1
#Statement
    

ერთად გადავრჩებით! - 17 მაისი ონლაინ

11.05.2020


17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა! იმ პირობებში, როდესაც პირისპირ ვერ ვხვდებით ერთმანეთს, როდესაც საპროტესტო აქციების გამართვა აკრძალულია, ჩვენ გიწვევთ ონლაინ დემონსტრაციაზე 17 მაისს, 18:00 საათზე.
მაშინ, როდესაც ადამიანები დგანან პანდემიის გამოწვევის წინაშე, მრავალმა მათგანმა დაკარგა შემოსავლის წყარო და შიმშილობის ზღვარზეა, ჩნდება კითხვა: არის კი ახლა ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის დრო?! სწორედ ასეთ კრიზისულ ვითარებაში მეტად მწვავდება საზოგადოებაში არსებული უთანასწორობა და ჩაგვრა და ამიტომაც სწორედ
ახლაა ადამიანის უფლებებისათვის ბრძოლის დრო.
ჰომოფობია, ტრანსფობია, ბიფობია არის საქართველოში მცხოვრები ადამიანების მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემა. არა მხოლოდ მათი, ვისაც კლავენ, ვისზეც ძალადობენ ან სახლიდან, თუ სამსახურიდან აგდებენ, არამედ მათიც, ვისაც სიძულვილი და დისკრიმინაცია, ადამიანების დაცინვა და დამცირება დასაშვებ ქმედებად, ნორმად მიაჩნია. და მათიც, ვისაც თავი ჰომოფობად არ მიაჩნია, მაგრამ არ სურს, ქვიარ ადამიანები საჯაროდ გამოხატავდნენ საკუთარი პიროვნების იმ ნაწილს, რომელიც უმრავლესობისგან განსხვავებულია.
კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ ცალსახად გვიჩვენა, რომ ტრადიციულად ჩაგრული ჯგუფები ასეთ დროს კიდევ უფრო მეტად იჩაგრებიან. ცხადი გახდა, რომ მხოლოდ თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვით არის შესაძლებელი, რომ გადავრჩეთ როგორც საზოგადოება. ამისთვის კი გაერთიანებაა საჭირო! გაერთიანება სოციალური პრობლემების დასაძლევად, სოციალური დისტანცირების პირობებშიც კი.
ამ ეტაპზე, ეს ორივე მოვლენა, ჰომოფობიაც და COVID-19 პანდემიაც მილიონობით ადამიანს იზოლაციაში გვამყოფებს. მეტიც, მიგვაჩნია, რომ ჰომოფობიაც პანდემიაა და ისევე როგორც პანდემია, ჰომოფობიაც აუცილებლად დასრულდება!
------------------------
ლგბტქი თემის წევრები, აქტივისტები, მხარდამჭერები, პოლიტიკოსები, რელიგიური ლიდერები, ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ისაუბრებენ ქვიარ თემის წინაშე არსებულ გამოწვევებზე:
როგორ ვცოცხლობთ იზოლაციაში? როგორ შეეხო კომენდანტის საათი თემის ყველაზე მოწყვლად ნაწილს და როგორ ამძაფრებს ის ჰომოფობიური ძალადობის საფრთხეს? როგორ უმკლავდებიან უმუშევრობას და კარანტინის გამო წარმოქმნილ სხვა პრობლემებს თემის წევრები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ? საკმარისია ეპიდემიის მიმართ ხელისუფლების პასუხი? როგორ ვებრძოლოთ ჰომოფობიას იზოლაციაში, სოციალურ დისტანციაზე? 17 მაისი, ოჯახის სიწმინდის დღე? ეკლესია და სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხები.
ერთად გავიაზრებთ და ერთმანეთს გავუზიარებთ ამ გამოწვევების დაძლევის გზებს. დემონსტრაციის მონაწილეებს შესაძლებლობა გვექნება გამოვთქვათ მოსაზრებები და/ან კითხვები დაუსვათ მომხსენებლებს. გვეძლევა შესაძლებლობა ჩვენი ხმა გავაჟღეროთ ყველამ, მათ შორის, რეგიონში მცხოვრებმა და ემიგრაციაში მყოფმა თემის წევრებმაც.