1
#Statement

02.05.2020

ტრანსგენდერი ქალების საჭიროებების შესახებ

„მე ვარ ტრანსგენდერი ქალი და იმიტომ რომ საქართველოს სახელმწიფო ჩემზე არ ზრუნავს, თავს ვიკლავ“, - ეს სიტყვები წარმოთქვა ადამიანმა, რომელმაც თბილისის მერიასთან თავის დაწვა სცადა.
მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაში არსებულ პრობლემებზე ყველაზე მკაფიოდ და მწვავედ სწორედ ეს ფაქტი და განაცხადი მეტყველებს. მთავრობის მიერ გამოყოფილი სოციალური დახმარება ყველაზე ნაკლებად ფარავს ან საერთოდ ვერ სწვდება იმ სოციალურ ჯგუფებს, რომლებიც არსებულ სისტემაში ისედაც მარგინალურ პოზიციას იკავებენ, მოკლებული არიან სახელმწიფოს მხრიდან მათი უფლებების აღიარებას და სოციალური დაცვის პროგრამებს. ერთ-ერთი ასეთი ჯგუფია ტრანსგენდერი ქალები. შეიძლება ითქვას, რომ ისინი საქართველოში ყველაზე დაუცველ და ჩაგრულ ჯგუფს წარმოადგენენ. სახელმწიფო მათ გენდერულ იდენტობას არ აღიარებს. ინსტიტუციონალიზებული და კულტურული ტრანსფობიის შედეგად, მათ მუდმივად შეურაცხყოფენ, სცემენ, კლავენ თავიანთი გენდერული იდენტობისა და თვითგამოხატვის გამო.
2014 წელს ტრანსგენდერი ქალი საბი ბერიანი საკუთარ ბინაში მოკლეს, შემდეგ კი სახლს ცეცხლი წაუკიდეს და გადაწვეს. მერიასთან ცეცხლწაკიდებული ტრანსგენდერი ქალის ხილვამ ბევრ ჩვენგანს ეს ტრაგედია გაახსენა. საბის მკვლელობას მოჰყვა სხვა მსხვერპლები - ბიანკა, ზიზი, ლიკა.. ტრანსგენდერი ქალების ძალადობრივი სიკვდილი სტატისტიკად იქცა, თუმცა სახელმწიფოს გამოსაფხიზლებლად ეს საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა.
პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში ტრანსგენდერი ქალების ცხოვრება კიდევ უფრო დამძიმდა. ისინი შემოსავლის გარეშე დარჩნენ, აქვთ საკვებისა და საცხოვრებლის პრობლემა, ვერ ფარავენ ქირისა და კომუნალური გადასახადების ხარჯებს; მათი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობაც განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დადგა.
ტრანსგენდერ ქალებს, და სხვა მოწყვლად ჯგუფებს, სჭირდებათ მზრუნველი სახელმწიფო, რომელიც არ უარყოფს და არ ივიწყებს მათ არსებობას. სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს თითოეული მოქალაქის საჭიროებები, გამოყოს მეტი რესურსი მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად და ასახოს ეს ანტიკრიზისულ გეგმაში და სხვა მიმდინარე პოლიტიკებში.