგრძელოთ სახლიდან მუშაობა, ორგანიზება და სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა:

  • სახლიდან მუშაობისთვის მნიშვნელოვანია, უზრუნველყოთ და შეინარჩუნოთ წვდომა ინტერნეტზე და მატერიალურ ტექნიკაზე (მაგ. ლეპტოპი, მობილური ტელეფონი, პლანშეტი).

  • გუნდის წევრებთან/კოლეგებთან კომუნიკაციისთვის შესაძლებელია გამოყენებული იქნას სხვადასხვა პლატფორმა, სადაც ვიდეო-ზარებს და ვიდეო-შეხვედრებს განახორციელებთ: მაგ. Zoom, Jitsi, Google Hangouts. გუნდური კოორდინაციისა და კომუნიკაციის მდგრადობისთვის სასურველია დაგეგმოთ მსგავსი შეხვედრები გარკვეული რეგულარულობით - მაგალითად, კვირაში ერთხელ. მსგავსი შეხვედრები შესაძლებელია გამოყენებული იქნას, როგორც პირადი, ასევე, სამუშაო პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გასაცვლელად.

  • სახლში დარჩენა არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ საგანმანათლებლო ღონისძიებებზე. თუ საგანმანათლებლო ღონისძიებების (კურსის, ლექციის, ტრენინგის, ვორქშოფის...) ორგანიზებას აპირებდით, შეგიძლიათ გადაიტანოთ ის ონლაინ. განათლების მკვლევარი, მარი გაბუნია წერს, რომ „არსებობს ონლაინ-სწავლების სხვადასხვა პლატფორმები, სადაც სასწავლო პროცესი ხორციელდება: Moodle, Zoom, Google Classroom, eFront, Dokeos, Claroline, ILIAS, Whiteboard. ონლაინ სწავლების დროს აუცილებელია, ინსტრუქტორს და სტუდენტს ჰქონდეს წვდომა კომპიუტერთან და ინტერნეტთან.“ შეგვიძლია დავამატოთ, რომ საქართველოში, როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ განათლებაში, ჯერჯერობით ყველაზე პოპულარული პლატფორმები Zoom და Moodle-ია.

  • სხვადასხვა პლატფორმის მახასიათებლებში და სამუშაო სპეციფიკაში უკეთ გასარკვევად, შეგიძლიათ დააორგანიზოთ მინი-ტრენინგები და ვორქშოფები ონლაინ, სადაც გუნდის წევრები ერთმანეთს სიახლის ათვისებაში დაეხმარებიან.

  • როგორც ვხედავთ, არსებულ ვითარებაში ინტერნეტზე წვდომის ქონა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ინტერნეტზე წვდომის მქონე ადამიანების რაოდენობის გაზრდა შეგიძლიათ მაგალითად, ინიციატივა „ჩართე-ს“ (charte.ge) მხარდაჭერით, რომელიც სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს კომპიუტერებს და ინტერნეტს აწვდის.

  • ონლაინ მუშაობის დროს მნიშვნელოვანია გვახსოვდეს კიბერუსაფრთხოება. მაშინ, როცა სენსიტიური ინფორმაციის გასაცვლელად ერთმანეთს პირადად ვეღარ ხვდებით, შეგიძლიათ გამოიყენოთ დაცული პლატფორმები: gmail, Signal, Jitsi. როგორც აღინიშნა, ეს უკანასკნელი ვიდეო/აუდიო შეხვედრებისთვის გამოიყენება, ხოლო gmail და Signal - წერილობითი კომუნიკაციისთვის, ლინკების გასაცვლელად...

  • დაბოლოს, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ იზოლაცია და დისტანცირება დროებითია. ეპიდემიის/პანდემიის კრიზისის დასრულების შემდეგ ისევ შეგვიძლია - მიმდინარე კომუნიკაციით და ახალი ცოდნებით გაძლიერებული - დავუბრუნდეთ არავირტუალურ სივრცეში განხორციელებულ/განსახორციელებელ აქტივობებს.

 

გამოყენებული მასალა

გაბუნია, მარი. 2020. „ონლაინ სწავლება - განათლების ახალი პარადიგმა.“ https://bit.ly/2QS4TfP

European Journal of Psychoanalysis. “Coronavirus and Philosophers.”http://www.journal-psychoanalysis.eu/coronavirus-and-philosophers/?fbclid=IwAR0z5syEIz-AJONLgllLv0KdBcAobtWpgX6J0DhP9jbO7tZCxGtzGN-cOsA 

“FRIDA’s Working Style and Principles.” https://youngfeministfund.org/2016/09/fridas-working-style-and-principles/

Gabert-Doyon, Josh. 2020. “Paranoia and the Coronavirus: How Eve Sedgwick’s Affect Theory Persists through Quarantine and Self-isolation.” https://www.versobooks.com/blogs/4597-paranoia-and-the-coronavirus-how-eve-sedgwick-s-affect-theory-persists-through-quarantine-and-self-isolation

“Working from Home: How the ILGA-Europe Staff are Striving Forward!” https://medium.com/@ilga_europe/working-from-home-how-the-ilga-europe-staff-are-striving-forward-734ae23dc50c