1
#blogpost
    

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა და დაუსრულებელი რასიზმი ამერიკაში

30.05.2020


თამარ ჯაყელი: 

ბოლო
დღეებში ქალაქ მინეაპოლისში, მინესოტას შტატში, დიდი პროტესტია - მას შემდეგ, რაც პოლიციამ უდანაშაულო, შეუიარაღებელი შავკანიანი კაცი, ჯორჯ ფლოიდი, მხეცურად მოკლა, კისერზე მუხლის დაჭერით, სანამ ჯორჯი არ გაიგუდებოდა.

საქართველოში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა ბევრისთვის ოკისმომგვრელი იყო - რატომ გაიმეტებდა ამერიკელი პოლიციელი ასე სასტიკად უდანაშაულო კაცს, როცა რასიზმი ათწლეულების წინ დაამარცხა ქვეყანამ? მე კი მახსენდება საუბრები ჩემს შავკანიან მეგობრებთან, რომლებიც ამბობდნენ, რომ იყო შავკანიანი ამერიკაში, ნიშნავს იყო სიკვდილის მუდმივი საფრთხის წინაშე.

სინამდვილეში, რასიზმი არსად გამქრალა. მას უამრავი გამოვლინება აქვს იმ სისტემურ უთანასწორობაში, რომელიც თეთრკანიანებს და შავკანიანებს შორის არსებობს. ეს უთანასწორობა, რა თქმა უნდა, შავკანიანი პრეზიდენტის არჩევით ვერ დასრულდებოდა. რასიზმი ფუნდამენტურადაა ჩადებული პოლიციურ რეჟიმში; ახალგაზრდა შავკანიანი კაცების სიკვდილის მთავარი მიზეზი ამერიკაში სწორედ ეს პოლიციური რეჟიმია. 2014 წელს, როდესაც ამერიკაში ვსწავლობდი და პირველ-მეორე კურსზე ვიყავი, სამი შემთხვევა მახსოვს მძაფრად - თამირ რაისი, ერიკ გარნერი და მაიკ ბრაუნი - სამივე უდანაშაულო, სამივე მხეცურად მოკლული თეთრკანიანი პოლიციელების მიერ, რომლებიც არავინ დასაჯა. მათგან ყველაზე ახალგაზრდა, თამირ რაისი, 12 წლის იყო და ხელში სათამაშო პისტოლეტი ეჭირა, თავისთვის თამაშობდა, როცა პოლიციელმა ესროლა. რთული წარმოსადგენია, რომ შავკანიანი ბავშვები ომობანასაც ვერ თამაშობენ, ნამდვილი სიკვდილის შიშით.

ერთხელ ბოსტონში რომელიღაც ძვირფას მაღაზიაში  შევედი რამდენიმე მეგობართან ერთად, რომელთაგანაც ორი შავკანიანი იყო. სანამ მე ჩვეულებრივად ვათვალიერებდი კოლექციას, ჩემი შავკანიანი მეგობრები მაღაზიის მეპატრონემ აშკარად პოტენციურ ქურდებად ჩათვალა, ისე დაჟინებით ადევნებდა მათ თვალს. სულ ასე ხდებაო, გამოსვლისას მითხრეს, არ აქვს მნიშვნელობა, სად ვსწავლობთ და რამდენად რესპექტაბელურად ვიქცევითო.

მახსოვს ისიც, რომ რასისტული პოლიციური რეჟიმის ყოველი საზარელი გამოვლინების შემდეგ, როცა შავკანიანი სტუდენტები იკრიბებოდნენ, გლოვობდნენ და საპროტესტო გეგმას სახავდნენ, თეთრკანიანი ამერიკელები თითქმის არასდროს გამოხატავდნენ სოლიდარობას, მხოლოდ უცხოელები მივდიოდით მათ მხარდასაჭერად. ეს ალბათ იმიტომ ხდებოდა, რომ ამერიკამ, როგორც ქვეყანამ, ვერ შეძლო რასისტული წარსულის გადალახვა და აწმყოში რადიკალური ცვლილებების განხორციელება. შესაბამისად, თეთრკანიანი ამერიკელები ინდივიდუალურად გრძნობენ თავს დამნაშავედ და ხშირად ამ თემაზე საუბარსაც გაურბიან; არც ის იციან, როგორ დაუჭირონ მხარი შავკანიან მეგობრებს, როგორ მოითხოვონ სისტემური ცვლილებები. ისეთებიც არიან, ვისაც ეს უბრალოდ არ ადარდებს, ზოგი კი აქტიურად ეწინააღმდეგება ცვლილებებს, რადგან იცის, რომ მისი პრივილეგია სხვის ჩაგვრაზეა დაშენებული.

კითხულობ ჯორჯ ფლოიდზე და ასობით სხვა მსხვერპლზე და აქვე გახსენდება ემეტ ტილი, 14 წლის შავკანიანი ბიჭი, რომელიც 1955 წელს, მისისიპიში ნათესავებთან სტუმრობისას, თეთრკანიანებმა ცემით მოკლეს, ლინჩის წესით გაასამართლეს.

შავკანიანი მწერალი და აქტივისტი, ჯეიმს ბოლდუინი, წერს: "The story of the Negro in America is the story of America. It is not a pretty story." („ამერიკაში ზანგის ისტორია ამერიკის ისტორიაა, და ეს არ არის ლამაზი ისტორია.“) შავკანიანი ამერიკელები სამართლიანად ბრაზობენ და სამართლიანად იყენებენ პროტესტის რადიკალურ ფორმებს. ჩემმა მეგობარმა დაწერა, ჩუმად როცა ვართ მაინც გვკლავენ, ასე რომ ვიხმაუროთო. სოლიდარობა ამ ხმაურს!