1
    

ონლაინ კონფერენცია "ულტრამემარჯვენე რადიკალიზმი და დემოკრატია"

23.08.2020


ბოლო რამდენიმე წელია, ულტრამემარჯვენე ჯგუფები საქართველოში მეტად ხილვადები და ორგანიზებულები გახდნენ. საქართველოში ულტრამემარჯვენე მოძრაობა ერთიანდება ისეთი ღირებულებების ირგვლივ, როგორიცაა მიზოგინია, რასიზმი, ჰომოფობია და ანტიმიგრანტული განწყობები. ლგბტ თემი და მოძრაობა მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა, მაგრამ ამავდროულად, ისინი ემუქრებიან და საფრთხეს უქმნიან ადამიანის უფლებების სხვა აქტივისტებს და მოძრაობებსაც.
ულტრამემარჯვენე გაერთიანებები სხვადასხვა ფორმით (პოლიტიკური პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია, არაფორმალური ჯგუფი) გვხვდება, ხოლო მათი პოლიტიკური და დისკურსული შესაძლებლობები საკმაოდ ფართოა. ამ ფონზე, სახელმწიფოს არ გააჩნია არანაირი ფორმალური პოლიტიკა ულტრამემარჯვენე მოძრაობებისა და ექსტრემიზმის პრევენციისა და აღმოფხვრისთვის. მეტიც, ამ ჯგუფების ლიდერთა თუ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი და ძალადობრივი ქმედებები არც თუ იშვიათად დაუსჯელი რჩება, ანუ ერთგვარად „შეწყნარებულია“ სახელმწიფოს მიერ.
ამ გამოწვევის საპასუხოდ “თბილისი პრაიდი” აორგანიზებს ონლაინ კონფერენციას “ულტრამემარჯვენე რადიკალიზმი და დემოკრატია”, რომლის ფარგლებში დაზარალებული თემებისა და სოციალური ჯგუფების წარმომადგენელი მკვლევარები, აქტივისტები და მხარდამჭერი უფლებადამცველები დაგროვილ ცოდნას, გამოცდილებებს და დაკვირვებებს გააზიარებენ. ეროვნულ დონეზე მიმდინარე მოვლენების გარდა, უფრო სრულყოფილი ანალიზისთვის, ულტრამემარჯვენე მოძრაობები გლობალურ და რეგიონულ დონეზეც იქნება განხილული. დაბოლოს, კონფერენციის მონაწილეები ეცდებიან, ცოდნაზე და ანალიზზე დაყრდნობით, საზოგადოებას და სახელმწიფოს პრობლემასთან გამკლავების გზები შესთავაზონ.

მომხსენებლები:
► გიორგი მაისურაძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
► ეკატერინე სხილაძე (სახალხო დამცველის ოფისი)
► უჩა ნანუაშვილი (დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი - DRI)
► საშა დელემენჩუკი (CPD/Tbilisi City Shelter)
► აია ბერაია (თბილისი პრაიდი)
► ეთო ბუზიაშვილი (ატლანტიკური საბჭო)
► გიორგი მარჯანიშვილი (CPD)
► ნათია გვიანიშვილი (RFSL)
► Bjorn Ihler (რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციის საერთაშორისო ექსპერტი, 2011 წლის ივლისს, ნორვეგიაში, უტოიას კუნძულზე თავდასხმის შედეგად გადარჩენილი. მშვიდობის აქტივისტი და საჯარო სპიკერი.
მოდერატორი: მარიამ კვარაცხელია (თბილისი პრაიდი).
კონფერენცია ჩატარდება ZOOM-ში, რომლის ბმულსაც გაგიზიარებთ უახლოეს მომავალში. უზრუნველყოფილი იქნება კონფერენციის Facebook Live ტრანსლაცია "თბილისი პრაიდის" გვერდზე.
უზრუნველყოფილი იქნება კონფერენციის სინქრონული თარგმანი ქართულ და ინგლისურ ენებზე.
ღონისძიება ტარდება ილგა-ევროპის (ILGA-Europe) მხარდაჭერით