1
    

ანა სუბელიანზე თავდამსხმელს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

01.07.2020


2019 წლის 8 ნოემბერს ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი, ქართული მარში, გია კორკოტაშვილი და სხვა პრორუსი, ნეოფაშისტური დაჯგუფების წევრები კინოთეატრ ამირანთან ფილმის – "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებას ძალადობრივად აპროტესტებდნენ რის შედეგადაც სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო „თბილისი პრაიდის“ აქტივისტმა ანა სუბელიანმა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით დადასტურდა, დაახლოებით 19:45 საათზე, თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, კინოთეატრ „ამირანის“ წინ მიმდინარე აქციის დროს, შ.შ-მ გარეგნული იერსახისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მობილური ტელეფონი ესროლა ანა სუბელიანს, რაც ამ უკანასკნელს მოხვდა სახის არეში. შედეგად, დაზარალებულმა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა შ.შ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები დისკრიმინაციული ფორმით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, ბრალდებული შ.შ. დამნაშავედ ცნო და სასჯელის ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.