1
#blogpost
    

აქტივისტური პერსპექტივა: გამოცდილება, ბრძოლა და დებატები ბრძოლის სტრატეგიებზე

09.06.2020


ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ტექსტი მხატვრული ხერხებით გამდიდრებული ვერ იქნება, იმიტომ რომ ეს არ მეხერხება. რითიც შემიძლია ვიტრაბახო, ეს ჩემი გულწრფელობაა, ვფიქრობ, სწორედ ამან შეიძლება შეგაყოვნოთ და ჩემი სათქმელი ბოლომდე წაგაკითხოთ. სათქმელი ძირითადად იდენტობისა და ხილვადობის პოლიტიკებს ეხება, მათ მნიშვნელობას ჩვენს რეალობაში, ასევე მოიცავს ჩემს პირად გამოცდილებას და მოტივებს, თუ რატომ ვემხრობი 17 მაისის, პრაიდის ჩატარებას და ზოგადად, ლგბტქ ადამიანების მიერ საჯარო სივრცის დაკავებას. პირად საუბრებში თუ მცირე წრეებში ამ თემებზე ხშირად მისაუბრია, ოღონდ ქამინგაუთის გამოკლებით. ასე რომ, ამით დავიწყებ...

 

ქამინგაუთი

 

ჩემი ქამინგაუთი (გამომზეურება) საკმაოდ გვიან მოხდა, როცა სკოლა დავასრულე და სწავლის გასაგრძელებლად კახეთიდან თბილისში გადმოვედი. გამიმართლა, რომ სრული დაფინანსება ავიღე და ფინანსური თვალსაზრისით აღნიშნული გეგმის განხორციელებას ბარიერი არ შეექმნა. ახლა რომ ვფიქრობ ცოტა მიკვირს, იმხელა გარე თუ შინაგანი ბრძოლების ფონზე როგორ შევძელი სწავლაზე კონცენტრირება, მაგრამ ფაქტია შევძელი. მოიცადეთ, ჯერ ადრეა! თუ გგონიათ, რომ ჩემი ქამინგაუთი დედაქალაქში გადმოსვლისთანავე მოხდა, ძალიან ცდებით. მაგ დროს ჯერ საკუთარ თავთანაც არ მქონდა ქამინგაუთი გაკეთებული. სხვები ჩემზე ადრე მიხვდნენ, რომ ქვიარი ვარ და ყველანაირად ეცადნენ, მანამდე შემეძულებინა საკუთარი თავი, სანამ ამას თავად გავაცნობიერებდი. ჰო, მაშინ სხვა ვიყავი. ყოველ წამს ვთამაშობდი - ჩემი ჩვეული მახასიათებლები იყო ხმის შეცვლა, სხეულის ენის კონტროლი და იმის შიში, რომ საკმარისად კარგად ვერ დავთრგუნავდი საკუთარ თავს და შარში გავეხვეოდი.

 

სკოლის ექსკურსიებზე უამრავი ეკლესია გვაქვს მონახულებული. ჩემი თანატოლები როცა სანთელს ანთებდნენ ალბათ ღმერთს მადლობას სწირავდნენ სიცოცხლისთვის, ან სხვადასხვა ბავშვური სურვილის ასრულებას სთხოვდნენ, მე კი ღმერთს მუდამ საყვედურის ენით ვესაუბრებოდი და არ ვპატიობდი, რომ მაინცდამაინც მე გამიმეტა ამისთვის. რატომ ვიყავი განსხვავებული, “რაღა მაინცდამაინც მე?!” მაგრამ სასწაულის იმედს არ ვკარგავდი, გულმხურვალედ ვევედრებოდი ღმერთს, რომ “გამოვესწორებინე”, რომ ყველაფერი რიგზე ყოფილიყო. 15 წლის ასაკში, სწორედ ერთ-ერთი ასეთი ექსკურსიის დროს, საკუთარი ნებით მოვინათლე. მანამდე სადღაც ყური მოვკარი, ღმერთს მოსანათლი ადამიანების არ ესმისო. ამიტომ ნათლობა ჩემთვის ნამდვილად განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რიტუალი გამოდგა, თითქოს მთელი არსებით დავიჯერე, რომ სწორედ ეს იყო, რაც მაკლდა და რომ მეორე დღეს “ჩვეულებრივი” ადამიანივით გავიღვიძებდი. მაგრამ…

 

საკუთარი თავის გაცნობას იმდენად გავურბოდი, არათუ რომელიმე საიტზე დარეგისტრირებაზე არ მიფიქრია, იდენტობებთან დაკავშირებული ინფორმაციაც კი არ დამიგუგლავს. მახსოვს, ქამინგაუთის შემდეგ ერთმა მეგობარმა გაკვირვებით მკითხა, მოიცა, შენ ოდნოკლასნიკებზე და ფეისბუქზე ყალბი ექაუნთებიც კი არ გქონიაო?  არა, არ მქონია.

 

გამიმართლა იმაში, რომ სკოლის ასაკიდან ვიყავი ჩართული არაფორმალური განათლების სხვადასხვა აქტივობებში, გარკვეულ ეტაპზე კი ორგანიზების პროცესშიც ჩავერთე და საკმაოდ ბევრი კარგი ადამიანიც გავიცანი. თანდათან ფეისბუკზე ლგბტქ ადამიანების დაცვა დავიწყე. ვისაც როგორ უნდა, ისე იცხოვროს, რას აშავებენ მეთქი, ვწერდი. რამდენიმე დღის წინ ფეისბუქმა მემორიში ამომიგდო 2015 წლის 17 მაისს ჩემ მიერ გამოქვეყნებული პოსტი, რომელიც ლგბტქ ადამიანებს ეძღვნებოდა. ფოტოზე ხელში პოსტერი მიჭირავს, სადაც წერია “მე შენი მეგობარი ვარ და შენი ტკივილი მტკივა”. იმ დროს ვერ ვხვდებოდი, თუმცა ახლა ვხედავ, რომ მაშინ ყველაზე მეტად საკუთარი ტკივილი მტკიოდა. ასეთ პოსტებს გარკვეული შედეგი მოჰყვა - მეორე კურსზე ვიყავი, როცა მეგობარი თავისი სასიყვარულო ისტორიის შესახებ მომიყვა, ბოლოს კი დაამატა, ბიჭზე გესაუბრებოდიო. მერე მეთქი? რავი, არც არაფერიო; საღამოს კი მესიჯი მომწერა, მე ბიჭები მომწონსო. მახსოვს, რომ საკმაოდ ნეიტრალურად ვუპასუხე, მაგრამ სინამდვილეში ძალიან გამიხარდა, როგორც იქნა, ცოცხალი გეი გავიცანი მეთქი - თან ადამიანი, რომელიც თავისი ჰომოსექსუალობის გამო უბედური არ იყო. 

 

მერე იყო კითხვა, რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა.

  • და შენ?

  • რა მე?

  • შენ ბიჭები მოგწონს თუ გოგოები?

გული საოცრად ამიჩქარდა და თავში ყველაფერი ამერია... ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს პირველად დავრჩი საკუთარი თავის პირისპირ მარტო. კუთხეში მივიმწყვდიე მე-ს ის ნაწილი, რომელიც ქვიარ თაზოს ყველაფრის ფასად მალავდა და  თავისუფლად სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. მივიმწყვდიე და გაქცევის საშუალება აღარ მივეცი. სწორედ ამ დროს დავაჭირე ღილაკს თითი და გავგზავნე შეტყობინება:

      - მგონი ბიჭებიც მომწონს, მაგრამ არ ვიცი, სხვა ჩემნაირი ადამიანები სად და როგორ გავიცნო.

 

სწორედ ამ დღეს დაიწყო რეალური ცვლილებები, ამ დღიდან მოყოლებული საკუთარი თავის მიღება და შეყვარება დავიწყე. თანდათან სხვა ქვიარებიც გავიცანი, და საბოლოოდ დავამსხვრიე ტელევიზორებიდან ნაკვები ის სტერეოტიპი, რომ ჩვენ - ქვიარები - ძალიან ცოტა ვართ და იმდენად ცუდები, რომ არათუ სხვისგან, არამედ საკუთარი თავისგანაც არ ვიმსახურებთ სიყვარულს. რაც უფრო მეტად ვთავისუფლდებოდი საკუთარი თავის სიძულვილისგან, მით უფრო მეტად ვბრაზდებოდი იმაზე, რომ ამდენი წელი დამჭირდა აქამდე მოსასვლელად. 

 

მჯერა, სკოლის ასაკში ლგბტქ საკითხებზე მეტი ინფორმაცია რომ მქონოდა, პოლიტიკოსებს სიძულვილის ენის გამოყენების ნაცვლად მხარდამჭერი განცხადებები რომ ეკეთებინათ, მედიას რომ ეთიკურად ემუშავა და ლგბტქ ადამიანების ეგზოტიზაცია არ მოეხდინა, უფრო მეტი ღიად ქვიარი რომ მენახა, რომელიც თუნდაც უიმედოდ, მაგრამ მაინც ღირსეულად იბრძოდა ჩემნაირი ადამიანებისთვის, ჩემი ქამინგაუთი ბევრად უფრო ადვილი იქნებოდა და მეც უფრო ადრე დავიჯერებდი, რომ სიყვარულის ღირსი ვარ. უფრო ადრე, ანუ ბავშვობაში - სწორედ მაშინ, როცა ადამიანებს ყველაზე მეტად გვჭირდება ამაში დარწმუნება. 

 

ჩემს შემთხვევაში ასე არ მოხდა, თუმცა გადავწყვიტე, რომ მინდოდა, ჩემი ცხოვრება ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის მიმეძღვნა. მინდა, რაც შეიძლება მეტ ქვიარს მივაწვდინო ხმა და რაც შეიძლება ნაკლებმა მათგანმა გამოიაროს იგივე გზა, რაც მე გავიარე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრძოლა იმაზე ბევრად რთული აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი, ჩემი მთავარი მიზანი დღემდე ესაა და ყოველთვის ეს იქნება, რადგან საკუთარი თავის უმიზეზო სიძულვილი, ყველაზე მკაცრი სასჯელია, რაც ადამიანებს შეიძლება მოგვესაჯოს.

 

 

ხილვადობის პოლიტიკა და პასუხი კრიტიკოსებს

 

სწორედ ეს გამოცდილებაა, რაც 17 მაისის, პრაიდის ჩატარებისა, თუ სხვა ნებისმიერი მიზნით ლგბტქ ადამიანებისთვის შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის, და შესაბამისად ხილვადობის აუცილებლობაში მარწმუნებს. მჯერა, რომ ჩვენი თითოეული გამოჩენა, სადღაც ქალაქსა თუ სოფელში, ეკრანებთან მჯდარ მარტოსულ, დაბნეულ ადამიანებს არწმუნებს იმაში, რომ “ჩაგვრა ჩვენი ბედისწერა არ არის”, როგორც ეს რამდენიმე წლის წინ ლესბოსელმა აქტივისტმა ნათია გვიანიშვილმა თავისი ერთ-ერთი ეთერის დროს თქვა. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ ჩვენი გამოჩენით ეკლესიასა და ხელისუფლებას ვართმევთ ჩვენით მანიპულირების შესაძლებლობას. ძალაუფლების მპყრობელნი მონსტრებად წარმოგვადგენენ, მაგრამ ჩვენი გამოჩენით მათ ამის შესაძლებლობას ვართმევთ - საზოგადოება ხედავს, რომ ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, რომლებსაც ზუსტად იგივე პრობლემები და გამოწვევები აქვთ, რაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას; თუმცა ჩვენი პრობლემები ჰომოფობიისა და ტრანსფობიის გამო კიდევ უფრო მწვავდება. ჩვენი გამოჩენა კი შანსიც არის, რომ ჩვენი ყოველდღიური პრობლემები - სოციო-ეკონომიკური პრობლემების ჩათვლით - გავაჟღეროთ და დღის წესრიგში დავაყენოთ. ამასთანავე, ისიც გასათვალისწინებელია, რომ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არ არსებობს ქვეყანა, სადაც ლგბტქ ადამიანების მდგომარეობა საჯარო შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების გარეშე, ხილვადობის პოლიტიკის გარეშე არსებითად გაუმჯობესდა.

 

იდენტობის პოლიტიკის კრიტიკა და ყველაფრის ეკონომიკური ჩაგვრის პრიზმიდან ყურება რბილად რომ ვთქვათ, გასაბრაზებელია, რადგან ეს ფაქტობრივად უარყოფს იდენტობაზე დაფუძნებულ ჩაგვრას, ზუსტად ამ ნიშნით ყველაზე მეტად ჩაგრულს მეუბნება, რომ ჩაგვრის ეს ფორმა არ არის ლეგიტიმური, და რომ ყველაფრის თავი და ბოლო გაჭირვებაა. კიდევ უფრო ვბრაზდები, როდესაც ამას ჰეტეროსექსუალად პოზიციონირებული ადამიანებისგან ვიგებ, როდესაც ვხედავ, როგორ ცდილობენ ჩემს გაჩუმებას, როდესაც მე ჩემს გამოცდილებებზე ვსაუბრობ. მათ ჰომოფობიური ბულინგი საკუთარ თავზე არ გამოუცდიათ, შეიძლება იცოდნენ კიდევაც ამ პრობლემის არსებობის შესახებ, მაგრამ საკმარისი სენსიტიურობა მაინც არ აქვთ. მაგრამ ისინი კვლავ მომთხოვენ გაჩუმებას, რადგან მე “პრივილეგირებული” აქტივისტი ვარ. თუმცა ამ ადამიანების გაგება მაინც შესაძლებელია. ჩემთვის უფრო გასაკვირია, როცა თავად ქვიარებს აქვთ მსგავსი არგუმენტები. ამ შემთხვევაში, მთელი გულით მინდა გავიგო, როგორ დაივიწყეს და უარყვეს საკუთარ ტყავზე გადატანილი ჩაგვრა და ბულინგი თანაკლასელებისგან, თანამშრომლებისგან, ოჯახის წევრებისგან, მეზობლებისგან, ნაცნობებისგან, უცნობებისგან და ნებისმიერი ადამიანისგან, ვისაც არ ეზარება… როგორ მივიდნენ იმ აზრამდე, რომ ჰომოფობია, ცალსახად ღარიბების პრობლემაა ან თითქოს ქვიარებს მდიდარი და უზრუნველყოფილი ოჯახებიდან არ აგდებენ, არ უარყოფენ და არ რიყავენ. 

 

აქტივიზმში სანამ ჩავერთვებოდი, ზუსტად ვიცოდი, რომ არ მინდოდა იმ კლანურ დაპირისპირებებში და ინტრიგებში გავხვეულიყავი, რაც მაშინ საჯაროდაც ძალიან კარგად ჩანდა. ბევრი ვეცადე, მაგრამ შარშან მაინც ვერ ავირიდე ეს თავიდან. თბილისის ცენტრალურ უბნებში დაბადებულ-გაზრდილმა ქვიარებმა და ჰეტეროსექსუალად პოზიციონირებულმა ადამიანებმა პრაიდის გამო ხან “ინგლისურის მცოდნე პრივილეგირებული აქტივისტი” მეძახეს, ხან “ევრონაცების პროექტი”, ხან “ოცნებასთან შეკრული” და ხანაც “ფულზე გაყიდული”. ვიღაცებთან მოკავშირეობის და ფულის ამბები გავატაროთ, ღრმად მწამს, რომ ჩემი გულწრფელობა ყოველთვის კარგად ჩანს ჩემს საქმიანობაში. მაგრამ პრივილეგიებზე როდესაც საუბრობენ, ვერ ვხვდები, რას ითხოვენ ჩემგან. ალბათ თავის დროზე კახეთიდან ფეხშიშველი, პირდაპირ გაშლილი ცისარტყელას დროშით უნდა ჩამოვსულიყავი! ეს ხუმრობით, სერიოზულად კი ვიტყოდი, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე სხვა ბევრ თემის წევრთან შედარებით მეტი პრივილეგია მაქვს და ყველანაირად ვცდილობ, ეს უპირატესობა ისევ და ისევ თემის წევრების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გამოვიყენო. ზოგჯერ ამბობენ, ჯერ უნდა გავძლიერდეთო. გაძლიერდები და - პრივილეგიები გაქვსო. მოკლედ, სათქმელი და სასროლი ტალახი ყოველთვის მოიპოვება, მე კი ამ კინკლაობაში დროის კარგვა არ მინდა.  მინდა, ბრძოლა გავაგრძელო, რადგან ჯიუტად მჯერა, რომ ამ ბრძოლის მეშვეობით, დღეს თუ არა ხვალ, აუცილებლად შეიცვლება თუნდაც ერთეული ადამიანების ცხოვრება. ხოლო თუ ვინმეს უკეთესი სტრატეგია აქვს, კარგი იქნება, თეორიული კრიტიკის მიღმა (თუმცა შეიძლება ესეც მნიშვნელოვანი იყოს), პრაქტიკაში განახორციელოს საკუთარი იდეები. მე მზად ვარ, მხარი დავუჭირო ყველა ინდივიდს თუ ჯგუფს, რომელიც რაიმე ინიციატივისთვის იმუშავებს. ვფიქრობ, რაც უფრო მეტნი და მეთოდებით მრავალფეროვანი ვიქნებით, მით უკეთესია. მუდმივ წინააღმდეგობაში ყოფნა ამ სისტემასთანაც მეყოფა, თანამებრძოლებთან იმავე დამოკიდებულებაში ყოფნა კი ჩემი სურვილი და ინტერესი არ არის.

 

იმასაც ამბობენ, 17 მაისი წაგვართვესო. საინტერესოა, როგორ ცდილობს ქვიარ თუ სხვა  აქტივისტების ნაწილი ამ ნარატივის დამკვიდრებას და როგორ გადააქვს 17 მაისის წართმევის ბრალეულობა მთავარი ძალადობრივი ინსტიტუტიდან - ეკლესიიდან - იმ პოლიტიკოსებზე,  რომლებიც ღიად უჭერენ მხარს ლგბტქ ადამიანებს. მნიშვნელობა არ აქვს, მხარს გვიჭერენ, თუ გვეწინააღმდეგებიან, კრიტიკოსების პოზიცია მუდამ ერთნაირია, ჩვენს ინსტრუმენტალიზაციას ახდენენო. ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ პოლიტიკოსებმა ლგბტქ ადამიანების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მხარდამჭერ განცხადებებზე ბევრად მეტი უნდა გააკეთონ, თუმცა იმედი მაქვს, რომ თანდათან აქამდეც მივალთ. რაღაცით ხომ უნდა დავიწყოთ? შესაძლოა ვიღაცებს გაუკვირდეთ, მაგრამ მეც მგონია, რომ პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია ანუ ლგბტქ საკითხების საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება ნამდვილად მნიშვნელოვანი პრობლემაა. თუმცა იმასაც დავამატებდი, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ფეისბუქზე სტატუსების წერა საკმარისი ღონისძიება არ არის. არც საჯარო სივრცის დათმობაა ამ პრობლემის მოგვარების გზა და ზოგადად, პრობლემები უმოქმედობით არ გვარდება. ჩვენ სულ რომ გავქრეთ, ინსტრუმენტალიზაციას თავიდან მაინც ვერ ავირიდებთ. მაგალითად, გავიხსენოთ ჯერ კიდევ 2007 წელს გავრცელებული მითები პრაიდის შესახებ, მაშინ როცა არათუ ვინმე აპირებდა პრაიდის ჩატარებას, მსგავსი იდეა ჩანასახშიც კი არ არსებობდა. ჩემი  აზრით, აშკარაა, რომ თუ დავიმალებით და თამაშს გამოვეთიშებით, ინსტრუმენტალიზაციის პრობლემას დასრულების ნაცვლად კიდევ უფრო გავაღრმავებთ, რადგან სხვადასხვა დაინტერესებულ პირებს სრულ თავისუფლებას მივცემთ, ჩვენზე და ჩვენ მაგივრად ისაუბრონ. ამიტომ, გამოსავალი არა დამალვა, არამედ გამოჩენა და ხმამაღალი მუშაობაა, ისე რომ ნელ-ნელა აღარავის მივცეთ ჩვენი გამოყენების უფლება. ან თუ გამოგვიყენებენ, ისე ვქნათ, რომ ჩვენც არანაკლები სარგებელი მივიღოთ. რატომაც არა? “ხელი ხელს ბანს, და ორივე კი - პირსო”.

 

2018 წელს, როდესაც 17 მაისის აქციის ჩატარება-არჩატარების საკითხი წყდებოდა, მეც ცალსახად აქციის გაუქმებას ვემხრობოდი. მაშინ ისე მოხდა, რომ უმრავლესობის მხარეს აღმოვჩნდი და კანცელარიის წინ დაგეგმილი მთავარი აქციის გაუქმების შემდეგ, რამდენიმე პარტიზანული აქცია მოვაწყვეთ - ძირითადად სხვადასხვა სამინისტროებთან. აქტივისტების მეორე ნაწილი კი არ დანებდა და იმ დღეს კანცელარიასთან მაინც გავიდა, სადაც მათ არაერთ თემის წევრთან ერთად მხარდამჭერებიც შეუერთდნენ. აქტივისტების ნაწილი ხშირად საუბრობს იმაზე, რომ იმ დღეს ის აქცია პარტიებთან აფილირებულმა ნეოლიბერალმა პოლიტიკოსებმა თუ აქტივისტებმა დააორგანიზეს - ესე იგი, თითქოს მათ წაგვართვეს 17 მაისი და ზოგადად ლგბტქ საკითხები. მაგრამ ეს მოსაზრება უსამართლო და ცალმხრივია - რადგან იქ აქციას ლესბოსელი აქტივისტი ნინო ბოლქვაძე და სხვა თემის წევრები მართავდნენ. მიუხედავად ამისა, კრიტიკულად განწყობილი აქტივისტების წუხილი ჩემთვის გასაგებია, მაგრამ იმასაც ვკითხავდი, თუ წაგვართვეს/გვართმევენ, თქვენ რას აკეთებთ, რომ დაიბრუნოთ? რას აკეთებთ იმისთვის, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალოს? წართმევასთან დაკავშირებით წუხილი გავიგე, მაგრამ ამ კითხვებზე პასუხი არ ჩანს.

 

პარტიზანული აქციების შემდეგ მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ ბარში ავედი. მაშინ კანცელარიის წინ აქცია ჯერ ისევ გრძელდებოდა და მე საშინელ ბრაზს ვგრძნობდი. მთელი არსებით მინდოდა, იმ დროს მეც იქ ვმდგარიყავი. შემეძლო კიდეც ბარი დამეტოვებინა, და კანცელარიასთან სხვა ქვიარებს და მხარდამჭერებს შევერთებოდი, მაგრამ ასე არ მოვიქეცი. სიამაყემ არ მომცა იმ აქციაზე წასვლის უფლება, რომლის გაუქმებაშიც თავად შევიტანე წვლილი. არ წავედი და ამით კიდევ უფრო გაღრმავდა ბრაზი იმ ადამიანების მიმართ, ვინც იმ დღეს იქ “ჩემი ადგილი დაიკავა”. მაგრამ აზრი მალევე შევიცვალე. მივხვდი, რომ აქტივიზმი მხოლოდ ჩემი ვერ იქნება, მხოლოდ იმ მეთოდებით ვერ ვიბრძოლებთ, როგორც მე მინდა ან მე მგონია სწორი. ამ გადმოსახედიდან მიხარია კიდეც, რომ იმ დღეს ყველაფრის მიუხედავად კანცელარიის სივრცე არ დავუთმეთ მოძალადეებს და  თემის ხმა იქიდანაც გაჟღერდა. მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც იმ დღეს იქ იდგა!

 

აქტივისტების მიერ, სხვადასხვა მიზეზით და მოტივით, ერთმანეთის დაზიანება საკმაოდ ხშირი და სამწუხარო პრაქტიკაა, ამიტომ ამის ხსენებას გვერდს ვერ ავუვლი. ვიცი, რომ ამაში ბევრი აქტივისტი დამეთანხმება, მაგრამ ამაზე საუბრის მცდელობასაც ხშირად ისევ ურთიერთბრალდებები და თავდასხმები მოსდევს ხოლმე. იქნებ ვცადოთ, და ეს ჩაკეტილი წრე გავარღვიოთ? იქნებ მეტად ვიფიქროთ იმაზე, რაც ჩვენი საერთო ინტერესია? მიუხედავად იმისა, რომ აქტივიზმამდე ხშირად ერთგვარ ეგოიზმს, პირად მოტივებს მივყავართ, იქნებ უფრო მეტად ვეცადოთ, რომ საკუთარ ეგოებზე წინ ის საქმე და მიზანი, ის ადამიანები დავაყენოთ, რომლებისთვისაც ვიბრძვით. შეიძლება ვფიქრობდეთ, რომ პირველ რიგში სააკუთარი თავებისთვის ვიბრძვით - თუნდაც ამის გათვალისწინებით, იქნებ მეტად გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ბრძოლის სტრატეგიების განსხვავებულობას ერთმანეთი არ შევწიროთ. 

 

დასკვნის სახით ვიტყოდი, რომ ჩემი სათქმელი ამ ვრცელი ბლოგითაც არ ამოიწურება. რთულია ეს ბრძოლა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ გარე ძალების გარდა, შიგნიდანაც განებივრებული ვართ თავდასხმებით. მაგრამ მე მაინც ჯიუტად მჯერა, რომ დადგება ის დღე, როცა მოძრაობა შუღლის, თავდასხმებისა და ძალაუფლების წყურვილის გარეშე გაერთიანდება ღირებულებების ირგვლივ. სწორედ ამიტომ თბილისი პრაიდი რჩება ღია სივრცედ ყველა დაინტერესებული ორგანიზაციისა თუ ინდივიდისთვის - ჩვენ ღია ვართ დისკუსიებისა და იდეებისთვის, მზად ვართ, ვიმუშაოთ ერთიანი გადაწყვეტილებებისთვის. იმასაც ვხედავ, რომ პრაიდის მხარდამჭერთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. მჯერა, რომ ყველაფერზე შეიძლება საუბარი და შეთანხმების მიღწევა, იქნება ეს აქტივობების ფორმა თუ შინაარსი. განხილვას არ ექვემდებარება მხოლოდ ერთი საკითხი - საჯარო სივრციდან გაქრობას არ ვაპირებთ, პირიქით, ჩვენ აუცილებლად დავიკავებთ და განვამტკიცებთ ჩვენს უფლებას საჯარო სივრცეზე!