1
#News

26.04.2020

წერილი დედას

ძვირფასო დედა,

რა არის სიყვარული? რა არის სიცოცხლე? რა არის ბედნიერება?

ალბათ, მიპასუხებ რომ სიყვარული შენთვის ახლა მამაჩემია, სიცოცხლე კი შენი პირველი შვილის ტირილის ხმა, ბედნიერება კი ის ყველაფერი ერთადაა რაც აქამდე მოიტანე შენი სიყვარულის ხარჯზე.

ძვირფასო დედა, რა იქნებოდა რომ ვყოფილიყავი ხეიბარი, ან უკურნებელი ავადმყოფობით დაავადებული?! ვიცი დე, რომ სიგიჟემდე გეყვარებოდი და კბილებით დაგლეჯდი მას ვინც მე დამამცირებდა.

ძვირფასო დედა, მე მიყვარს ახლა, მიყვარს სიცოცხლეზე მეტად და ბედნიერი ვარ. მინდა რომ გითხრა, გაგიზიარო, დაგანახო რომ ჩემზე ბედნიერი არ შეიძლება ახლა ვინმე იყოს. მაგრამ არ შემიძლია იმიტომ რომ მე ქალი მიყვარს და შენ ვერ გაიგებ, იფიქრებ რომ ავადმყოფი ვარ და საკუთარი თავისგანაც კი არ დამიცავ, საკუთარი მამისგანაც არ დამიცავ და გული მტკივა. ხო, გული მტკივა ბედნიერს სიყვარულით და უბედურს შენი დანახვით, რომ მეშინია უცხო აღმოვჩნდე შენთვის შენივე სისხლი და ხორცი.

ძვირფასო დედა, მაპატიე რომ არ მინდა გული გატკინო და გიმალავ რომ ბედნიერი ვარ. მე ვიპოვე ჩემი თავი, მე მე ვარ, მე ვერ შევიცვლები და არც შენ მინდა რომ შეიცვალო, უბრალოდ მინდა გიყვარდე მე როგორც შენი შვილი.

ნინა უგულავა

26 აპრილი ლესბოსელთა ხილვადობის საერთაშორისო დღეა!