1
#lgbtpride
    

„თბილისი პრაიდი“ გლობალური პრაიდი 2020-ის ონლაინ ღონისძიებაში მონაწილეობს

25.06.2020


Global Pride 2020 (გლობალური პრაიდი 2020) 24-საათიანი ვირტუალური ღონისძიებაა რომელიც ყველა კონტინენტის ლგბტქ+ ადამიანების ხილვადობას უზრუნველყოფს. ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ქვიარ ღონისძიება იქნება.


კორონავირუსის პანდემიამ, ბევრ სხვა მოვლენასთან ერთად, პრაიდების ორგანიზებაზეც ნეგატიური გავლენა იქონია. მსოფლიოს მასშტაბით გადაიდო ან გაუქმდა პრაიდის ფარგლებში დაგეგმილი უამრავი ღონისძიება და მსვლელობა/მარში. სწორედ ამ დანაკლისის საპასუხოდ, გლობალური პრაიდი - „ევროპული პრაიდების ორგანიზატორების ასოციაციისა“ და ორგანიზაცია „ინტერპრაიდის“ ორგანიზებით შექმნილი ონლაინ-ღონისძიება -  პლანეტის ნებისმიერ წერტილში მცხოვრებ ქვიარ აქტივისტებს აძლევს საშუალებას, საკუთარი თავი წარმოაჩინონ და გამოხატონ.


ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 500-ზე მეტი ქვიარ ორგანიზაცია 91 ქვეყნიდან. მათ შორისაა „თბილისი პრაიდიც“, რომელიც დოკუმენტური ფილმის -„ღირსების მარშის“ - თრეილერით არის წარმოდგენილი.


Global Pride 2020-ში ქვიარ ცნობილ ადამიანებსა და აქტივისტებთან ერთად მონაწილეობას პოლიტიკოსებიც მიიღებენ. კერძოდ, მონაწილეებს შორის არიან: კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრუდო, აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ავსტრიის პრეზიდენტი ალექსანდერ ვან დერ ბელენი, ნიუ იორკის მერი ბილ დე ბლასიო, შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ანნა ლინდი, ისლანდიის პრეზიდენტი გუონი იოჰანსონი, დანიის პრინცესა მერი-ელიზაბეტ დონალდსონი და სხვები. მონაწილეთა სრული სიის ნახვა შესაძლებელია გლობალური პრაიდის ოფიციალურ ვებგვერდზე.


Global Pride 2020 შაბათს, 27 ივნისს, დილის 9 საათზე (თბილისის დროით) დაიწყება და 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება.


ღონისძიების პირდაპირ ეთერში ყურება შესაძლებელია:

გლობალური პრაიდის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://www.globalpride2020.org/watch/

Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/GlobalPride2020/

YouTube არხზე: https://www.youtube.com/watch?v=4HhzcnTFfjE