1

05.05.2020

15 ქვიარ ფილმი, რომელიც თვითიზოლაციაში უნდა ნახო


1. BPM
ისტორიული დრამა 1990-იანი წლების გეი აქტივიზმზე მოგვითხრობს. 1980-იანი წლებიდან ლგბტ თემი აივ ინფექციის პანდემიის პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. სასიკვდილო გამოწვევას 1987 წელს ნიუ იორკის აქტივისტთა ჯგუფი აუპირისპირდა და საფუძველი ჩაუყარა ACT UP მოძრაობას, რომელმაც მალე სხვა ქვეყნებიც მოიცვა. ფილმში მოქმედება პარიზში ვითარდება - ნათანის და შონის სასიყვარულო ისტორიას ფონად პოლიტიკური ბრძოლა გასდევს.




2.Carol
სხვადასხვა ბრიტანული გამოცემები Carol-ს ერთხმად ასახელებენ, როგორც ყველა დროის ყველაზე გავლენიან ქვიარ ფილმს. ფილმი პატრიცია ჰაისმითის 1952 წელს გამოქვეყნებული რომანის მიხედვითაა გადაღებული. ავტორის შთაგონების წყარო უნივერსალურ მაღაზიაში მუშაობის დროს მიღებული გამოცდილება - კლიენტ ქალთან შეხვედრა - გახდა. 1950-იანი წლების ნიუ იორკში განვითარებულ ლესბოსურ ისტორიაში მთავარ როლებს გამორჩეული ოსტატობით ასრულებენ ქეით ბლანშეტი და რუნი მარა. აღსანიშნავია ფილმის მუსიკაც - კარტერ ბარველის მიერ დაწერილი არაჩვეულებრივი საუნდტრეკი.





3. Call Me By Your Name
ეს წიგნის მიხედვით გადაღებული კიდევ ერთი ფილმია. რეჟისორმა ლუკა გუადანინომ ანდრე ესიმანის რომანის ეკრანიზაცია განახორციელა, რომელმაც საუკეთესო ადაპტირებული სცენარის ნომინაციაში ოსკარი მოიპოვა და ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქვიარ ფილმადაც იქცა. ფილმი 1980-იან წლებში იტალიაში განვითარებულ სასიყვარულო ისტორიაზე მოგვითხრობს - 17 წლის ელიოს მამის 24 წლის ასისტენტი, ოლივერი უყვარდება, რაც მის ცხოვრებას რადიკალურად ცვლის.





4. Portrait of a Lady on Fire
ფრანგი ფემინისტი და ლესბოსელი რეჟისორის, სელინ სიამას უახლესი ფილმი მეთვრამეტე საუკუნის საფრანგეთში ორი ქალის ურთიერთობაზე მოგვითხრობს. ზღვის ნაპირას მცხოვრებ ახალგაზრდა ელოიზს დედა გასათხოვებლად ამზადებს და საქმროსთვის მისი პორტრეტის დასახატად მხატვრებს ქირაობს. პორტრეტის წარმატებით დასრულებას მხოლოდ ახალგაზრდა მარიანი შეძლებს, მაგრამ ამავდროულად, მხატვარსა და მის მუზას შორის ურთიერთობა აკრძალულ სიყვარულში გადაიზრდება.




5. Tomboy
ეს სელინ სიამას კიდევ ერთი საინტერესო ქვიარ ფილმია. თვალს ვადევნებთ 10 წლის გოგონას, ლორის გარდასახვას, რომელიც ბიჭის გენდერს ირგებს და ახალ მეგობრებს მიქაელის სახელით ეცნობა. ფილმი იმ ცხოვრებისეულ გამოცდილებებს და ცვლილებებს გვაჩვენებს, რაც ამგვარმა გარდასახვამ შეიძლება გამოიწვიოს.





6. I Am Not Your Negro
ფილმი ამერიკელი შავკანიანი გეი მწერლის და აქტივისტის, ჯეიმს ბოლდუინის დაუსრულებელ ხელნაწერს ეფუძნება. ბოლდუინი - და ფილმი - რასიზმის წინააღმდეგ მებრძოლი შავკანიანი აქტივისტების, მედგარ ევერსის, მარტინ ლუთერ კინგისა და მალკოლმ X-ის შესახებ მოგვითხრობს. სამივე აქტივისტი მკვლელის ხელით დაიღუპა. რაულ პეკის ეს დოკუმენტური ფილმი სხვადასხვა ფესტივალის გამარჯვებული და ოსკარის ნომინანტი გახდა.





7. The Ornithologist
პორტუგალიის ველურ ბუნებაში ფრინველებზე დაკვირვებით დაკავებული ზოოლოგის ცხოვრება რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც მას უბედური შემთხვევისგან ორი ჩინელი პილიგრიმი გადაარჩენს. რეჟისორის თქმით, ფილმი რელიგიური იგავის ერთგვარი ქვიარ ინტერპრეტაციაა.




8. Disobedience
ნიუ იორკში მცხოვრები ფოტოგრაფი უბრუნდება სახლს, სადაც გაიზარდა და აღმოაჩენს, რომ იქ მისი ბავშვობის შემდეგ არაფერი შეცვლილა. ორი ქალის ურთიერთმიზიდულობის ფონზე ფილმი ორთოდოქსი ებრაელების კომუნაში ცხოვრების სირთულეებს გვაჩვენებს.




9. It’s Only the End of the World
ცნობილი კანადელი გეი რეჟისორის, გზავიე დოლანის ამ ფილმში მთავარი პერსონაჟი მშობლიურ სახლს უბრუნდება, რათა ოჯახს მისი მოსალოდნელი სიკვდილის შესახებ ამცნოს. თუმცა ოჯახი თავს ვერ აღწევს ძველ კონფლიქტს, რაც ემოციურ ერთობას წინ აღუდგება.




10. And Then We Danced
ეს ამ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული ქვიარ ფილმია. საქართველოს ნაციონალური ანსამბლის მოცეკვავის, მერაბის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს ანსამბლში მოსული ახალი მოცეკვავე - ირაკლი. მოცეკვავეებს შორის კონკურენცია ნელ ნელა მეგობრობაში, საბოლოოდ კი რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზრდება. საქართველოში ფილმის ჩვენება კონტროვერსიული გამოდგა ულტრამემარჯვენე ჯგუფების პროტესტის გამო, თუმცა ის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა იყო ადგილობრივი ქვიარ თემისთვის. ფილმი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია.




11. The Favourite
იორგოს ლანთიმოსის ეს ფილმი მეთვრამეტე საუკუნის ინგლისის სამეფო კარს გვაჩვენებს. სამეფოს დედოფალი და მისი ფავორიტ(ებ)ი მართავენ. ფილმი ზომიერი იუმორით მოგვითხრობს დედოფლის სიმპათიის მოსაპოვებლად ორი ქალის მეტოქეობაზე. ოლივია კოლმანმა დედოფალი ანას როლის შესრულებისთვის ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები მოიპოვა.




12. Laurence Anyways
ეს გზავიე დოლანის კიდევ ერთი ფილმია, რომელიც ტრანსგენდერი ქალისა და მისი შეყვარებულის ათწლიან ურთიერთობაზე მოგვითხრობს. ქალისა და კაცის, ფრედის და ლორენსის ურთიერთობა რთულდება, როდესაც ლორენსი ტრანსგენდერ ქალად დაქამინგაუთდება და ტრანზიციას იწყებს. რეჟისორმა ფილმისთვის კანის ფესტივალის ჯილდო - „ქვიარ პალმა“- მოიპოვა.




13. A Fantastic Woman
ჩილეში მცხოვრები ახალგაზრდა ტრანსგენდერი ქალი მარინას ცხოვრება თავდაყირა დგება მისი საყვარელი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ. ქალს გარდაცვლილის ტრანსფობ ოჯახთან დაპირისპირება და საკუთარი უფლებების დაცვა უწევს. სებასტიან ლელიოს ამ ფილმმა საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში ოსკარი მოიპოვა, ხოლო ჩილეს მთავრობა აიძულა, ტრანსგენდერი ადამიანების იდენტობა ეღიარებინა.




14. How to Survive a Plague
ეს კიდევ ერთი ფილმია აივ/შიდსის პანდემიაზე, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ქვიარ აქტივისტები დაუპირისპირდნენ. დოკუმენტური ფილმი გვაჩვენებს, როგორ იბრძოდნენ აქტივისტები გულგრილი სახელმწიფო სტრუქტურების წინააღმდეგ, რომელთაც აივ-ის გავრცელების პრევენცია შეეძლოთ, მაგრამ ეს არ გააკეთეს.




15. Kiki
2016 წელს გამოსული დოკუმენტური ფილმი ნიუ იორკში მცხოვრები ახალგაზრდა ფერადკანიანი ქვიარ ადამიანების შესახებ მოგვითხრობს. ქვიარ ადამიანები უსაფრთხო სივრცეს ქმნიან, სადაც მათ თავისუფლად ცეკვა და თვითგამოხატვა შეუძლიათ.