1
#blogpost
    

სიამაყე, როგორც ადამიანის უფლება

30.05.2020


1969 წელი მნიშვნელოვანი იყო მთელი რიგი მოვლენების გამო. ეს იყო სამოქალაქო უფლებებისათვის მოძრაობების გაძლიერების წელი. პირველად შედგა „ბოინგ 747“–სა და „კონკორდის“ ფრენები; საბჭოელთა თანამგზავრი ვენერასკენ გაფრინდა, ამერიკელებმა კი მთვარეზე დადგეს ფეხი; რიჩარდ ნიქსონმა ლინდონ ჯონსონი შეცვალა ამერიკის პრეზიდენტის პოსტზე; სულეიმან დემირელმა მთავრობა დააკომპლექტა, მუამარ კადაფიმ მონარქია დაამხო ლიბიაში, იასირ არაფატი პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის ლიდერი გახდა, ისლამური კონფერენციის ორგანიზაცია დაფუძნდა, ისრაელში პრემიერის პოსტი პირველად ქალმა დაიკავა; დეგოლის მმართველობა დასრულდა და საფრანგეთს სათავეში პომპიდუ ჩაუდგა, გერმანიის კანცლერი ვილი ბრანტი გახდა, რომელმაც დასავლეთ გერმანიის პოლიტიკა აღმოსავლეთის მიმართ რადიკალურად შეცვალა.


სტუდენტების ამბოხი მრავალ ქვეყანას მოედო. ნახევარ მილიონამდე ადამიანმა ვაშინგტონში ვიეტნამის ომი გააპროტესტა;

ვუდსტოკის ლეგენდარული ფესტივალი გაიმართა; ჯგუფი „ბითლზ“ ბოლოჯერ წარსდგა ცოცხალი შესრულებით მსმენელის წინაშე, ელტონ ჯონმა და ლედ ზეპელინმა პირველი ალბომები გამოუშვეს; პელემ მე–1000 გოლი გაიტანა; გაკეთდა ხელოვნური გულის პირველი გადანერგვა და ჰაიტიდან ამერიკაში აივ ვირუსმა პირველად შეაღწია; 


შლეზინგერმა ოსკაროსანი ფილმი „შუაღამის ქოვბოი“ გადაიღო. მსახიობი და მომღერლი ჯუდი გარლანდი გარდაიცვალა... გარლანდი ყველა დროის ყველაზე დიდი გეი იკონა იყო. მისმა გარდაცვალებამ ნიუ იორკის გეი თემს დიდი მწუხარება მოუტანა. მისი გარდაცვალება, ფაქტობრივად, მთავარ იმპულსად იქცა მოვლენებისათვის, რომელთაც დღეს სტოუნვოლის ამბოხის სახელით ვიცნობთ.


სათავეებთან


ნიუ იორკის გეი უბანში, გრინვიჩ ვილიჯში, ქრისტოფერის ქუჩაზე პატარა გეი ბარი „სტოუნვოლ ინ“ მდებარეობდა. მას გეები და ტრანსვესტიტები სტუმრობდნენ. მაშინდელი ლგბტ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი) მოძრაობა სუსტი იყო და გეები საკუთარი ძალებით უმკლავდებოდნენ პოლიციას. 27 ივნისი თენდებოდა, როდესაც პოლიციამ ბარში მორიგი რეიდი განახორციელა. თუმცა, ცვლის ახალმა მეთაურმა მისი წინამორბედებისაგან განსხვავებით აშკარად გადაამლაშა და ჯუდი გარლენდის გარდაცვალებით განერვიულებული ტრანსვესტიტებისგან საპასუხო აგრესიაც მიიღო. გრინვიჩ ვილიჯში უდარდელად მოსეირნე გოგო–ბიჭებმა ბარის სიახლოვეს მოიყარეს თავი და დაიწყო ნამდვილი სამოქალაქო ომი ბარიკადებით, ცეცხლით, სპეცდანიშნულების რაზმებით, ლოზუნგებით და ყველაფრით, რაც ამგვარ მოვლენას შეეფერება. სტოუნვოლის ამბოხი სამი დღე და ღამე გრძელდებოდა, მას შეუერთდნენ ფემინისტები, აფრიკელ–ამერიკელთა მოძრაობა, პაციფისტები და სხვები. ეს იყო უპრეცედენტო პროტესტი, რომელმაც მსოფლიო ლგბტ მოძრაობას ჩაუყარა საფუძველი.


ერთი წლის თავზე სწორედ სტოუნვოლის მოვლენების გასახსენებლად გაიმართა სოლიდარობის, ხსოვნისა და სიამაყის მარში. 1970–იანი წლებს კი „სტოუნვოლის ერა“ ეწოდა.


ეს ის პერიოდია, როდესაც მსოფლიოს წამყვანმა საზოგადოებებმა ჰომოსექსუალობის კრიმინალიზაციასა და პათოლოგიზაციაზე დაიწყეს უარის თქმა. სიამაყის მარშები, კი ყოველწლიურად ახალი მოთხოვნებით, ახალი მიზნებით გამართული პოლიტიკური მსვლელობები იყო, რომელთაც აქტივისტების მობილიზაციაში გადამწყვეტი როლი ითამაშეს და საზოგადოებას დაანახეს თუ როგორ ხდება პირადი – პოლიტიკური.


2009 წელს ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ივნისი ლესბოსელებისა და გეების სიამაყის თვედ გამოაცხადა და დააჯილდოვა 1978 წელს მოკლული გეი აქტივისტი და პოლიტიკოსი ჰარვი მილქი. წელს პრაიდ მოძრაობას 40 წელი შეუსრულდა. 


პირადი, როგორც პოლიტიკური გზავნილი


დღეს  სიამაყის მარშები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმართება. პოლიტიკური გზავნილების გარდა, ზოგიერთმა მათგანმა კარნავალიზებული სანახაობის ელფერიც შეიძინა. იყო პერიოდი, როდესაც მსვლელობების კონცეფცია მკვეთრად პროვოკაციული იყო. არ ერიდებოდნენ რომის პაპისა და სხვა ავტორიტეტების პაროდიზირებას, რათა დაემარცხებინათ მითები, წინ აღდგომოდნენ პატრიარქალურ ტირანიას და დღის წესრიგში დაეყენებინათ პირად სივრცეში წარმოშობილი პრობლემები.


როგორც წესი, პრაიდი მრავალფეროვან პროგრამას მოიცავს. იმართება სპორტული და კულტურული ღონისძიებები, დისკუსიები. საღამოს პროგრამა დატვირთულია კონცერტებითა და საკლუბო წვეულებებით. ეს არის ზეიმიც. ადამიანები ზეიმობენ მრავალფეროვნებას, სიყვარულს და იმ მდგომარეობას, რომელიც მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად დაიმკვიდრეს.


სკეპტიკოსები ამბობენ, რომ ადამიანის პირად სივრცეში წარმოშობილი პრობლემების სააშკარაოზე გამოტანა არ შეიძლება. თუმცა აქტივისტების აზრით სწორედ მათი პირადი ცხოვრება ხდება საზოგადოებრივ სივრცეში მათდამი უარყოფითად მოპყრობის წინაპირობა. როდესაც ქუჩაში მოგმართავენ შეურაცხმყოფელი სიტყვებით, როდესაც პოლიტიკოსები საარჩევნო უფლების ჩამორთმევას მოითხოვენ, როდესაც ეკლესია სქესის ქირურგიული გზით შეცვლას გმობს, ეს არ ხდება კონკრეტული ადამიანების ინტიმური ცხოვრების დაკვირვების შედეგად. როდესაც ადამიანს ათავისუფლებენ სამსახურიდან ის ვერ დაბრუნდება სახლში ამ პრობლემაზე ლოგინში საფიქრად. ის გამოდის ქუჩაში და პოულობს თავის უფლებას იქ, სადაც ის ირღვევა.


ამ ადამიანის სხეული ამ თემის მიმართ არსებული პოლიტიკის ცენტრალური ფიგურაა. მისი სურვილი შეთქმულების თეორიების მთავარი საკვებია. მისი სიყვარული შერისხულია და ერის დემოგრაფიული პრობლემის მთავარ წყაროდ აღიქმება. მაშ რა არის პირადი და რა – პოლიტიკური? რა არის მოქალაქე და რა – სახელმწიფო? რას არეგულირებს კანონი თუ არა ადამიანთა თანაცხოვრების წესებს?


როდესაც საზოგადოების ერთი ნაწილი მეორეს პირობებს უყენებს : თუ რა უნდა მოითხოვონ, სად გამოჩნდნენ და სად არა, როგორ ჩაიცვან, როგორ ილაპარაკონ, რის გაკეთება არ შეუძლიათ მათგან განსხვავებით, სწორედ მაშინ ხდება პირადი – პოლიტიკური.


რეაქცია


პრაიდ მარშების მიმართ წინააღმდეგობა ყოველთვის არსებოს. მოწინააღმდეგენი ორ ნაწილად იყოფიან: ერთნი ფიქრობენ, რომ ეს არის ცოდვის პროპაგანდა, რომ არ უნდა ხდებოდეს პირადი ცხოვრების აფიშირება, რომ ამის ყურება დამღუპველია მოზარდი თაობისათვის. მეორენი, რომლებიც პრინციპულად არ ეწინააღმდეგებიან ლესბოსელებისა და გეებისათვის თანასწორი უფლებრივი მდგომარეობის შექმნას ამბობენ, რომ პრაიდ მარში შეიძლება კონტრპროდუქტიულიც იყოს; რომ, ამით ხდება ნეგატიური განწყობის გამძაფრება და ფემინურობისა და მასკულინობის ლგბტ ადამიანებზე არსებული სტერეოტიპების განმტკიცება. ეს თემა დღემდე საკამათოა, რადგან აქტივისტები მარშებს მხოლოდ გარკვეული მიზნის მისაღწევ საშუალებად იყენებენ  სხვა მეთოდებთან ერთად, თუ ეს თვითმიზანი ხდება.


პირველი ტიპის ოპონენტები,  როგორც წესი, ამას იმიტომ ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია ჰეტერონორმატიულობის მიღმა ნებისმიერი მოვლენის  საზოგადოებრივ სივრცეში დამკვიდრება. მათთვის ყველა დანარჩენი არის „უცხო“ – „ქსენო“. ამიტომაც მისი ადგილი საზოგადოებაში არ არის. ის უნდა ცხოვრობდეს მიწისქვეშეთში – „ქლოზეთში“ და იმ ნიშის გარეთ, რასაც მას საზოგადოება გამოუძებნის საზოგადოებრივი ტუალეტისა თუ არანაკლებ აქოთებული მიწისქვეშა გადასასვლელის სახით; მისი ადგილი არ უნდა იყოს საერთო ციხეში; ის უნდა იჯდეს „საქათმეში“ არა იმიტომ, რომ დაცული იყოს სხვა პატიმრებისგან, არამედ იმიტომ, რომ მასთან ერთად ჭამა და საცხოვრისის გაზიარება არ მოხდეს. ამიტომაც, ჰეტერონორმატიული „ჩვენისთვის“ ჰომო აბსოლუტური ქსენოა, მის მიმართ ქსენოფობია კი ჰომოფობიაში ვლინდება.


პრაიდის პროტესტანტების ერთ–ერთი უმთავრესი არგუმენტია, რომ სექსუალური მრავალფეროვნების დემონსტრირების მიზანი ჰეტეროსექსუალი ახალგაზრდობის გადაბირებაა, მათ აუდიტორიაში ჰომოსექსუალური ცხოვრების წესის პროპაგანდაა. ეს არგუმენტი რამდენიმე წინააღმდეგობას შეიცავს: თუ ხილვადობასა და ინფორმაციის გავრცელებას შეუძლია ვინმეს ჰომოსექსუალად ქცევის მიზეზი გახდეს, მაშ რატომაა, რომ გეები და ლესბოსელები არასოდეს იქცევიან ჰეტეროსექსულად ისეთ ჰეტერონორმატიულ საზოგადოებაში, როგორიც მაგალითად საქართველოა, სადაც ჰეტეროცენტრიზმი ცხოვრების ყველა სფეროშია ფესვგადგმული. ლესბოსელები და გეები ხომ ჰეტეროსექსუალურ ოჯახში იბადებიან. მაშ, რატომ სიამოვნებთ მათ მუდმივად დევნილის მდგომარეობაში ყოფნა? არ დავივიწყოთ ის გარემოებაც, რომ სტერეოტიპი თითქოს ტოლერანტულად განწყობილ საზოგადოებაში უფრო მეტი ჰომოსექსუალია მომდინარეობს იქიდან, რომ ასეთ საზოგადოებაში ადამიანები ნაკლებად მალავენ საკუთარ ორიენტაციას და მათი ხილვადობა მეტია. აგრეთვე ასეთ ქვეყნებს აფარებენ თავს უამრავი ადამიანი, რომელიც საკუთარ სამშობლოში არსებულ ფიზიკური განადგურების საფრთხეს გაურბის. 


გაუგებარია ისიც, თუ რატომ ხდება ჰომოსექსუალების დემონიზაცია შეთქმულების თეორიებითა და ვარაუდებით - თითქოსდა მათ ტრადიციული ოჯახის მოშლა სურდეთ. რატომ უნდა აძლევდეს ხელს გეებს და ლესბოსელებს რეპროდუქციის დონის დაცემა, მაშინ, როდესაც მათ მსგავსად სწორედ ტრადიციულ ოჯახში იბადებიან სხვა გეები და ლესბოსელები?


ქართული პროტესტი


საქართველო უნიკალურია ამ საკითხებისადმი მიდგომაში. ერთის მხრივ, ეს იმის გამო ხდება, რომ ადამიანებს, რომლებიც პრაიდის წინააღმდეგნი არიან, არ აქვთ შეხება იმ ცოდნასა და გამოცდილებასთან, რომელსაც მაგალითად აღმოსავლეთ ევროპაში იყენებენ პრაიდების წინააღმდეგ. მეორეს მხრივ კი საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ საქართველოში შეკრების თავისუფლებამ მკვეთრად დამახასიათებელი განვითარება ჰპოვა 1990–იანი წლებიდან მოყოლებული 2009 წლის ოპოზიციის საპროტესტო აქციების ჩათვლით. ჩვენ არ გვაქვს სამოქალაქო მანიფესტაციის გამოცდილება, შესაბამისად ჩვენი კრიტიკა მსგავსი მოვლენებისადმი ბავშვური და გულუბრყვილოა.


რამოდენიმეჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა პრაიდ მარშის თბილისში გამართვა. არც ერთი ეს ცნობა სინამდვილეს არ შეეფერება. ყველა შემთხვევაში იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ევროპიდან აპირებენ ათასობით უცხოტომელი ჰომოსექსუალის ჩამოყვანას და პრაიდის ჩუმად გამართვას.


აქაც იჩენს თავს ის თავისებურება, რაზეც ზემოთ ითქვა. არც ერთ ქვეყანაში არ ხდება პრაიდის ჩუმად გამართვა, ვინაიდან ეს ამ ღონისძიების მიზანთან წინააღმდეგობაში მოდის. პრაიდ მარშის მიზანია რაც შეიძლება ფართო საზოგადოების ყურადღება მიაპყროს იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც მათი ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი თანამოქალაქეები დგანან.


ხშირად ამგვარ თემებზე ყურადღების მიქცევა გამოიყენება ქვეყანაში არსებული რეალური პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადასატანად, დაბალი პოლიტიკური რეიტინგის მედიის ყურადღების მყისიერი მიპყრობის ხარჯზე გასაზრდელად და ამა თუ იმ მოძრაობასთან უცხო ქვეყნის ფინანსურ კავშირზე საზოგადოებაში გაჩენილი კითხვების თავიდან ასაცილებლად.


და ბოლოს...


ადამიანებს იდენტობის რამოდენიმე შრე გვაქვს. ჩვენ ერთდროულად შეგვიძლია ვიყოთ კავკასიელი, ეთნიკურად ქართველი, თეთრკანიანი, მართლმადიდებელი, მამაკაცი, ჰომოსექსუალი, თბილისელი და ხარფუხელი. ადამიანი საკუთარი იდენტობით ამაყობს. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი არსების მთლიანობა დაირღვევა. სიამაყეს სხვადასხვა გამოვლინება არსებობს. იშვიათად თუ აღიზიანებს ვინმეს სარვამარტო ღონისძიები, ალილო, თბილისობა, ვერეობა, 26 მაისი ან იდენტობასთან დაკავშირებული გამოხატვის სხვა რაიმე მეთოდი. თუმცა, თუ ჩემი ჰომო სიამაყის გამოხატვა მინდა, ამის ნებართვა რატომღაც უნდა მოვთხოვო მას, ვისაც ჩემი იდენტობა მთელი არსებით სძულს.


მე ვამაყობ საკუთარი თავით და არასოდეს მომბეზრდება ამის შესახებ ადამიანებთან საუბარი მიუხედავად იმისა, რამდენად მოსწონთ ეს მათ, ვინაიდან ეს არის ჩემი უფლება. მომისმენენ თუ არა სხვები ეს მათი უფლებაა.  


პაატა საბელაშვილი - სამოქალაქო აქტივისტი, საქართველოში პირველი ლგბტ ორგანიზაცია "ინკლუზივი"-ს დამფუძნებელი.



გამოქვეყნებულია ჟურნალ "ცხელი შოკოლადის" 2010 წლის აგვისტო–სექტემბრის ნომერში (#63) შენიშვნა: ჩანაწერი განახლებულია, სტატია მოცემულია სრული სახით.